Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყოველთაო არჩევნები პაკისტანში


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, ათ ოქტომბერს, პაკისტანში საყოველთაო არჩევნები გაიმართა, რაც პირველად მოხდა 1999 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ,

როცა ხელისუფლების სათავეში გენერალი ფერვეშ მუშარაფი მოექცა. ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში არჩევნების დაწყების წინ მუშარაფმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო მთავრობისთვის აპირებს ხელისუფლების გადაცემას. თუმცა იმ ფაქტმა, რომ მუშარაფმა ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბენაზირ ბჰუტოს და კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებებით საკუთარი უფლებამოსილებანი გააფართოვა, პაკისტანელები დაარწმუნა იმაში, რომ მუშარაფს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება აქვს განზრახული სამოქალაქო მმართველობის ჩარჩოებში.

ასამდე პოლიტიკური პარტია ეცილება ერთმანეთს ადგილებს ეროვნულ პარლამენტსა და 4 პროვინციულ საკრებულოში. ორიოდ საათი იყო გასული საარჩევნო უბნების გახსნიდან, როცა ურთიერთმოქიშპე პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის ატეხილი სროლის შედეგად სინდჰის პროვინციაში 1 ადამიანი იქნა მოკლული. მეორე, ჭრილობების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა.

ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ფუნჯაფის პროვინციის დაბა მულტანში კამათი სროლაში გადაიზარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასეთივე წაკამათებისას, მულტანის შემოგარენში – 3 ადამიანი დაიჭრა.

თუმცა, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ძალადობა არჩევნების დღეს პაკისტანში სულაც არაა იშვიათი მოვლენა.

ჩაუშვა რა თავისი ბიულეტენი საარჩევნო ყუთში, პრეზიდენტმა მუშარაფმა ქალაქ რავალპინდიში ჟურნალისტებს უთხრა: ”ძალაუფლება – არჩეულ მთავრობას, გამარჯვებულ პარტიას გადაეცემაო”.

არჩევნებთან დაკავშირებით პაკისტანში მრავლად არიან ჩასული საერთაშორისო მეთვალყურეები. ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საყოველთაო არჩევნების მსვლელობისას პაკისტანში დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

ქვეყანაში უშიშროების საგანგებო ზომები იქნა მიღებული ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფებების მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმებთან დაკავშირებით. ეს დაჯგუფებები აღშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ფერვეზ მუშარაფი შეერთებულ შტატებს მიემხრო მეზობელ ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ომში.

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, მუშარაფის მომხრე პარტიებსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრების, ბენაზირ ბჰუტოსა და ნავაზ შარიფის პარტიებს, თანაბარი შანსები აქვთ არჩევნებში გამარჯვებისა. ბჰუტოსა და შარიფს ფერფეზ მუშარაფმა აუკრძალა ქვეყანაში ჩასვლა. არჩევნებში წარმატების შანსი აქვს ისლამისტთა კოალიციას – ერთიანი ქმედების ფორუმსაც, რომელშიც 6 რელიგიური პარტიაა გაერთიანებული. არჩევნების წინასწარი შედეგები პარასკევს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG