Accessibility links

ასლან აბაშიძის პრობლემები


ასლან აბაშიძის პოლიტიკურ სახეს ქმნის მისი ორი ფუნქციის შეჯერება – ერთი მხრივ, ავტონომიის ლიდერობა და, მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარეობა.

ამ ორს შორის წამყვანი და არსებითია პირველი – ავტონომიის ლიდერის სტატუსი. სწორედ ავტონომიის ლიდერობას მოაქვს აბაშიძისთვის ძალაუფლება და ამ ძალაუფლებიდან გამომდინარე კეთილდღეობა. პარტია კი მხოლოდ დამხმარე რგოლია; პარტია იმისთვის არის საჭირო, რომ ასლან აბაშიძეს პირველი და ძირითადი სტატუსი გაუმყაროს, ანუ ხელშეუვალი გახადოს იგი ავტონომიის ლიდერის პოსტზე.


თავისთავად, დემოკრატიული აღორძინების კავშირი არ არის იმდენად ძლიერი და პოპულარული პარტიული ორგანიზაცია, რომ მან რაიმე როლი შეასრულოს ქვეყნის მართვაში – ვინმეს ხელი შეუწყოს ან ხელი შეუშალოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

სწორედ იმისათვის, რომ ასლან აბაშიძეს გაეძლიერებინა თავისი, როგორც პარტიული ლიდერის, ფუნქცია, მან საპარლამენტო არჩევნების წინ ბათუმში მიიწვია თბილისური პარტიები და ოთხი სუბიექტისგან ერთი საარჩევნო ბლოკი შექმნა. ასლან აბაშიძის ამგვარი გადაწყვეტილების მოტივი საზოგადოებისთვის ბუნდოვანი დარჩა. ცხადი იყო, რომ აბაშიძემ არა მხოლოდ აჭარის მოსახლეობის ხმები ჩამოურიგა სოციალისტებს, ტრადიციონალისტებს და პარტია “XXI საუკუნის” წევრებს, არამედ მათთვის არც საკუთარი ფინანსები დაუშურებია. საზოგადოება ვერ ხედავდა აჭარის ლიდერის ასეთი გულუხვობის საფუძველს, რადგან ის მანდატები, რომლებიც მოგვიანებით ხუთ საპარლამენტო ფრაქციაზე გადანაწილდა, ფაქტობრივად, მხოლოდ ასლან აბაშიძის რესურსით იყო მოპოვებული.

სინამდვილეში, აღორძინების ლიდერი მეტად პრაგმატულად მოქმედებდა. რამდენიმე პარტიის შემოკრებით აბაშიძემ ბათუმში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შექმნა, თავად კი - პარტიული ლიდერიდან პოლიტიკური ცენტრის ლიდერად გადაიქცა. ახალი პოლიტიკური ცენტრი, გეოგრაფიულად, აჭარის ავტონომიის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მას უმთავრეს ამოცანად ავტონომიაში არსებული თავისებური – ასლანდიური - წესრიგის და კანონმდებლობის დაცვა დაეკისრა. სწორედ ამ მიზნით დაიხარჯა ის თანხები, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაიღო ასლან აბაშიძემ, როგორც ბლოკის ლიდერმა. ღია ან ფარული შეთანხმების თანახმად, აკაკი ასათიანს, ვახტანგ რჩეულიშვილს და ვახტანგ ბოჭორიშვილს, თავიანთ თანაპარტიელებთან ერთად, პირველ ცენტრში, ანუ თბილისში, უნდა დაეცვათ აჭარის ავტონომიის და მისი ლიდერის ხელშეუვალობა. რამდენადაც ძლიერი იქნებოდა ასლან აბაშიძე, როგორც პარტიული ლიდერი, როგორც ალტერნატიული ცენტრისა და ბლოკის ლიდერი, იმდენად დაცული იქნებოდა იგი, როგორც აჭარის ავტონომიის მეთაური. აბაშიძის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო.

საარჩევნო ბლოკის შექმნიდან მესამე წელიწადი სრულდება. იმის მიხედვით, თუ რამდენად შეინარჩუნა ასლან აბაშიძემ პარტიული ლიდერობა, შეიძლება მსჯელობა მისი მთავარი სტატუსის – ავტონომიის ლიდერის - სიმყარეზეც. ბლოკი ფორმალურად ისევ არსებობს, რადგან მისი დაშლა არავის გამოუცხადებია. თუმცა ბლოკის სუბიექტებიდან აჭარის ლიდერის ინტერესებს პირველ პოლიტიკურ ცენტრში ამჟამად მხოლოდ აღორძინების პარტიული დეპუტაცია იცავს. სოციალისტებიც, ტრადიციონალისტებიც და ფრაქცია “XXI საუკუნის” წევრებიც ასლან აბაშიძის შესახებ მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობენ, თუმცა თავიანთი აწმყო საქმიანობით და სამომავლო გეგმებით უკვე მთლიანად პირველ ცენტრში არიან ინტეგრირებულნი.

პრობლემებია თავად დემოკრატიული აღორძინების კავშირში. თბილისის ორიგანიზაციის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თანამდებობა დატოვა და, საფიქრებელია, პარტიასაც დატოვებს. პრესის ვერსიით, თარგამაძის მიერ გათავისუფლებული პოსტიისთვის ჯონდი ბაღათურია და სანდრო ბრეგაძე იბრძვიან. ესე იგი, ერთ-ერთი უსათუოდ ნაწყენი დარჩება. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ “აღორძინება” დიდხანს ლობირებდა ვალერი გელბახიანს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ხოლო როდესაც ეს პოსტი, მართლაც, გათავისუფლდა, დაინიშნა “აღორძინების” წევრი, მაგრამ არა ვალერი გელბახიანი, არამედ სხვა: გაცილებით სუსტი ფიგურა – გოჩა პაიჭაძე. კომიტეტის ახალი თავმჯდომარე საგაზეთო ინტერვიუებში განცვიფრებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ასლან აბაშიძემ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. ვალერი გელბახიანი კი, ალბათ, უკვე განაწყენებულთა შორის უნდა ვიგულისხმოთ.

ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ასლან აბაშიძეს, როგორც პარტიულ ლიდერს, როგორც ბლოკის ლიდერს და როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ლიდერს, სერიოზული პრობლემები აქვს. ამ ვითარებაში უსათუოდ უნდა გავიხსენოთ ქვეყნის პრეზიდენტის ულტიმატუმიც ასლან აბაშიძის მიმართ: იგი უნდა ჩამოვიდეს თბილისში; წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსს აფხაზეთის საკითხის მოწესრიგებაში.

ამ პირობებში ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ასლან აბაშიძე, როგორც ავტონომიის ლიდერი, დღეს გაცილებით ნაკლებად არის დაცული, ვიდრე გასულ წლებში.
XS
SM
MD
LG