Accessibility links

logo-print

უკრაინაში გრძელდება ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიება


ანდრო ეული, პრაღა ორმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის თავმოკვეთილი გვამი ტყეში იპოვეს უკრაინის დედაქალაქის, კიევის შემოგარენში, მაგრამ ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.

ამ გახმაურებულმა მკვლელობამ წარმოუდგენლად შელახა უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ავტორიტეტი. კუჩმას პირადი მცველის, მაიორ მიკოლა მელნიჩენკოს მიერ საიდუმლოდ გაკეთებული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ღონღაძის მკვლელობაში თავად უკრაინის პრეზიდენტის ხელი ურევია.

კუჩმა უარყოფს ამგვარ მტკიცებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ხალხმა მოისმინა, ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა აქტიური კამპანია გააჩაღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ. 16 სექტემბერს, ღონღაძის გარდაცვალების მეორე წლისთავზე, რესპუბლიკაში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. მანიფესტანტები კუჩმას გადადგომას მოითხოვდნენ. იმავე დღეს, მელნიჩენკოს ჩანაწერის მოსმენისას, ისიც გახდა ცნობილი, რომ კუჩმას თანხმობით მოხდა უკრაინის რადარული სისტემის ”კოლჩუგას” მიყიდვა ერაყისთვის.

ღონღაძის მეუღლე, დედა, კოლეგები, აგრეთვე უკრაინელი და დასავლელი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ საზარელი მკვლელობის გამოძიება არაკომპეტენტურად მიმდინარეობს და განზრახაც ჭიანურდება.

ამერიკელმა ექსპერტებმა ოც შეკითხვაზე მოსთხოვეს უკრაინელ გამომძიებლებს პასუხის გაცემა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, ხოლო 3 ოქტომბერს ფრანგმა ექსპერტებმა ხელახლა დაიწყეს ღონღაძის გვამის შემოწმება.
ჟურნალისტის მოკვეთილი თავი დღემდე არ უნახავთ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სვიატოსლავ პისკუნმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა უწყებამ სერიოზული შეცდომები დაუშვა ღონღაძის მკვლელობის გამოძიებისას და თანამშრომლობა აღუთქვა ამ საქმეში ფრანგ და ამერიკელ კოლეგებს. პისკუნის თქმით, ეს შეცდომები განზრახ არ ყოფილა დაშვებული და არც ზემოდან ყოფილა ნაკარნახევი, არამედ რიგითი გამომძიებლების უნიათობითაა გამოწვეული.

პისკუნმა ეჭვქვეშ დააყენა მელნიჩენკოს ნათქვამი, თუ როგორ მოხდა კუჩმას სატელეფონო საუბრების ჩაწერა და დასძინა, რომ ალბათ უაღრესად სრულყოფილი აპარატურა იქნა გამოყენებული, და არა მაგნიტოფონი, რასაც მელნიჩენკო ამტკიცებსო. მელნიჩენკო ამბობს, რომ დივანის ქვეშ დამალა მაგნიტოფონი კუჩმას სამუშაო ოთახში.

ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ორმა წელმა განვლო ამ საზარელი მკვლელობიდან, მაგრამ დამნაშავის ვინაობის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG