Accessibility links

logo-print

რა უშლის ხელს აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენას


აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენაამ ორი ქვეყნის ინტერესის საგნად რჩება. სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავებას, თავისთავად,

დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს მხარე ვერ დათანხმდება აფხაზეთის გავლით მიმოსვლის აღდგენას, სანამ აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესი წინ არ წავა და აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი არ გადაწყდება. ცენტრალური ხელისუფლების ეს პოზიცია ცნობილია. ამის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესაძლებლობაზე ინტენსიურად საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ რუსეთის და საქართველოს მხარეები სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. აქტიური მუშაობის შესახებ მსგავსი არაფერი იცის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ. მისი თქმით, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე საუბარს სერიოზული სახე ჯერ არ მიუღია.


ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას სხვადასხვა მხარეები სხვადასხვაგვარ იმედებს უკავშირებდნენ. მაგალითისთვის: ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ილია კლებანოვმა გამოთქვა იმედი, რომ პუტინის და შევარდნაძის შეხვედრა დადებით იმპულსს შეიტანს რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საქმეში. ასეთი იმედი ილია კლებანოვმა “რუსეთის სომხების კავშირის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გამოხატა. რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, ამავე კონფერენციაზე ილია კლებანოვს განუცხადებია, რომ რუსეთი და საქართველო აწარმოებენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია სარკინიგზო ხაზზე, რომლის ამუშავებაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მეზობელი სომხეთისთვის, მაგრამ რომელიც აფხაზეთზე გადის და რომლის აღდგენაც აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში სერიოზული ძვრების მიღწევამდე და აფხაზეთში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებამდე საქართველოს მხარეს წარმოუდგენლად მიაჩნია. ვგულისხმობ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, თორემ აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე აქტიურად მუშაობს აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის, აფხაზეთში კომუნიკაციების აღდგენისა და სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ილია კლებანოვის მიერ მინიშნებულ ინტენსიურ მოლაპარაკებებშიც, ალბათ, აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების პირადი წარმომადგენლების - აბაშიძის და ლოშჩინინის - სამუშო შეხვედრები იგულისხმება. უკანასკნელ შეხვედრაზე ხომ სწორედ აფხაზეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნისა და აფხაზეთის გავლით მიმოსვლის აღდგენის მიზანშეწონილობაზე იყო მსჯელობა. “რუსეთი მზადაა იმოქმედოს იმ სარკინიგზო ხაზის ამოქმედებისთვის, რომლის ამუშავებაც წერტილს დაუსვამს სომხეთის ბლოკადას, ჯერი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა.” – ეს ისევ ილია კლებანოვის სიტყვებია. საქართველოს ხელისუფლება კი ვალდებულია აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების მიზნით იმოქმედოს და არა რუსეთსა და მის კავკასიელ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოთხოვნით.
საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის აზრით, ამ სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე ლაპარაკი მაშინ, როცა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი ადგილიდან არ იძვრის და როცა აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ჯარი, მხარეთა დაშორიშორების პარალელურად, საქართველოს ტერიტორიების დაშორებას უწყობს ხელს, უზნეობაა.

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] “ როცა ვლაპარაკობთ სამშვიდობო პროცესზე, ადამიანთა კეთილდღეობაზე, ბუნებრივია, ტრანსპორტი ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ თუკი ამას განვიხილავთ იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც იქიდან იძულებით გამოყარეს, ამას უზნეობას ვუწოდებ. უზნეობის გარდა, ეს იქნება საშიში. საშიში ბერკეტი შეიქმნება, რომელიც რუსეთის სამხედრო წრეების ხელში იქნება დამატებითი ბერკეტი საკუთარი სურვილების განხორციელებისთვის.”

ორშაბათს თბილისში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ის აფხაზთა მხარემ ჩაშალა. მალხაზ კაკაბაძე ფიქრობს, რომ გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი ცალკეული სეპარატისტების მძევლად იქცა, რუსეთში კი იტოვებენ იმედს, რომ აფხაზეთზე გავლით სარკინიგზო ხაზის აღდგენა რუსეთის, სომხეთის და აფხაზების რეალური მოთხოვნაა.
XS
SM
MD
LG