Accessibility links

logo-print

ლეგენდარული ”ბიტლზის” ფოტოსურათების აღმოჩენა


ორმოცმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ოთხმა ახალგაზრდა ლივერპულელმა მუსიკოსმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და პოპ-მუსიკის ისტორიაში ის ადგილი დაიმკვიდრა,

რომელსაც ბოლო ათწლეულების მანძილზე შექმნილი თუ დაშლილი, ალბათ, ყველა პოპ-ჯგუფი შეჰნატრის.

და აი, ამ დღეებში ”ბიტლზი” (საუბარი კი, როგორც მიხვდებოდით, სწორედ ”ბიტლზზეა”) ისევ დგას ყურადღების ცენტრში: მიზეზი ამჯერად ის გახლავთ, რომ შოტლანდიის ქალაქ დანდის უნივერსიტეტში მიაკვლიეს ინგლისელი მუსიკოსების აქამდე უცნობ ასობით ფოტოსურათს.

კაცმა რომ თქვას, საქმე ნამდვილ აღმოჩენას არც ეხება: 1970 წელს დანდის უნივერსიტეტის არქივმა ფოტოჟურნალისტ მაიკლ პეტოს ოჯახისგან საჩუქრად მიიღო კოლექცია, რომლის შესახებ არქივის დირექტორი, პატ უოტლი ამბობს:

[პატ უოტლის ხმა] ”30 წელია, ეს კოლექცია გვაქვს, მაგრამ ის ძალიან დიდია. თავს უყრის 120-დან 130 ათასამდე სურათსა და ნეგატივს. ”ბიტლზის” ფოტოსურათები კი უმეტესწილად ნეგატივებია. ამიტომ, ვიდრე დიგიტალურ ფორმატში მათს გადასაყვან ფულს ვიშოვიდით, ზუსტად არც კი ვიცოდით, ”ბიტლზის” რომელი სურათები გვქონდა. მოკლედ, ვიცოდით, რომ გვქონდა, მაგრამ არ ვიცოდით, რა გვქონდა. ამას წინათ, სურათები დიგიტალურ ფორმატში გადავიყვანეთ და შესაძლებლობა მოგვეცა, მათ გავცნობოდით, გვენახა, რამდენად მაღალი ხარისხისაა ისინი.”

ლაპარაკია შავ-თეთრ ფოტოსურათებზე, რომლებზეც გამოსახულია ლეგენდარული ჯგუფის ოთხივე წევრი: ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი, კინოფილმის ”ჰელპის” გადაღების დროს.

მუსიკა Help

”Help!” – ”ბიტლზის” რიგით მეორე მხატვრული ფილმი – ეკრანებზე 1965 წელს გამოვიდა. ფილმის გადაღების დროს ფოტოსურათების გადაღების შესაძლებლობა კი მიეცა ჩვენი სიუჟეტის დასაწყისში მოხსენიებულ მაიკლ პეტოს – უნგრელ ფოტოჟურნალისტს, რომელიც ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის დროს გადასახლდა. ის დოკუმენტურ ესთეტიკას ანიჭებდა უპირატესობას, ასე რომ, ახალგაზრდა მუსიკოსებს კინოგადაღებებს შორის შესვენებებისას, ბუნებრივ პოზებში გვიჩვენებს, რითაც დამთვალიერებელს უშუალობის შთაბეჭდილებას უქმნის.

მუსიკა “Act Naturally”

[პატ უოტლის ხმა] ”ამ ახალგაზრდა ბიჭებს ძალიან ცოცხალი სახეები აქვთ, ძალიან ბუნებრივები არიან. ისე, ფოტოგრაფი მაიკლ პეტო მართლაც ქარიზმატული პიროვნება იყო. ის ყველას სთხოვდა, ბუნებრივად მოქცეულიყვნენ. მისი ფოტოების ღირსება ის არის, რომ ისინი კულისებში გვახედებს: აი, ”ბიტლზის” წევრები ისვენებენ, ჩაის სვამენ, რინგო სტარი ცოლთან ერთად, ჯგუფის თაყვანისმცემლები, ისევ თვით მუსიკოსები, რომლებიც სხედან და ლაპარაკობენ. ეს არის გადაღება გადაღების დროს – ამ სურათებზე პოზებს არავინ იჭერს.”

