Accessibility links

logo-print

გაიძარცვა მეოცე საუკუნის ქართული ქანდაკების საცავი


მეოცე საუკუნის ქართული ქანდაკების ფონდი აღარ არსებობს; 2002 წლის 30 სექტემბერს სრულიად გაიძარცვა საქართველოს ეროვნული გალერეის ქანდაკების საცავი.

ამ ვანდალურ აქტს გამოეხმაურა საქართველოს მხატვართა კავშირი, რომელმაც, სამხატვრო აკადემიის რექტორატთან ერთად, ღია წერილით მიმართა ედუარდ შევარდნაძეს, ნინო ბურჯანაძესა და ავთანდილ ჯორბენაძეს.

“ეს სამარცხვინო ფაქტი მოხდა არა მტრების ურდოების შემოსევის შედეგად, იგი ჩვენივე თანამემამულეების ქმედებაა, რომელთაც არ ესმით ხელოვნების მნიშვნელობა და ხელოვნების ნაწარმოებს აღიქვამენ როგორც ჯართს, როგორც გამორჩენის საშუალებას,” – ნათქვამია წერილში, რომელიც მხატვართა კავშირმა და სამხატვრო აკადემიამ ხელისუფლებას გაუგზავნა მას შემდეგ, რაც მთლიანად გაიძარცვა ეროვნული გალერეის ქანდაკების საცავები; 30 სექტემბერს უცნობმა პირებმა გაიტაცეს ბრინჯაოს ქანდაკებები, რომლებიც კულტურის სამინისტრომ ეროვნული გალერეისთვის შეისყიდა. ხელისუფლების მისამართით გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მძარცველებმა არა მარტო გაიტაცეს ბრინჯაოს ქანდაკებები, არამედ გაანადგურეს სხვა მასალაში შესრულებული ნამუშევრებიც. მხატვართა კავშირის წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რას აკეთებდა ამ დროს ეროვნული გალერეის დაცვა, მაინც როგორ მოხერხდა თბილისის ცენტრში შენობის მთლიანი გაძარცვა. მხატვართა კავშირი ხელისუფლებას შეახსენებს “მხატვრის სახლის” დანგრევას 1991/92 წლის ზამთარში და ხაზგასმით აცხადებს, რომ გალერეის გაძარცვა ლოგიკური გაგრძელებაა იმ მოვლენებისა, რომელიც “მხატვრის სახლის” უკანონო მიტაცებითა და სხვისთვის გადაცემით დაიწყო. მხატვრები ხელისუფლებისგან ისევ მოითხოვენ თანამედროვე ხელოვნების კომპლექსური ცენტრის დაარსებას. მკითხველისთვის, რომელიც მხატვრების “ღია წერილს” გაეცნო, გაუგებარი რჩება: თუკი მხატვრები და, პირველ რიგში, ხელისუფლება ეროვნული გალერეის, მუზეუმების უსაფრთხოებას ვერ იცავენ, რა გარანტიაა, რომ “მხატვრის სახლი” თუ “თანამედროვე ხელოვნების ცენტრი” მძარცველებისთვის შეუვალი გახდება... ისიც უცნაურია, რომ მხატვართა კავშირი ხელოვნების ნაწარმოებების მოტაცებისა და განადგურების სათავეს “მხატვრის სახლის” დანგრევაში ხედავს. ვანდალიზმი, კერძოდ კი, ხელოვნების ნაწარმოებების განადგურება, რომელსაც ტაში და პოლიტიკურ ლიდერთა აღფრთოვანება ახლდა, დაიწყო 1991-92 წლის მოვლენებამდე, როცა ბრბომ სწორედ პოლიტიკური ლიდერების დაკვეთით გაანადგურა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობის უნიკალური ბარელიეფები. მას შემდეგ ხელოვნების ნაწარმოებს საქართველოში ბევრი აღიქვამს როგორც “ჯართს”... და როცა არც ხელისუფლებას გააჩნია ხელოვნების დაცვის სურვილი, საეჭვო ხდება, რომ ვერც ხელისუფლება განასხვავებს ხელოვნებას ჯართისაგან.
XS
SM
MD
LG