Accessibility links

logo-print

პარლამენტში დებატები ჩაიშალა


საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში, როგორც ჩვენი წინა სიუჟეტის შესავალში გაუწყეთ, კიდევ ერთი რიგითი დემარშის საბაბი გახდა.

დემარშის ინიციატორი და შემსრულებელი იყო საქართველოს პარლამენტის ხუთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელთაც, პროტესტის ნიშნად, დებატების გახსნისთანავე დატოვეს დარბაზი. დემარში, მონაწილეთა განმარტებებით, სპონტანურად დაიგეგმა და მისი მიზეზი გახდა საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება, რომელიც ოპოზიციამ რეალობასთან შეუსაბამოდ, საზოგადოების სისხლხორცეულ პრობლემებთან არაადეკვატურად და ზერელედ მიიჩნია.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის განახევრების ანუ ხუთი ოპოზიციური ფრაქციის მიერ სხდომათა დარბაზის დემონსტრაციულად დატოვების გამო, ფრაქცია 21-ე საუკუნის წარმომადგენელმა ელიზბარ ჯაველიძემ ირონიულად შენიშნა: შევარდნაძის გაზრდილები არიან ყველანი, თვალებში ვეღარ უყურებენ და სხვა გზა არ რჩებოდათ, დემარშის გარდაო. მართალია, დარბაზში დარჩენილმა ელიზბარ ჯაველიძემ, თავის მხრივ, პრეზიდენტ შევარდნაძეს პირადადაც არ დააკლო შეურაცხმყოფელი ეპითეტები, მაგრამ უფრო საგულისხმოდ მაინც მისი ზემოხსენებული შენიშვნა მიგვაჩნია. თუ რატომ, ამას დემარშის მონაწილეთა პარტიულ-ფრაქციული წარმომავლობა ნათელყოფს: დარბაზიდან გასულ ხუთეულში შედიან ზურაბ ჟვანიას “გაერთიანებული დემოკრატები”, მიხეილ სააკაშვილის “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის”, დავით გამყრელიძის “ახალი მემარჯვენეები”, აკაკი ასათიანის “ტრადიციონალისტი” და, ბოლოს, დემარშის ყველაზე მოულოდნელი და ძნელად პროგნოზირებადი მონაწილე ვაჟა ლორთქიფანიძე, ფრაქციით “ახალი აფხაზეთი-ქრისტიან-დემოკრატი”. ამ ხუთეულის გაერთიანება, სხდომათა დარბაზში ასევე სპონტანურად გავრცელებული სხვადასხვა ვერსიით, პრეზიდენტის კანცელარიასა და რუსეთის სპეცსამსახურებს მიეწერა და იმპროვიზაციები ამ თემაზე, ალბათ, არც იყო გასაკვირი. სხვა საკითხია, რომ თურმე საქართველოს პარლამენტის ეს ოპოზიციური ფრთა პრეზიდენტისგან რევოლუციურ იდეებსა და წინადადებებს მოელოდა და ამ მოლოდინის გაცრუება აღმოჩნდა სწორედ მოუთმენელი.
[ზურაბ ჟვანიას ხმა]“ ერთი მხრივ, პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო სრული იგნორირება, სრული დემონსტრაციული იგნორირება ყველა იმ საკითხების, რაც ჩვენი მხრიდან, საზოგადოების მხრიდან იქნა დასმული ბოლო თვეების განმავლობაში. მე ვგულისხმობ ძალადობას არჩევნების დროს, მე ვგულისხმობ პოლიტიკის ტოტალური კრიმინალიზაციის სრულიად აშკარა ტენდენციას პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან, მე ვგულისხმობ იმ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც არის ქვეყანაში, თუნდაც იმ ფაქტს, რომ მეხუთე თვეა თბილისის საკრებულოს შეკრება არ ხდება და მრავალ სხვა საკითხს, რომელიც ძალზე მწვავედ დგას საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე.”
ამ ჩამონათვალის გაგრძელებაში ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე, თავის მხრივ, მონიშნავს საქართველოს ბიუჯეტის 110 მილიონი ლარის ოდენობის გარღვევასა და პრეზიდენტის პარტიის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ძალადობას პედაგოგებისა თუ ექიმების მიმართ, პარტიაში მათი გაწევრიანების მიზნით.
კიდევ უფრო შორს მიდის ექსტრემიზმით ცნობილი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საზოგადოებას ექსტერნად სთავაზობს ახალ პოლიტიკურ მოდელს, ფორმატით – ყველა ერთის წინააღმდეგ ანუ ყველა პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ. რამდენად უთანასწორო იქნება ეს ბრძოლა, თითოეული ჩვენგანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ დემარში კონკრეტული შედეგითაც აღინიშნა: ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ხელოვნურად დაქსაქსვის პროცესი დასრულდა და შესაძლებელი გახდა კოორდინაცია, როგორც მომავალი მყარი გაერთიანების საფუძველი.
არის თუ არა დემარში ამგვარი ოპტიმიზმის სანდო წყარო, მომავალში გამოჩნდება. პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, ორ-სამ თვეში აღმასრულებელი ხელისუფლების ოპტიმიზაციის პირველი ეტაპის დასრულებას აპირებს.
XS
SM
MD
LG