Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის არმენ ხაჩატრიანის თბილისში ვიზიტის ჭრილში


სამშაბათს უკვე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა პრობლემები უკავშირდება სომხეთის, რუსეთის, აფხაზებისა და საქართველოს გარკვეული წარმომადგენლების მიერ აფხაზეთში სარკინიგზო

მაგისტრალის აღდგენის მოთხოვნას. ამ თემას დღესაც შევეხებით, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ არმენ ხაჩატრიანმა ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ძირითადი აქცენტი სწორედ სომხეთისთვის აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების მნიშვნელობაზე გააკეთა.

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის არმენ ხაჩატრიანის ოფიციალური ვიზიტი თბილისში საქართველოს პარლამენტში შეხვედრებით დაიწყო. მოგვიანებით შეხვედრა შედგა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან. სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ედუარდ შევარდნაძე ხუთშაბათს მიიღებს, ამავე დღეს არმენ ხაჩატრიანი ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს და ამ პრესკონფერენციაზეც და პრეზიდენტთან შეხვედრაზეც, ალბათ, აუცილებლად წამოიწევს წინ საკითხი, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მხედველობაში გვაქვს სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხი. ამ მაგისტრალის უმოქმედობის გამო სომხეთი ეკონომიკური ბლოკადის პირობებში რჩება, მის აღდგენას კი აფხაზეთის პრობლემის მოუგვარებლობა აფერხებს. სარკინიგზო ხაზის აღდგენის მოთხოვნით სომხეთი პერმანენტულად გამოდის და საქართველოს ხელისუფლებასაც ხშირად უწევს განმარტოს, რომ ეს საკითხი აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებამდე ვერ გადაწყდება. ასე მოხდა ხაჩატრიანის თბილისში ვიზიტის დროსაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თავის სომეხ კოლეგას აუხსნა, რომ საქართველო გაგებით ეკიდება სომხეთის პოზიციას, მაგრამ, ამავე დროს, ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი 300000 ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. ნინო ბურჯანაძის თქმით, “რკინიგზის აღდგენა მიზანშეწონილი იქნება, თუ ამ პროცესის პარალელურად დევნილების დაბრუნება დაიწყება, თუნდაც, გალის რაიონში 150000 ადამიანის შეყვანით. ბევრი რამ არის დამოკიდებული რუსეთზე, რომელიც, კონფლიქტის ინსპირატორის ამპლუაში გამოდის.“

ასეა თუ ისე, პრეტენზიები უფრო საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოითქმის, ვიდრე კონფლიქტის ინსპირატორის მისამართით. არმენ ხაჩატრიანმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას თქვა: “რკინიგზის ბლოკირებით სომხეთის ეკონომიკა დიდ ზიანს განიცდის, მაშინ, როცა, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ბლოკადა თავად აფხაზებს მაინცდამაინც არ აზარალებსო,” და მას შემდეგ რაც ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობაზე ისაუბრა, ქართველ კოლეგებს მოუწოდა გადაწყვიტონ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი. ანლოგიური მოწოდებით რუსეთის მხარეც გამოდის. შეგახსენებთ ილია კლებანოვის ნათქვამს, რომლის მიხედვით, რუსეთი მზადაა რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენისთვის და საკითხის გადაჭრა მხოლოდღა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

სრულიად ნათელია, რომ რუსეთის მხარე ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოსდა, სომხეთის ბლოკადის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყოს და არა რუსეთისა, რომელიც არათუ საქართველოსთვის, მოკავშირე სომხეთისთვისაც არ ირჯება. აღნიშნულის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძემაც და არმენ ხაჩატრიანმაც დაადასტურეს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკურ საკითხებში უთანხმოება არ არსებობს. და მაინც, ბურჯანაძემ საჭიროდ ჩათვალა განემარტა, რომ სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში გარკვეული სოციალური პრობლემებია შექმნილი და მეზობელი სახელმწიფოები მაქსიმალურდ უნდა შეეცადნენ არ მისცენ მესამე ძალას ამ პრობლემათა გამოყენების საშუალება.
XS
SM
MD
LG