Accessibility links

logo-print

ამერიკელი კანონმდებლები ჯორჯ ბუშს ერაყთან ომის სფეროში მხარდაჭერას უცხადებენ


ამერიკის შეერთებული პარლამენტის ორივე პალატამ თანადგომა გამოუცხადა ჯორჯ ბუშს, თუკი პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, დაიწყოს ომი ერაყის წინააღმდეგ.

წარმომადგენელთა პალატის 269 წევრი მიემხრო ამგვარ რეზოლუციას, 133 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო სენატში, სამხედრო მოქმედების უფლებამოსილების დოკუმენტს 77-მა წევრმა მისცა ხმა, ხოლო 23 არ დაეთანხმა მასში გამოთქმულ აზრს.
ამერიკელი კანონმდებლების უმრავლესობა იმ აზრისაა, რომ სადამ ჰუსეინი საშიშროებას წარმოადგენს, რადგან მას მასობრივი განადგურების იარაღი აქვს. მათივე თანახმად, ბაღდადმა ეს იარაღი იხმარა მეზობელი ქვეყნების და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, და არ არის გამორიცხული, რომ შეერთებულ შტატებზეც მიმართოს. ოპონენტებს სხვა აზრი აქვთ. ისინი არ თვლიან საჭიროდ სისხლის ღვრას და ომის დაწყებას ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ზოგიერთმა მათგანმა დაიმოწმა კონგრესისადმი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ჯორჯ ტენეტის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ნაკლებად სავარაუდოა სადამ ჰუსეინმა პირველმა გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი, თუკი ამის პროვოცირება გარედან არ მაწყვეს.
კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ჯორჯ ბუშს უფლებას აძლევს, იმ შემთხვევაში, თუკი გაერო პასიური იქნება, დაიწყოს სამხედრო მოქმედება. ამასთან რეზოლუცია გაეროსგან მოითხოვს, ახალი გადაწყვეტილება მიიღოს განიარაღების ინსპექტორების ერაყში მუშაობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ბუში ვალდებულია, 48 საათის განმავლობაში, თუკი ომს დაიწყებს, კონგრესს განუმარტოს, რომ ადმინისტრაციამ ყველა დიპლომატიური საშუალება ამოწურა და არა დარჩენოდა რა.
დებატები ამერიკის კონგრესში სამ დღეს გაგრძელდა. სენატში უმრავლესობა აქვთ დემოკრატებს და თავიდან კაცი იფიქრებდა, რომ ისინი ბუშის სურვილს, ომის დაწყების უფლებამოსილება მოიპოვოს, წინ აღუდგებოდნენ. დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა სენატში, ტომ დეშლმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამერიკის ერთსულოვნება და ამიტომაც ვაძლევ ხმას რეზოლუციასო. მას მისმა კოლეგამ და თანაპარტიელმა, სენატორმა რობერტ ბირდმა, რომელიც სხვა პოზიციაზე იყო, მადლობა უთხრა დეშლს, გონივრული გადაწყვეტილებისთვის. შეერთებული შტატების კონგრესში ვიეტნამის ომის მონაწილეებიც არიან. ერთ-ერთი მათგანი, რენდი კანინგემი ვიეტნამში მფრინავად მსახურობდა. მისი გამოსვლისი აზრი ასეთი იყო: ამერიკელებს ომი არ სურთ, მაგრამ ისიც არ იქნება სწორი, ისინი ომის საშინელების მოწმე გავხადოთ მათივე ქვეყანაშიო. ამიტომ მიემხრო კანინგემი რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს სამხედრო მოქმედების უფლებას აძლევს უცხო ქვყნის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG