Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ პატიმართა ექსტრადიციის სამართლიანობის შესახებ


საქართველოს საზღვრის დარღვევის ბრალდებით სამთვიან წინასწარ პატიმრობაში მყოფი 13 ჩეჩენი მოქალაქიდან ხუთის რუსული მხარისათვის გადაცემა საქართველოს გენერალურმა პორკურატურამ

ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე განახორციელა. ესაა ეგრეთ წოდებული საგარანტიო წერილი, რომელშიც რუსეთის გენერალური პორკურატურა პირობას დებს, რომ ჩეჩენი პატიმრების წამებას და მათდამი უკანონო მოპყრობას არ დაუშვებს. თუ გავითვალისწინებთ ჩეჩნურ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში არსებულ მკვეთრ რადიკალიზმსა და საერთაშორისო ორგანიზაციების, იმავე ევროსასამართლოს მიერ რუსეთის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების განსაკუთრებული სისასტიკის ზონად გამოცხადების ფაქტს, ეს წერილი ჩეჩენი მოქალაქეების რუსეთში ექსტრადირების მრავალრიცხოვან ოპონენტთა ფორმალურად დასაშოშმინებელი ფარატინა ქაღალდია მხოლოდ და სხვა არაფერი.


ის, რომ გენერალურმა პროკურატურამ ჩეჩენი პატიმრების რუსეთში უკანონო და ფორსირებული ექსტრადირებით სახელმწიფო დაკვეთა შეასრულა, არავისში ეჭვს არ იწვევს. თუმცა პოლიტიკური ამორალობის ფონზეც შესაძლებელია კომპრომისის, კომპრომისული საშუალებების გამონახვა და, სამწუხაროა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არც ამ კუთხით შეიწუხა თავი.
[ნანა კაკაბაძის ხმა]“წინა წელს, შარშან, სულ 16 ადამიანია გადაცემული. მე ვკითხე, რომ გარდა ამ წერილობითი დოკუმენტისა, მათ მოთხოვეს თუ არა რუსეთის მხარეს ეცნობებინა ამ გადაყვანილი პატიმრების ბედი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩვენ ასეთი რამ არ გადაგვიმოწმებიაო.”[სტილი დაცულია]
ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის,” ერთ-ერთი მათგანია, ვინც ჩეჩენი მოქალაქეების რუსეთის მხარისათვის გადაცემის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე, თანამოაზრეებთან ერთად, თითქმის სამი საათის განმავლობაში მოითხოვდა ჩეჩენი პატიმრების განსაკუთრებული რისკფაქტორის ჯგუფში მოაზრებას და მათ მიმართ გასატარებელი ნებისმიერი ღონისძიების ამ ფაქტორის გათვალისწინებით დაგეგმვას. გენერალური პროკურატურის სიხისტე არასამთავრობო ორგანიზაციათა ადამიანის უფლებათა დამცველ პათოსს, როგორც წესი, ვერ უპასუხებს ხოლმე და, ამდენად, ინტერესთა თანხვედრა თავიდანვე არ იყო მოსალოდნელი, ისევე როგორც არ იყო მოსალოდნელი კონკრეტული შედეგები და პრობლემისადმი ერთგვაროვანი ხედვა. მაგალითად, პროკურატურას კანონიერად მიაჩნია ჩეჩენ პატიმართა ექსტრადირება, მაშინ, როცა არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებში ფიქრობენ, რომ ექსტრადირებას არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნდა და სახელმწიფოს მიერ ინტერპრეტირებული და იგნორირებული იყო ამ სფეროში არსებული ყველა კანონი თუ ხელშეკრულება. დეკლარირებულად, ჩეჩენ პატიმართა რუსეთისათვის გადაცემა განხორციელდა მინსკის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, ჩვეულებრივ, რიგით კრიმინალთა გაცვლის წესებს არეგულირებს და, ლოგიკურად, არანაირად არ ვრცელდება ჩეჩნურ საკითხზე, რომელიც, სრულიად გარკვევით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ჩარჩოებში თავსდება. უშუალოდ კი იგულისხმება პუნქტი, რომელიც კრძალავს მსჯავრდებულთა ისეთ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მათ წამება და არაადამიანური მოპყრობის საშიშროება ელით. რუსეთი რომ ჩეჩენი მოქალაქეებისთვის სწორედ ამგვარ სახელმწიფოს წარმოადგენს, ამაზე, სამწუხაროდ, ორი აზრი არ არსებობს და საქართველოს არასამთავრობო სექტორს ექსტრადირებული ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეების დაცვის ერთადერთ საშუალებად რუსეთში მოღვაწე მონათესავე ორგანიზაციების ამ საქმეში ჩართვა ესახება. ნანა კაკაბაძე ამ ორგანიზაციათაგან უპირველესად ასახელებს “მემორიალს”, რომელსაც ჩეჩნების პრობლემაზე აქტიურად მომუშავე, ყოფილი დისიდენტი და პოლიტპატიმარი სერგეი კოვალიოვი ხელმძღვანელობს. თუმცა იმისათვის, რომ ქართველ და რუს უფლებათდამცველთა კავშირები ლოკალურად საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული ჩეჩენი მოქალაქეების დასახმარებლად ამოქმედდეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთი პროცედურა უნდა შეასრულოს. საქმე ეხება ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციათა თხოვნას, დადგინდეს გასულ წელს საქართველოდან რუსეთში გადაგზავნილი 16 ჩეჩენი პატიმრის ვინაობა, რუსეთში მოღვაწე უფლებადამცველებისათვის მასალის გადაგზავნის მიზნით. გენერალური პორკურატურა ამ სიის მოძიებაზე უარს, ფორმალურად, არ ამბობს, თუმცა ადმინისტრაციული კოდექსი, საჯარო ინფორმაციის გავრცელების ვადების პუნქტში, უკვე დარღვეულია.
XS
SM
MD
LG