Accessibility links

logo-print

რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედება?


ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, სომხეთის ეროვნული საკრებულოს თავმჯდომარემ არმენ ხაჩატრიანმა ხაზგასმით აღნიშნა მისი ქვეყნისთვის აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის

ამოქმედების მნიშვნელობა. ერევანში ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის უმოქმედობის გამო სომხეთს, ფაქტობრტივად, ეკონომიკური ბლოკადის პირობებში უხდება ცხოვრება.

ბოლო ხანს სომხეთში მართლაც ბევრს საუბრობენ სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავებაზე. საუბრობენ სომხეთის ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინათ ეს საკითხი განხილვის საგანი იყო “რუსეთის სომხების კავშირის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელზეც, თავად ამ კავშირის ხელმძღვანელებისა და წევრების გარდა, სიტყვა წარმოთქვა რუსეთის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ილია კლებანოვმა. კლებანოვმა იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმირ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის კიშინიოვში გამართული შეხვედრა დადებით იმპულსს შეიტანს რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების საქმეში.

ილია კლებანოვმა ისიც დასძინა, რომ ამ თემაზე მოსკოვსა და თბილისს შორის უკვე მიმდინარეობს კიდეც “ინტენსიური მოლაპარაკება”. თუმცა, საქართველოს მხარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფაქტს უარყოფს. მეტიც, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე საერთოდ უზნეობად მიიჩნევს სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე საუბარს მაშინ, როცა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი ადგილიდან არ იძვრის; ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, რკინიგზის ამოქმედების პარალელურად დევნილთა სამშობლოში დაბრუნების პროცესი უნდა დაიწყოს.

იმის გასარკვევად, რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის რკინიგზის ამოქმედება და რამდენად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას მაგისტრალის უმოქმედობა, ერევანში დავურეკე რადიო “თავისუფლების” სომხური რედაქციის ეკონომიკურ მიმომხილველს ატომ მარქარიანს.

[ატომ მარქარიანის ხმა] “აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზების გახსნა სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. ეს ქვეყნისთვის სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა იქნებოდა, რაც მას ეკონომიკური თვალსაზრისით დიდ სიკეთეს მოუტანდა. ექსპერტთა გაანგარიშებით, ტვირთების შემოვლითი გზებით ტრანსპორტირება სომხეთის მრეწველობას საშუალოდ 35-40 პროცენტით უფრო ძვირი უჯდება. განსაკუთრებით ზარალდება ის დარგები, რომელთა საქმიანობა დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვას უკავშირდება. იზრდება საქონლის ფასები, იკლებს ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ზედმეტია იმის თქმა, რომ სომხეთი მოუთმენლად ელის მაგისტრალის აღდგენის საკითხის დადებითად გადაჭრას.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისი გაგებით ეკიდება სომხეთის ამ სავსებით ბუნებრივ სურვილს, მაგრამ, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, არ აპირებს ამ საკითხის განხილვას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყებამდე. ატომ მარქარიანთან საუბარში დავინტერესდი, ხომ არ იწვევს გაღიზიანებას თბილისის ასეთი პოზიცია სომხეთის საზოგადოებაში, სამთავრობო წრეებში.

[ატომ მარქარიანის ხმა] “სომხეთში გაგებით ეკიდებიან საქართველოს წინაშე აფხაზეთში მდგარ პრობლემებს. სომეხი მეწარმეები ცდილობენ, ბიზნესის რაციონალიზებით, შემოვლითი სატრანსპორტო გზების ოპტიმალურად გამოყენებით, მინიმუმამდე შეამცირონ ის უარყოფითი ეფექტი, რომელსაც აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზების უმოქმედობა იწვევს. მაგრამ საქართველოს მიმართ რაიმე მკვეთრ გაღიზიანებაზე – მთავრობაში იქნება თუ საზოგადოებაში – ლაპარაკი ზედმეტია.”

ბოლოს ისევ რუსეთის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრის გამოსვლას მინდა დავუბრუნდე. ილია კლებანოვის თქმით, რუსეთი მზად არის იმოქმედოს იმ სარკინიგზო ხაზის ამოქმედებისთვის, რომლის ამუშავებაც წერტილს დაუსვამს სომხეთის ბლოკადას. ჯერი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეაო, დასძინა კლებანოვმა “რუსეთის სომხების კავშირის” კონფერენციაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG