Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ მწვანე შუქი მისცა ევროპის კავშირის გაფართოებას


ანდრო ეული, პრაღა 9 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ – ევროკომისიამ – გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება, რომელშიც ნათქვამია,

რომ კავშირში გაწევრიანების კანდიდატი 10 ქვეყანა მზად არის, დანიშნული ვადისთვის, დეკემბერში, დაასრულოს ოფიციალური მოლაპარაკებები და 2004 წელს გახდეს კავშირის წევრი. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია, კვიპროსი და მალტა.

ევროკომისიის საანგარიშო მოხსენებაში შეფასებულია ის პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყნებმა რომ მიაღწიეს უკანასკნელ წლებში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი, შესაძლოა, 2007 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები, თუ ამ ქვეყნებში დაჩქარდება რეფორმების განხორციელება. რაც შეეხება გაწევრიანების მეცამეტე კანდიდატს, თურქეთს, ევროკომისიის დასკვნით დოკუმენტში არ არის მოხსენიებული თარიღი, როდის უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ანკარასთან ევროკავშირში მისი მიღების თაობაზე. ამგვარი დაყოვნება იმით არის გამოწვეული, რომ, როგორც ევროკომისიას მიაჩნია, თურქეთში კვლავაც ირღვევა მოქალაქეთა უფლებები.

”ევროკავშირის გაფართოება დემოკრატიის განმტკიცებას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვას შეუწყობს ხელს ყოფილ კომუნისტურ აღმოსავლეთში; იმავდროულად, ეს სწრაფად მზარდი რეგიონი
ევროკავშირის ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის გახდება მთლიანად ხელმისაწვდომი” – ნათქვამია ევროკომისიის დასკვნით დოკუმენტში.

ევროკომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი მიესალმა ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას 2004 წელს ევროკავშირში 10 ახალი წევრი მიღების შესახებ: [რომანო პროდის ხმა] ”ვფიქრობ, კომისიისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა სულ ცოტა, განვლილი ხუთი წლის მანძილზე, ვინაიდან გაფართოება ჩვენი უმთავრესი მიზანი, ჩვენი სტრატეგიის ქვაკუთხედია.”

ევროკომისიის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებას ამ თვის დამლევს განიხილავენ ორდღიან შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები, ხოლო 12 და 13 დეკემბერს, კოპენჰაგენში, ოფიციალურად დამტკიცდება ხსენებული ათი ქვეყნის მიღება ევროკავშირში.
XS
SM
MD
LG