Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი დათბობა რუსეთ-საქართველოს შორის ერთობლივი პატრულირებითა და სპეცტექნიკის გადმოცემით გვირგვინდება


თავის ყოველწლიურ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს გვერდი არც კიშინიოვის სამიტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის

გააქტიურებული თანამშრომლობისთვის აუვლია. თუმცა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო არ აპირებს მოიწვიოს რუსეთი პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. მაგრამ როცა ლაპარაკია საზღვრის ერთობლივ პატრულირებაზე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროები ანტიტერორისტული ხაზით პარალელურ ოპერატიულ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო საქართველოს უშიშროების სამინისტრომ, პირველად ათი წლის განმავლობაში, რუსი კოლეგებისგან საჩუქრად სპეცტექნიკა მიიღო, ძნელი არ არის იმის განჭვრეტა, რომ თანამშრომლობის ასეთი მოდელი, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად მოითხოვს ერთობლივი ძალისმიერი აქციის ჩატარებასაც.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე თავს იმტვრევენ იმაზე, თუ როგორი დეფინიცია მოიფიქრონ ტერმინისათვის "ერთობლივი პატრულირება", რომელიც ქართველი და რუსი პოლიტიკოსების ლექსიკონში კიშინიოვის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის შემდეგ გაჩნდა. ყველა, ვისაც სახელმწიფო უშიშროებაზე პასუხისმგებლობა ევალება, არ იღლება იმის განმეორებით, რომ ერთობლივი პატრულირება საქართველოს ინტერესებში შედის და თანამშრომლობის ეს ფორმა სულაც არ ნიშნავს, რომ რუსი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას მიიღებენ.

[გენერალ ვალერი ჩხეიძის ხმა] "ესენი[რუსები-კ.ლ.] პატრულირებას ახორციელებენ თავიანთ ტერიტორიაზე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ტერიტორიაზე. ვუთანხმებთ დროს ერთმანეთს, ვცვლით ინფორმაციებს სიხშირეების შესახებ, დათქმული გვაქვს წერტილი საზღვრის მონაკვეთზე, სადაც შევხვდებით და ინფორმაციას გავცვლით, თუ პატრულირების მხარეს ჩვენ რა დავინახეთ და იმათმა რა დაინახეს."[სტილი დაცულია]

როგორც საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ასევე ესმის ერთობლივი პატრულირების იდეა რუსეთის მხარესაც. ამასვე ადასტურებს ოქმი, რომლის პროექტი რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა - გენერალ-ლეიტენანტმა გენადი ლოგინოვმა და გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ მანილოვმა წარმოადგინეს და რომელსაც ხელი 17 ოქტომბერს უნდა მოეწეროს.

მაგრამ საქმეც ის არის, რომ ასეთი მჭიდრო კონტაქტი ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის ადრეც არსებობდა და იგი რუსეთის მხარის ინიციატივით ცალმხრივად შეწყდა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, რომ მხარეები ხშირად უმალავდნენ ერთმანეთს ოპერატიულ ინფორმაციებს და, მეორეც, ასეთი თანამშრომლობა, თუ ის მხოლოდ საზოგადოების თვალის ახვევას არ ემსახურება, მაინც საჭიროებს შეთანხმებულ ძალისმიერ მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის დარღვევა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფის მიერ განხორციელდა.

გარდა ამისა, სხვა ფაქტებიც მოწმობენ, რომ საქმე, უბრალოდ, ინფორმაციების გაცვლით არ ამოიწურება. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური საქართველოს უშიშროების სამინისტროს სულ მალე ძვირად ღირებულ ოპერატიული დანიშნულების სპეციალურ აღჭურვილობას გადმოსცემს. ნიშანდობლივია, რომ იგორ გიორგაძის მინისტრობის შემდეგ ეს რუსეთის მხრიდან პირდაპირი დახმარების პირველი შემთხვევაა.

თუმცა აქ ზუსტი ანალოგიები არ იგულისხმება. უფრო სავარაუდოა, რომ ანტიტერორისტული ხაზით კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში იქმნებოდეს გარკვეული სამკუთხედი - ვაშინგტონი-მოსკოვი-თბილისი - და მოსკოვის ეს კონსტრუქციული ჟესტი, შესაძლოა, სწორედ ამ სამმხრივი თანამშრომლობის პირველი გამოძახილი იყოს, რაზეც ჩვენთან საუბარში საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამაც მიანიშნა:

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ჩვენ ამ თემატიკას არ ვეხებოდით, ისევ მონაწილე მხარეების თხოვნით. მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ სპეცსამსახურებს შორის სამმხრივი თანამშრომლობა უკვე კარგა ხანია დაწყებულია. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ არ ჩამოვრჩენილვართ, - პირიქით. თუმცა რა რისი გამოძახილია, ეს უკვე სხვა თემატიკაა."

ასე რომ, საქართველოსა და რუსეთის ძალოვან სამინისტროებს შორის უფრო ფართო თანამშრომლობა იწყება და, თუკი იგი შედეგიანი იქნება პირველ ეშელონზე - საზღვრის დაცვისა და სპეცსამსახურების ხაზით, ბუნებრივია, რომ საქმე არ უნდა მივიდეს ერთობლივ სამხედრო ოპერაციამდე. ეს კარგად ესმის რუსეთს და ამიტომ აღარც ითხოვს კორიდორს ჩეჩნეთზე სახმელეთო იერიშების წამოსაწყებად. საკითხავი ის არის, თუ რატომ კეკლუცობს საქართველოს ხელისუფლება, როცა ყველაფერი დღესავით ნათელია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG