Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო ოფისი მთავრობას ტყუილში ამხელს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე გასულ კვირას დაწყებულ დისკუსიას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ახალი სიმძაფრე შესძინა.

ფინანსთა სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, ნათელი ხდება, რომ სექტემბრის თვის ბიუჯეტი გაირღვა.

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა პრეზიდენტს სექტემბრის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება უპატაკა. წინასწარი მონაცემების დაზუსტების შედეგად, ცოტა ხნის წინ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა გასული თვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა (გრანტების ჩათვლით) 2002 წლის სექტემბერში 84,5%-ით შესრულდა.

საბიუჯეტო ოფისი სახელმწიფო ხაზინის მონაცემებს ეყრდნობა. გოცირიძის თქმით, რეალურმა შემოსავლებმა, გრანტების ჩათვლით, სექტემბერში 69,4 მლნ ლარი, ანუ პროგნოზირებულზე 12,72 მლნ ლარით ნაკლები, შეადგინა. დანაკლისი 6,21 მლნ ლარი მოდის გრანტების წილზე, დანარჩენი 6,51 მლნ ლარი - საკუთარ შემოსავლებზე (მათ შორის, აჭარიდან გადმოურიცხავ თანხაზე).

ამასთან, შემოსავლები, გრანტების ჩათვლით, 8,6 მლნ ლარით აღემატება გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელს.
საკუთარი შემოსავლების გეგმა (გრანტების ჩაუთვლელად) 91,4%-ით შესრულდა - შემოსავლებმა 68,91 მლნ ლარი შეადგინა.
გრანტების ხაზით სექტემბერში ბიუჯეტში შევიდა 0,49 მლნ ლარი, ანუ გეგმის 7,3%.
მთლიანი საგადასახადო შემოსავლები 93,9%-ით არის შესრულებული - შემოსავლებმა 66,75 მლნ ლარი, დანაკლისმა კი 4,37 მლნ ლარი შეადგინა.
მთლიანი საგადასახადო შემოსავლები ცენტრალურ ბიუჯეტში შესრულდა 92,8%-ით - შემოსავლებმა 48,33 მლნ ლარი, დანაკლისმა კი 3,75 მლნ ლარი შეადგინა.

არასაგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 50,2%-ით. შემოსავლებმა 2,16 მლნ ლარი შეადგინა, ანუ პროგნოზირებულზე 2,14 მლნ ლარით ნაკლები.
სპეცფონდებში შემოსავლების გეგმა შესრულდა 96,7%-ით - გადაირიცხა 18,42 მლნ ლარი (ანუ 0,62 მლნ ლარით ნაკლები).
სახელმწიფო ხაზინის მონაცემები არ მოიცავენ ე.წ. “აჭარის თანხებს”, რომლებიც უნდა გადარიცხულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში, მაგრამ “ადგილებზე” დარჩა.
ეს მონაცემები ნათელყოფს, რომ, ფინანსთა სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, ბიუჯეტი გაირღვა. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მთავრობა ციფრებით მანიპულირებას ეწევა და რეალურ სურათს მალავს. საბიუჯეტო ოფისს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სეკვესტრზე მუშაობა, რათა კიდევ არ გაგრძელდეს საბიუჯეტო დავალიანებების დაგროვება, რაც, თავის მხრივ, მძიმე ტვირთად დააწვება 2003 წლის ბიუჯეტს და პარლამენტში ახლად შემოსულ პროექტს მკვდრადშობილ დოკუმენტად აქცევს.
XS
SM
MD
LG