Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა მიათვალონ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობა?


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს საქართველოში ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ასეთივე აღწერა მიმდინარეობს რუსეთშიც. აღწერა ხანგრძლივი პროცედურაა და მოიცავს რამდენიმე ეტაპს,

რომელთა გადალახვისას ირკვევა, რომ ის უკავშირდება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ პოლიტიკასაც. მაგალითად, რუსეთის მოსახლეობის აღწერამ არ მოიცვა რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. შეგახსენებთ, 2002 წლის გაზაფხულზე რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს de jure შემადგენელი ამ რეგიონების მკვიდრთათვის შეიმუშავა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესი, რასაც, კარგა ხანია, ამაოდ აპროტესტებს საქართველო. და აი, აღმოჩნდა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები ათიათასობით ადამიანი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, არ მიათვალეს ამ ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვს. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

მოსკოვი არ ცნობს თავის უკანონო შვილებს; რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებს უნდა ესმოდეთ, რომ მოსკოვი ოფიციალური თბილისის მიერ გაუკონტროლებელ ამ ტერიტორიებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის იყენებს. - ასეთი ფრაზებით შეეგება რუსული მედია აღმოჩენას, რომ მოსახლეობის აღწერისას აღმწერებმა რუსეთის მოქალაქეთა რიცხვს არ მიათვალეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ის პირები, რომელთაც ამა წლის გაზაფხულზე გამარტივებული წესით მიანიჭეს რუსეთის მოქალაქეობა.

მოსახლეობის აღწერა წელს საქართველოშიც მიმდინარეობს. ე.წ. საველე სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა მონაცემებს ამუშავებენ. საბოლოო შედეგები მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. რა თქმა უნდა, მოსახლეობის აღწერა ვერ მოხერხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია. თუმცა აღწერა ჩატარდა კოდორში და ცხინვალის რეგიონთან პირობით საზღვარზე განლაგებულ ქართულ სოფლებში. აღწერეს, აგრეთვე, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ ბერიძემ (აღწერას სწორედ მისდამი რწმუნებული უწყება უძღვებოდა) განმიცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონებში მოსახლეობის შესახებ გარკვეული ცოდნა ნამდვილად არსებობს [ბერიძის ხმა]: “ეს დახურული ინფორმაციაა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ. საქართველოში მცხოვრებთა საერთო რაოდენობაში ის ხალხი აუცილებლად მოხვდება, მაგრამ მათ შესახებ არ გვექნება სტრუქტურული ცოდნა, მაგალითად, არ გვეცოდინება, რამდენია დასაქმებული, რამდენი – დაუსაქმებელი, განათლებული და ა.შ. უბრალოდ, რაოდენობა გვეცოდინება. პირობითად გეტყვით, რომ ორივე რეგიონში 215 ათასია. დავუშვათ, მთლიანად აღიწერა 4 მილიონ 500 ათასი; ჩვენ განვაცხადებთ, რომ საქართველოში 4 მილიონ 700 ათასი ადამიანია”.

ასე რომ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრთ, საქართველოსთან ერთად, ჯერჯერობით რუსეთიც საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში, არ მიათვლის რუსეთის მოქალაქეთა რიცხვს და არ იჭრება ამ რეგიონებში მათ აღსაწერად. თუმცა, რუსული მედიის, კერძოდ, “ნეზავისიმაია გაზეტა”-ს ცნობით, ორივე რეგიონის მოსახლეთა რაოდენობა 250 ათასს აჭარბებს. აქედან 2/3-ზე მეტი უკვე რუსეთის მოქალაქეა. კაცმა რომ თქვას, პრინციპული (ან, მით უმეტეს, პოლიტიკური) მნიშვნელობა არა აქვს ფაქტს, რომ რუსებმა საქართველოს de-jure მკვიდრნი არ ჩათვალეს თავიანთ მოქალაქეებად. გასული საუკუნის 70-ან წლებში ჩინეთში ჩატარებული აღწერისას თავდაპირველად საერთოდ გამორჩათ ერთი პროვინცია, რომელშიც 70 მილიონი კაცი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG