Accessibility links

logo-print

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და საქართველოს ბავშვები


ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე, 10 ოქტომბერი, საქართველოში წელს სპეციფიკურად ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით აღინიშნა.

გაიმართა საგანგებო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო სოციალურ-ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი “ნდობა”. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება ერთპიროვნულად არც ერთ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურას არ ხელეწიფება და გამოსავალი მხოლოდ პარტნიორობაშია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კონფერენცია საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებში ტრავმისა და ძალადობის ზეგავლენის ფაქტებსა და პრევენციულ ღონისძიებებს მიეძღვნა. როგორც გამოიკვეთა, ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივ, არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა და ეს სიმძიმე თავლნათლად ჩანს სტატისტიკაშიც. გამოკითხვა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ 9-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარდა. კვლევის შედეგად მიღებული ზოგადი სურათით, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 43 პორცენტი ცხოვრებით უკმაყოფილოა და თავს უბედურად გრძნობს. უბედურების მიზეზთაგან კი, პირველ რიგში, ისინი ასახელებენ დასჯას, თავისუფლების ნაკლებობას და კამათსა და უთანხმოებას ოჯახის წევრებთან. გამოკითხულ ბავშვთა 53 პროცენტის თქმით, ოჯახში ადგილი აქვს ძალადობას და აგრესიულობას, რაც, უმეტესწილად, ყვირილსა და ცემაში გამოიხატება. ოჯახური ძალადობის სოციალურ პრობლემასთან უშუალოდაა დაკავშირებული ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველოში დატრიალებული სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმები, რომელთა შედეგია ის, რომ საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქართველოს მოსახლეობა “ტრავმირებულადაა ” აღიარებული. როგორ გრძნობენ ასეთ ვითარებაში თავს ბავშვები, რომლებიც, კულტურულად და ტრადიციულად, საქართველოში სიყვარულისა და მზრუნველობის უმთავრეს ობიექტებად განიხილებიან როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში? ისევ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით თუ ვიხელმძღვანელებთ, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 50 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ უკეთესი ცხოვრება ექნებათ, ვიდრე მათ მშობლებს. აქვე უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობა, ალბათ, მშობლების დარად, უნდობლობას უცხადებს ქვეყნის პირველ პირს, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ასე გამოიყურება არაკეთილსაიმედო სახელმწიფო სტრუქტურების პირველი სამეული, რომელსაც ბავშვები ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ადანაშაულებენ. ამას დავძენთ, რომ გამოკითხულ ბავშვთა 62-მა პროცენტმა არაფერი იცის თავისი უფლებების შესახებ, რაც სამოქალაქო დეფიციტია და რაც, ალბათ, დროთა განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების მომძლავრების პარალელურად, აღმოიფხვრება. საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა დაცვის სფეროში საქართველოში უკვე ძალზე დიდი თეორიული ცოდნა დაგროვდა. დავასახელებთ თუნდაც კონფერენციის მასპინძელი არასამთავრობო ორგანიზაციის - სოციალურ-ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ ”ნდობის” მიერ ადაპტირებულ მოდელებს, რომლებმაც იოკოჰამაში, იაპონიაში გამართულ ფსიქიატრიის მსოფლიო კონგრესზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ასეთ ფონზე კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს “ნდობის” ხელმძღვანელის, ვეტა ლაზარაშვილის განცხადება ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების სავალდებულო ურთიერთკოორდინაციის შესახებ.

[ვეტა ლაზარაშვილის ხმა] “ძალადობის ალტერნატივა არის მხოლოდ სიყვარული და პარტნიორობა”.
XS
SM
MD
LG