Accessibility links

რუსეთი “ალ-ყაიდას” კვალს კვლავ პანკისში ეძებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იმის დასაზუსტებლად, თუ რა ფორმით უნდა შესრულდეს კიშინიოვის დსთ-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმება, – შეგახსენებთ, შევარდნაძე-პუტინის შეხვედრისას გადაწყდა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო

საზღვრის ერთობლივი პატრულირება, – 10 ოქტომბერს თბილისში რუსეთის დელეგაცია ჩამოვიდა. პარალელურად, რუსეთის სპეცსამსახურები კვლავინდებურად აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიას თავს აფარებენ არა მხოლოდ ჩეჩენი მებრძოლები, არამედ “ალ-ყაიდას” წარმომადგენლებიც. უფრო მეტიც – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, პანკისის ხეობაში მოწყობილ მებრძოლთა მოსამზადებელ ბანაკებს სწორედ “ლ-ყაიდა” აფინანსებდა.


9 ოქტომბერს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის უშიშროების სამსახურის ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა არკადი ედელევმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული მომზადების სპეცბანაკების არსებობა. რუსეთის სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციით, წელს სექტემბრამდე დუისსა და ცინობალში ჩეჩენი მებრძოლები მომზადების ინტენსიურ კურსს გადიოდნენ. ამ სწავლებას კი, რუსი გენერლის განცხადებით, ბინ-ლადენთან დაახლოებული პირი, იორდანიის მოქალაქე აბუ ხაფსი აწარმოებდა. სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 5 მილიონს ჰპირდება იმ პირს, ვინც ამერიკის სპეცსამსახურებს აბუ ხაფსის ადგილსამყოფლის შესახებ აცნობებს.
უკვე ამერიკული წყაროების ცნობით, ის, რომ პანკისის ხეობაში მოქმედ მებრძოლთა ბანაკების დაფინანსება “ალ-ყაიდას” მეშვეობით ხდებოდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ახალი ამბავი არ არის. 10 ოქტომბერს ვაშინგტონში გამოქვეყნებულ განსაკუთრებით საშიშ ადამიანთა სიაში აბუ ხაფსის სახელს “საპატიო” მეორე ადგილი უკავია. როგორც 10 ოქტომბერს ჩიკაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა, ამერიკაში მოქმედი საქველმოქმედო ფონდი Benevolence International Foundation-ი, ამერიკის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში გაფანტულ ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებდა. კერძოდ, 2000 წლის ოთხი თვის განმავლობაში ამერიკული ბანკის, Citibank-ის, დახმარებით თბილისში, ბაქოში, მოსკოვსა და რიგაში გადაირიცხა 685 560 დოლარი. საქართველოში თანხის მიმღები იყო ორგანიზაცია Georgian Relief Association, რომელსაც მარატ ავლარიგოვი ხელმძღვანელობს. წელს, მარტში, ფედერალური დაზვერვის სამსახურმა საქართველოს ხელისუფლებას ამ გადარიცხვების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებაში დახმარების თხოვნით მიმართა, რაც გაკეთდა კიდეც. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ასეთი ბანაკი პანკისის ხეობაში ნამდვილად არსებობდა.
რა მდგომარეობაა დღეს პანკისის ხეობაში? – ამის გასარკვევად ოქტომბრის ბოლოს ხეობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური კომისია ეწვევა. როგორც გახსოვთ, ბოლო სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, გადაწყდა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პანკისის ხეობის მიზეზით შექმნილი სიტუაციის გასარკვევად მნიშვნელოვანი იქნებოდა ევროპელ პარლამენტართა დელეგაციის ადგილზე ჩასვლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვა. ასე რომ, თუ ვინმე მოულოდნელად პანკისში აბუ ხაფსს წააწყდება, 5 მილიონიანი ჯილდო გარანტირებული ექნება.
XS
SM
MD
LG