დანდის უნივერსიტეტის არქივში დაცული კოლექცია ზოგიერთი სხვა ცნობილი ხელოვანის თაყვანისმცემლებსაც გაახარებს – ამ ხელოვანებს შორის არიან რუდოლფ ნურეევი, რიჩარდ ბარტონი, ელიზაბეთ ტეილორი. მაგრამ კოლექციის ბირთვს ”ბიტლზი” ქმნის.

[პატ უოტლის ხმა] ”უნივერსიტეტში ფოტოსურათების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვფინეთ, მაგრამ ვარჩევთ სურათებს უებსაიტისათვის, რომელიც უკვე მოიცავს თითქმის 70 ათას სურათს შოტლანდიის ორი სხვა უნივერსიტეტიდან – სენტ ენდრიუსისა და აბერდინის უნივერსიტეტებიდან. ასე რომ, დაინტერესებულებს შეეძლებათ, უებსაიტზე დაათვალიერონ ჩვენს მიერ მიკვლეული ფოტოსურათები. მათ გამოქვეყნებას, იმედია, მალე მოვახერხებთ.”

როგორც პატ უოტლიმ ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ეუჯენ ტიმიუკთან საუბარში აღნიშნა, დანდის უნივერსიტეტი აპირებს კოლექციის წიგნად გამოცემასა და საგანგებო გამოფენის მოწყობასაც. ამჟამად კი მიმდინარეობს მაიკლ პეტოს ფოტონამუშევრების დიგიტალურ ფორმატში გადაყვანა. ექსპერტების შეფასებით, ეს აუცილებელია, ვინაიდან 60-იან წლებში შექმნილი ნეგატივები, ქიმიური შემადგენლობის გამო, დიდხანს ვეღარ გაძლებს.

ამასობაში, ბითლზის ახლადმიკვლეული შავ-თეთრი გამოსახულებებით სხვა ექსპერტებიც დაინტერესდნენ – ცნობილ სააუქციონო ფირმა ”ქრისტის” ეჭვი არ ეპარება, რომ საქმე გვაქვს ”უკიდურესად მნიშვნელოვან” აღმოჩენასთან. ოღონდ ჯერ არავინ უწყის, რა თანხად შეფასდება აღმოჩენა და, შესაძლოა, ეს ვერც ვერავინ შეიტყოს, რადგან უნივერსიტეტი ფოტოსურათების გაყიდვას არ აპირებს.

[პატ უოტლის ხმა] ”როგორც არქივის თანამშრომელი, ვფიქრობ, რომ ფოტოსურათების ნამდვილი ღირებულება მათ შინაარსში ძევს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლექცია ”ბიტლზის” საუცხოო ფოტოსურათებს შეიცავს, არამედ იმიტომაც, რომ დიდია მათი კულტურული და სოციალური ღირებულება, როგორც 60-იანი და 70-იანი წლების ბრიტანეთის ისტორიის დოკუმენტისა. ჩვენ გვინდა ფოტოსურათების გამოქვეყნება, მაგრამ ორიგინალებს არ გავყიდით. ვფიქრობ, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა.”

ასეა თუ ისე, ფოტოსურათების ამ კოლექციის აღმოჩენა ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა მსოფლიოში აშკარად შეინიშნება ინტერესის ზრდა ნივთებისადმი, რომლებიც ცნობილი პიროვნებების სახელებს უკავშირდება. ამის დასტურად გამოდგება თუნდაც გასულ კვირაში, ლონდონში გამართული აუქციონი, რომელზეც ორიათას დოლარად გაიყიდა ქაღალდის ნაგლეჯი პოლ მაკკარტნის ხელნაწერი ნოტებით სიმღერისთვის ”Penny Lane”.
XS
SM
MD
LG