Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წარმოადგენს არჩევნები საქართველოში და რამდენად მიზანმიმართულია ბრძოლა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ


2 ივნისის ადგილობრივი არჩევნები, არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით, უპრეცედენტოდ მიაჩნიათ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, რომელმაც საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული

არჩევნების შედეგების შესწავლა 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგების შემოწმებით დაიწყო, გამოააშკარავა, რომ ეს არჩევნები ამა თუ იმ გამოკვეთილი პოლიტიკური ძალის მიერ არ გაყალბებულა, რომ ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე მუშაობდა ფული და მისი გაყალბება შეეძლო ყველას, ვისაც გაყალბების სურვილი და საშუალება ჰქონდა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი არჩევნების გამყალბებლების გამოვლენის პროცესში ყველაზე ძლიერ წინააღმდეგობას საკუთარი კოლეგებისგან - პარლამენტარებისგან - ელოდა და ასეც მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გაყალბება საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების დრამატურგია - ვგულისხმობთ ამ არჩევნების გაყალბების დრამატურგიას - არჩევნების დამკვირვებლებზე დღემდე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ადგილობრივი არჩევნების თბილისის, ქუთაისის და ფოთის შედეგების გადამოწმებისას გამოვლენილი უმძიმესი დარღვევების მიუხედავად, მათ უჭირთ ამ არჩევნების გაყალბების სრული სურათის წარმოდგენა. ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევნების გაყალბების სიმძიმის ერთ-ორ პოლიტიკურ ძალაზე დაკისრება შეუძლებელია. საქმეში ჩახედული პირები ერთხმად ადასტურებენ, რომ 2 ივნისის არჩევნები მეტ-ნაკლებად ყველა გამარჯვებული კანდიდატისთვის და ძალისთვის გაყალბდა, ხოლო თუ როგორ მოხდა ეს გაყალბება, ამის საილუსტრაციოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ ქუთაისის ნომერ 59 ოლქის მე-100 უბნის გადათვლის შედეგად გამოვლენილ ციფრებს მოვიშველიებ: დავით ბენიძეს 22629 ხმა ჰქონდა მითვლილი; საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 22629 ხმიდან 2061 უკანონოდ იყო მითვლილი. გიორგი ასათიანის სასარგებლოდ 1937 ზედმეტ ხმას უმუშავია, ბონდო შალიაკიანის სასრგებლოდ - 1039 - ს და ასე შემდეგ. ქუთაისის შედეგების შემოწმებამ ცხადყო, რომ გაყალბების პროცესს გვერდი საკრებულოში გასულმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ აუარა. ეს არის, რომ ცდომილება ზოგიერთისთვის 1000 ზე მეტია, ზოგისთვის კი 540 ან 227.

რა მოხდა თბილისში, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რადგან ხმების ხელახალი დათვლის პროცესი თბილისში ჯერ არ დასრულებულა, თუმცა აქ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს საარჩევნო სიების არ არსებობა და არამარტო ეს. თუ ქუთაისის და ფოთის შემთხვევაში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ეგიდით მოქმედმა ხმების დამთვლელებმა იცოდნენ, რომ ამა თუ იმ ტომარაში მოთავსებული დოკუმენტაციის სახით ამა თუ იმ კონკრეტული უბნის შედეგებთან ჰქონდათ საქმე, თბილისის შედეგების გადამოწმებისას, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აწარმოებს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დასწრებით, სხვადასხვა უბნების დოკუმენტაციის აღრევაა გამოვლენილი. ეს ფაქტი თბილისის საკრებულოს არჩევნებზე წარმოებული პროცესის მიზანმიმართულ უთავბოლობას კიდევ უფრო ნათელს ხდის. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი დავით ყიფიანი ფიქრობს, რომ, გაყალბების თვალსაზრისით, თბილისის საკრებულოს არჩევნები, ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების ფონზე, ყველაზე მასშტაბური იყო, იმდენად მასშტაბური, რომ არ შეიძლება ის ჩატარებულად ჩაითვალოს.

ანალოგიური დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგვცემს საქართველოს სხვა ქალაქებისა და რაიონების შედეგების შემოწმებაც. ერთგვარი გამოსავლისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზა. ინიციატივის არსია: 2 ივნისის არჩევნებით უფლებაშელახულ პირებს მიეცეთ საშუალება სასამართლოს გზით აღიდგინონ უფლებამოსილება. უფრო ცხადად ამ ინიციატივის მიზანს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი ჩამოაყალიბებს.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] “ფოთის გადამოწმებამ, მინიმუმ, 3 კაცის გამარჯვების კანონიერება დააყენა ეჭვქვეშ, ქუთაისის შემოწმებამ - მინიმუმ, ერთი კაცის. ამიტომ იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება გამხდარიყვნენ ფოთის თუ ქუთაისის საკრებულოს წევრები, მიეცეთ საშუალება სასამართლოს გზით აღიდგინონ უფლებამოსილება. ხომ ვიღაცის სასარგებლოდ მუშაობდა ეს ყველაფერი. ამიტომ, სასამართლოს გზით, ეს ვიღაც საკრებულოდან უნდა გამოვიდეს და მისი ადგილი უნდა დაიკავოს სხვამ, ვისი უფლებებიც შელახა 2 ივნისის ადგილობრივმა არჩევნებმა.”

საგამოძიებო კომისიის ამ ინიციატივის განხილვა პარლამენტში ზედიზედ რამდენჯერმე გადაიდო და, ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, პროცესის შეფერხება ადგილობრივი არჩევნების არსებული შედეგებით დაინტერესებული პარლამენტარების წინააღმდეგობამ განაპირობა. ეს მოსალოდნელი იყო. არასამართლიანი არჩევნების სასარგებლოდ არჩევანი სწორედ პარლამენტარებმა გააკეთეს; მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა ამ პარლამენტში შეიქმნა და არა სხვაგან; შესაბამისად, სამართლიან და არასამართლიან არჩევნებს შორის არასამართლიანი არჩევნებისკენ გადახრა პირველ რიგში ისევ პარლამენტარებმა გამოავლინეს. საგამოძიებო კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა 10 ოქტომბერს დაიწყო. საგამოძიებო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ადგილობრივი არჩევნების შედეგების გადახედვის დაშვებას ყველაზე აქტიურად “გაერთიანებული დემოკრატები “ და “ახლები” დაუპირისპირდნენ.
XS
SM
MD
LG