Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების მორიგი ანტიკრიმინალური ეიფორია


პანკისის ხეობაში მშვიდად და წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარე ანტიკრიმინალურმა ოპერაციამ საქართველოს პოლიტიკურ წრეებს იმედი ჩაუსახა, რომ წარმატებული სპეცღონისძიების ჩატარებას სხვა

უკონტროლო ტერიტორიებზეც შეძლებდა. ოფიციალური თბილისის ამგვარმა ანტიკრიმინალურმა ეიფორიამ კინაღამ კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც 12 წელია გასულია საქართველოს იურისდიქციიდან. სააგენტო "კავკასპრესის" ინფორმაციით, 9 ოქტომბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეულმა საკონტროლო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ დაუშვებელია შერეული ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შეუთანხმებელი აქციის ჩატარება. თუმცა მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა ცხინვალის ზონაში არსებული კრიმინოგენური ვითარების მოწესრიგებაზე.


იმ დიდი მოლოდინის მიუხედავად, რაც პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებას უკავშირდებოდა, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია აღიაროს, რომ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელთა უმრავლესობამ წარმატებით შეძლო ხეობიდან გამოსვლა და საკუთარი შავი ბიზნესის გადარჩენა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, დანაშაულებრივი საქმიანობის ეპიცენტრმა, რომელიც განსაკუთრებით ნარკობიზნესთანაა დაკავშირებული, პანკისის ხეობიდან ცხინვალის რეგიონში გადმოინაცვლა.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების უკიდურესი გაუარესება დაადასტურა ჩვენთან საუბარში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნოდარ დალაქიშვილმა, რომლის სიტყვებითაც, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთი მიზნობრივი დანაშაული ჩამოყალიბდა:

[ნოდარ დალაქიშვილის ხმა] "მოპარული, დაყაჩაღებული მანქანების გადაყიდვის გზა. გამოინახა საშუალებები, დასაყრდენი სახით - ცხინვალი, სადაც ფორმდება ასეთი წარმომავლობის მანქანები დაუბრკოლებლად და შემდეგ ისევ აქეთ აყიდებენ მფლობელებს. შეყვანის ვარიანტები ძალიან ბევრია და ეს უკვე ორგანიზებული ჯგუფებია, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ." [სტილი დაცულია]

თუმცა დალაქიშვილი არ მალავს, რომ უცხოური მარკის მანქანები ცხინვალში სწორედ თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩადის. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, სწორედ საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც თავიანთი პასიურობით ჯერ ხელს უწყობენ კრიმინალური ოაზისების აღმოცენებას, შემდეგ კი გმირულად იბრძვიან მათ გასანადგურებლად.
დამნაშავეთა სამყაროს თავაშვებულობას საქართველოს სამართალდამცველები სხვადახვანაირ ახსნას უძებნიან.

[ნოდარ დალაქიშვილის ხმა] "ჩვენი არეალი ძალიან დიდია, დაახლოებით 110 კოლომეტრი კონფლიქტის ზონა - კასპის რაიონიდან ხაშურის რაიონის ჩათვლით - და ჩვენი ძალებით მთლიანად გადაკეტვა ვერ ხდება."

ამ სიტუციიდან გამოსავალს საქართველოს ხელისუფლება ისევ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებაში ხედავს. თუმცა, ვინაიდან კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი სპეცოპერაციის ჩატარება სამშვიდობო შეთანხმების დარღვევად მიაჩნიათ, ოპერაცია მხოლოდ სამხარეო პოლიციის ძალებით და მხოლოდ იმ რაიონებში ჩატარდება, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ნოდარ დალაქიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ადგილობრივი ქვედანაყოფები უკვე გაძლიერდა სპეციალური საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით. ამგვარად აღჭურვილი ჯგუფები ზოგიერთ მიმართულებაზე უკვე შეუდგნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გატარებას. მაგრამ იმ აჟიოტაჟის შემდეგ, რაც ყოფილ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ოფიციალური თბილისის კიდევ ერთ ხმაურიან ანტიკრიმინალურ ძალისხმევას მოჰყვა, ძნელი სათქმელია, მიაღწევს თუ არა დასახულ მიზანს ეს ოპერაცია, ან სად გადაინაცვლებს მომავალში კრიმინალური ეპიცენტრი.
XS
SM
MD
LG