Accessibility links

logo-print

გამორიცხულია თუ არა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს, აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფალთა არაერთგზის გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ეჭვი, რომ საქართველო შეიძლება, ერაყზე სამხედრო იერიშის მიტანისას რუსეთის

მხარდაჭერის წილ, აშშ-მა ამ ქვეყანას დაუთმოს, ბოლომდე არ გაქარწყლებულა. მით უმეტეს, თუ "დათმობა" არ ნიშნავს მაინცდამაინც თბილისის დაბომბვას. გამორიცხულია თუ არა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე?

საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნები, შეიძლება ითქვას, ერთმანეთისგან ეთნიკური ნიშნით განსხვავდება: ერთს ამბობენ ქართველი ანალიტიკოსები, მეორეს – რუსი ექსპერტები. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო თვენახევრის მანძილზე გამოთქმულ მოსაზრებებს თემაზე “გაცვლის თუ არა ამერიკა ერაყში საქართველოს”, შევნიშნავთ: პასუხები სწორედ იმის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იძლევა მათ. ქართველი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერაყის ხელისუფლებაზე სამხედრო იერიშის მისატანად არ სჭირდება რუსეთის თანხმობა, ის უფრო ევროპელ მოკავშირეთა მხარდაჭერას საჭიროებს. რუსი მიმომხილველების აზრით, ერაყში საქართველოს დახურდავება სავსებით შესაძლებელია, რადგან ამერიკისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის თუნდაც უსიტყვო თანხმობა სამხედრო ოპერაციის წამოსაწყებად. პოლიტიკის ქართველი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებობს და იზრდება ამერიკის სტრატეგიული ინტერესი; აქედან გამომდინარე, ის არ დაუშვებს ამ რეგიონის უსაფრთხოების დარღვევას. ამერიკის ინტერესის არსებობას არც რუსები უარყოფენ, მაგრამ დასძენენ, რომ ამ ინტერესის რეალიზება სულაც არ ნიშნავს ამერიკის მცდელობას, განდევნოს რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან და, კერძოდ, საქართველოდან. ამერიკელი სამხედროების საქართველოში გამოჩენა მოასწავებს არა ამერიკელებით რუსეთის სამხედრო ნაწილების ჩანაცვლებას, არამედ რუსებთან ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე და მთლიანად რეგიონში. ქართველი დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ თუ ასეთი ურთიერთქმედება შესაძლებელია, მხოლოდ შედარებით მოკლე ვადით, ვთქვათ, სანამ საქართველო გლობალური ანტიტერორისტული ოპერაციის კონტექსტის მიღმა აღმოჩნდება. რუსების მტკიცებით, ამერიკა არ ეწინააღმდეგება მათი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიულ ინტერესსა და ყოფნას საქართველოში, მით უმეტეს, თუ ეს ფაქტია: სამშვიდობო ძალები ცხინვალსა და აფხაზეთში, შტაბი თბილისში, აეროდრომი გუდაუთაში, ბაზები ბათუმსა და ახალქალაქში. ვერც ერთ მათგანს ოფიციალური თბილისი ვერ გაბედავს შეეხოს, რადგან სეპარატისტულ რეგიონებში გარდაუვალია სისხლის ღვრის განახლება, ხოლო ჯავახეთსა და აჭარაში – დაძაბულობა. რუსები ფიქრობენ, რომ მათი ბაზები კიდევ დიდხანს იქნება საქართველოში. საქართველოს სურს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს მათგან.

ასეთ წანამძღვრებს ეფუძნება რუსი ანალიტიკოსების ბოლოდროინდელი დასკვნებიც: ჯარის შეყვანა საქართველოში რუსეთს არ სჭირდება – ისედაც ჰყავს. აი, პანკისის ხეობის დაბომბვას და რუსული დესანტის გადასხმას ხეობასთან უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად, ვაშინგტონი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეიძლება დასთანხმდეს, მით უმეტეს, თუ სამხედრო ოპერაცია არ იმსხვერპლებს მშვიდობიან მოსახლეობას. ქართველ ექსპერტებს, ჯერ ერთი, მაღალი აზრი არა აქვთ საქართველოში განლაგებულ რუსეთის ბაზებზე, მეორეც, უბრალოდ, დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთ-ამერიკის ვაჭრობა საქართველოს საკითხზე არ მიმდინარეობს. მესამე, დავუშვათ და, მართლაც დაიწყო რუსეთმა სახმელეთო ოპერაცია პანკისთან. როგორც ლაკონიურად განმიცხადა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა კაციტაძემ [კაციტაძის ხმა]: “თუ დაიწყებენ, დაინაყებიან!” და იქვე დასძინა, რომ დაწყების თავი რუსებს არა აქვთ.
XS
SM
MD
LG