Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო და ბიზნესი საქართველოში ერთმანეთთან გაუცხოებულია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვერაფერს ან თითქმის ვერაფერს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ბიზნესმენებისათვის ნორმალური სამეწარმეო გარემოს შესაქმნელად, თავის მხრივ,

არც მეწარმეები გამოირჩევიან დიდი სოციალური აქტივობით და ვერ ახერხებენ ხელისუფლების პროვოცირებას ამ გარემოს გასაუმჯობესებლად. საბოლოოდ, ეს დამოკიდებულება აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

საქართველოში სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის დამოკიდებულებას შეიძლება დიდი გაუცხოება ეწოდოს. სახელმწიფოს - უკეთ კი, ხელისუფლებას - ბიზნესის და ბიზნესმენების მიმართ წმინდა მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს. არც მეწარმეები გამოირჩევიან მაინცდამაინც დიდი საზოგადოებრივი აქტიურობით და ხელისუფლებას, მართალია, პერიოდულად სთხოვენ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მაგრამ ეს თხოვნა და პროტესტის სხვადასხვა ფორმა უფრო ხშირად ვიწრო ფინანსური ინტერესებიდან მომდინარეობს.

ამ ათიოდე წლის წინ, სოციალისტური ფორმაციის შეცვლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩნდა ტერმინი ”წითელი დირექტორები”. ეს ტერმინი იმ კერძო მესაკუთრეებს გულისხმობდა, რომელთაც ქონება მათი ძველი ადმინისტრაციული საქმიანობის წყალობით გაუფორმდათ საკუთრებად. ”წითელ დირექტორებს” საბაზრო ეკონომიკის პირობებში არც სათანადო ცოდნა გააჩნდათ და არც თავისუფალ ბაზარზე ოპერირების გამოცდილება და საქმიანობას, ძირითადად, ძველი საბჭოური მეურნეობის პრინციპებით აგრძელებდნენ. მართალია, შემდგომ პერიოდში მოხდა ამ კასტის რეფორმაცია, - ზოგი ბიზნესს ჩამოშორდა, ზოგმა ალღო აუღო ახალ ურთიერთობებს, - მაგრამ თავად დამოკიდებულება სახელმწიფოსა და საკუთარი ბიზნესის მიმართ დღემდე შემორჩენილია.

ქართველ სოციოლოგებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მენტალიტეტში ძევს. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია შენიშნავს: ”ჩვენთან ასეთი პოზიციაა: სახელმწიფოს ვაბრალებთ პრობლემებს და ვამბობთ, რომ ცუდი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ძალიან ცოტას ვაკეთებთ იმისათვის, რომ სახელმწიფო ასეთი არ იყოს. ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობა პრობლემაა. ქართველებს არ გვჯერა, რომ ჩვენი მონაწილეობით ჩვენს მიერვე შექმნილი ფანტომი შევცვალოთ ...”[სტილი დაცულია]

საქართველოში მეტ-ნაკლებად წარმატებულ ბიზნესმენად ითვლება ის, ვისაც ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან მიესვლება და მზის ქვეშ ადგილი აქვს დამკვიდრებული. ჩამოყალიბებულია აზრი, რომ აქ ვერაფერს სერიოზულს ვერ მიაღწევ, თუ ე.წ. ”კრიშა” არა გაქვს, ან ქრთამით არა გაქვს მოფენილი სახელისუფლებო კორიდორები.
არადა, მეწარმე თავის თავში მოიცავს რისკს და მაქსიმალური მოგების სურვილით მართვის უნარ-ჩვევებს. თავისი არსით, ბიზნესმენი დამოუკიდებელი უნდა იყოს ხელისუფლებისაგან და, პირიქით, ხელისუფლებას უნდა აიძულებდეს იყოს ქმედითი ბიზნესგარემოს გასამარტივებლად.

ჩვენთან, სამწუხაროდ, პირიქით ხდება. ცალკეული გამონაკლისების და კორპორაციული ლობირების გარდა, ძნელად თუ მახსენდება შემთხვევები, რომ მეწარმემ თავისი უფლებების დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად შეძლოს და ბოლომდე იბრძოლოს თავისი კანონიერი უფლებებისათვის. საქართველოში ამგვარი პრობლემები სხვაგვარად წყდება.
ეს სოციალური აპათია და ნიჰილიზმი, საბოლოოდ, ბადებს იმ გაუცხოებას, რაც დღეს არსებობს, და შობს იმგვარ ეკონომიკას, რომელსაც პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ ”ნეკროეკონომიკა” უწოდა.
XS
SM
MD
LG