Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

s-75 ტიპის რაკეტების უტილიზაციის პროექტი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ოქტომბრის დასაწყისში საქართველოსა და ნატოს შორის ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი სარაკეტო სისტემების განადგურებასა და გარკვეული ტერიტორიების განაღმვასა

და რადიაციულ ფონზე მათ შემოწმებასთან დაკავშირებით. მე გავესაუბრე საქართველოს სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორის მოადგილეს სამეცნიერო ნაწილში, დევი ფირცხალავას, რომელიც სარაკეტო სისტემების უტილიზაციის პროექტს ხელმძღვანელობს.

სარაკეტო სისტემების უტილიზაციის პროექტით გათვალისწინებულია s-75 ტიპის სამასზე მეტი რაკეტის განადგურება. მათი ნაწილი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში, მეორე ნაწილი კი -თბილისის მახლობლად. დევი ფირცხალავას თქმით, [ფირცხალავას ხმა] “ პირველ რიგში, მოეწყობა საუტილიზაციო ბაზა, რომ შესაძლებელი იყოს უტილიზაციის ნორმალურად განხორციელება. მოგეხსენებათ, რომ რაკეტებს სჭირდება დაშლა, გაუვნებელყოფა, ფეთქებადი ნივთიერებით აღჭურვილი ქობინების მოხსნა და ცალკე განთავსება. გარდა ამისა, მათში მელანჟის სახით ნაწილობრივ დარჩენილია სითხე და მისგან გაწმენდაა საჭირო”.

აღსანიშნავია, რომ s-75 ტიპის თითოელი სარაკეტო კომპლექსი 16 მანქანაზეა დამონტაჟებული და, უშუალოდ რაკეტების გარდა, გადააქვს კვების წყარო, რადარი, მართვის პუნქტი და სხვა მოწყობილობები. ეს კომპლექსი შეიარაღებაში აღარ გამოიყენება, რადგან მორალურად დაძველებულია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1960 წელს სწორედ s-75 ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი u-2 სვერდლოვსკის თავზე.

დავუბრუნდეთ რაკეტების უტილიზაციის პროექტს, რომლის ამოქმედება მომავალი წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი. ამჟამად ცენტრ “დელტაში” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დევი ფირცხალავა ამბობს: [ფირცხალავას ხმა]
“ჩამოსული იყო ნატოს ექსპერტი, რომელიც გაეცნო ჩვენი ცენტრის შესაძლებლობებს, კვალიფიკაციასა და გამოცდილებას. შარშან ჩვენ s-200 ტიპის რაკეტების უტილიზაცია ჩავატარეთ, მართალია, სრული მოცულობით არა, მაგრამ მოვახერხეთ 46 მძლავრი რაკეტის უტილიზება”.

პროექტში ცენტრ “დელტას” მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალია ჩართული, მათთან ერთად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იმუშავებენ; მოწვეულები არიან აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქიმიის ინსტიტუტისა და სამთო ინსტიტუტის სპეციალისტები. [ფირცხალავას ხმა] “რაკეტების უტილიზებასთან ერთად განვახორციელებთ ტერიტორიების ბიოქიმიურ შესწავლას და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს ამ ტერიტორიების აღდგენის შესახებ – განისაზღვრება მოქმედების გეგმა იმისათვის, რომ ეს მიწა მოსახლეობას დაუბრუნდეს”.

საინტერესოა ისიც, რომ სამთო ინსტიტუტის სპეციალისტები იმუშავებენ ფეთქებადსაშიში ნივთიერებების გადამუშავებაზე სამრეწველო დანიშნულებით მათი შემდგომი გამოყენებისთვის.

პროექტის დაფინანსება ნატოს მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მხარდაჭერით მოხდება. დევი ფირცხალავა აღნიშნავს, რომ სამუშაო ადამიანის ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, ამიტომ, ბუნებრივია, მაღალანაზღაურებადიც უნდა იყოს.

სიძნელეებთან დაკავშირებით პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაოების დაგეგმილ დროში –ერთი წლის განმავლობაში -დამთავრება კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული, რადგან
s-75 ტიპის რაკეტები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ, ველის პირობებშია, განთავსებული.
XS
SM
MD
LG