Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი პატრულირება


რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი პატრულირება? ეს კითხვა კიშინიოვის სამიტის შემდეგ, ფართო საზოგადოებასთან ერთად,

თბილისში დარჩენილ სახელმწიფო მოხელეებსაც გაუჩნდათ. ახლა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსის გარკვევას ქართველი და რუსი სამხედრო მოხელეები ცდილობენ. მოსკოვში საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას სტუმრობის შემდეგ თბილისს რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

პარალელურად, მოსკოვში იმყოფება საქართველოს სასაზღვრო ძალების შტაბის მეთაური კორნელი სალია, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს რუს სამხედროებთან. თბილისში კი რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მთავარი შტაბის მეთაურის მოადგილე გენადი ლოგინოვი და სასაზღვრო უწყების კოლეგიის წევრი ალექსანდრ მანილოვი.

მათ სამუშაო კონსულტაცია ჰქონდათ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დელეგაციასთან, რომელსაც სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ- მაიორი დავით გულუა ხელმძღვანელობს. უფრო მოგვიანებით რუსეთის დელეგაცია საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვალერი ჩხეიძესაც შეხვდა. ქართული და რუსული მხარეები საკონსულტაციო შეხვედრებს 11 ოქტომბერსაც გააგრძელებენ და ვალერი ჩხეიძესთან საბოლოოდ შეათანხმებენ ოქმის პროექტს, რომელიც ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამ ოქმს საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურების პირველი პირები ხელს მოაწერენ ერევანში, 17-18 ოქტომბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავარი მესაზღვრეების შეხვედრაზე. როგორც ჩანს, სწორედ ეს ოქმი დაედება საფუძვლად რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი პატრულირების ინიციატივას. დღემდე ნათლად არავის აქვს წარმოდგენილი, თუ როგორ განხორციელდება ერთობლივი პატრულირება. თავად საზღვრის მთავარ დამცველს ვალერი ჩხეიძეს პუტინისა და შევარდნაძის შეთანხმება რუსეთ-საქართველოს საზღვრის გაძლიერების შესახებ ასე ესმის:

[ჩხეიძის ხმა] „აი, ეს არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების. აქ პატრულირებაც შედის, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის საკითხებიც შედის, უამრავი საკითხებია, რომელთა დარეგულირება დაევალებათ ამ ჯგუფებს, ანუ შეიმუშაონ მექანიზმი, ამიტომ ეს პანაცეა არ არის პატრულირება. პატრულირება არის ელემენტი იმ მთელი სპექტრისა ღონისძიებების, რაც ჩადებულია ამ ფორმულირებაში.“[სტილი დაცულია]

ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყების ამოცანა სახელმწიფო საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთების გაძლიერებაა. ამ მთავარი ამოცანის შემადგენელი ნაწილი, ერთობლივი პატრულირება კი, ჭადრაკის დაფის მსგავს სისტემას წარმოადგენს. მაგალითად, ქართული ნაწილების მიერ დაცულ საზღვრის მონაკვეთს რუსი მესაზღვრეები აღარ იცავენ და, პირიქით, რუსი სამხედროების მიერ გამაგრებულ მონაკვეთს ქართველი მესაზღვრეები აღარ გააკონტროლებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასე უფრო ეფექტური გახდება ორი ქვეყნის საზღვრის დაცვა. თუმცა ვალერი ჩხეიძე მაინც ეჭვს გამოთქვამს. 10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ჩხეიძემ განაცხადა, რომ:

[ჩხეიძის ხმა] „რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის დელეგაციის ჩამოსვლა ეს არის ლოკალური ღონისძიება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რაღაც ამ ეტაპზე, თუ გნებავთ, პოლიტიკური კუთხითაც, იმ პრობლემათა საკითხი, რომელიც დგას დღეს სახელმწიფო საზღვარზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ დელეგაციის ჩამოსვლა და შემუშავება ერთობლივი ღონისძიებების გეგმისა შემდგომში არ გააუმჯობესებს საზღვართან არსებულ პრობლემატიკას, თუ ამას არ ექნება სათანადო მხარდაჭერა.“[სტილი დაცულია]

ჩხეიძე ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს, მესაზღვრეები რუსებთან ერთად საზღვრის გასამაგრებლად დამატებით 2 მილიონ ლარს ითხოვენ, თუმცა ფინანსთა სამინისტრო იმის გაცემასაც ვერ ახერხებს, რაც ბიუჯეტშია გათვალისწინებული, და სასაზღვრო უწყებას მხოლოდ 70 პროცენტით თუ აკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG