Accessibility links

მთავრობა არც ბიუჯეტს ასრულებს და არც მისი გადახედვა სურს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტში პარასკევს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციის დემარშმა ოდნავ გააფერმკრთალა გასული კვირის მთავარი ეკონომიკური პოლემიკა,

რომელიც ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის ირგვლივ მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი ექსპერტები და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები, სექტემბრის თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას უკვე დაბეჯითებით მოუწოდებენ დაიწყონ სეკვესტრის განხორციელებაზე ზრუნვა. მათ ამის საბაბს აძლევს განვლილ პერიოდში დაგროვილი საბიუჯეტო დავალიანება, რომელმაც უკვე 82 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მიუხედავად ამ სოლიდური გარღვევისა, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მაინც ოპტიმისტურ ტონს ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობა არ დადგება. 82 მილიონიანი საბიუჯეტო გარღვევის მიუხედავად,
ჯორბენაძეს უცხოური დახმარებების იმედი აქვს. მისი თქმით, ევრობანკი უახლოეს მომავალში აპირებს 44 მილიონი ლარის ტრანშის გამოყოფას, რაც ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის საშუალებას მისცემს.

სახელმწიფო მინისტრი ასევე მნიშვნელოვანს უწოდებს ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის თბილისში დაგეგმილ ვიზიტს, რომლის დროსაც განიხილება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შესავსებად 30 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის საკითხი.

ტრადიციულად, სრულიად დიამეტრალური პოზიცია აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, რომელიც მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრს გარდაუვალად მიიჩნევს, რადგან, მათი გაანგარიშებით, არარეალურია წლის ბოლომდე დარჩენილ სამ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წლიური გეგმის შესასრულებლად ყოველთვიურად, საშუალოდ, მხოლოდ საკუთარი შემოსავლების სახით, 85 მილიონ 600 ათასი ლარის, საერთო ჯამში კი, 256 მილიონ 900 ათასი ლარის მობილიზება.
საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2002 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 697 მილიონ 60 ათასი ლარის ნაცვლად, 614 მილიონ 470 ათასი ლარი შემოვიდა, ანუ ბიუჯეტს დააკლდა 82 მილიონ 590 ათასი ლარი, საიდანაც საკუთარი შემოსავლები 43 მილიონ 250 ათასი ლარია.

ფისკალურ სფეროში სირთულეებს ვეღარც ხელისუფლება უარყოფს. იგივე ავთანდილ ჯორბენაძე აღიარებს, რომ შემოსავლების აკრეფის საკითხში პრობლემები კვლავ რჩება. მათ შორის ყველაზე აქტუალურია კონტრაბანდასთან ბრძოლა, რაც, თავის მხრივ, საკადრო პრობლემებს უკავშირდება.

თუმცა ოპტიმისტი სახელმწიფო მინისტრი იმედს არ კარგავს და არგუმენტად ახალგაზრდა კადრები მოჰყავს. ჯორბენაძის თქმით, “ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი” მირიან გოგიაშვილი პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას და მას მხარდაჭერა სჭირდება.

საინტერესოა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრებად საქართველოს სულ ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრები ჰყავდა, რომელთა მიმართ ხელისუფლების მხრიდან მათი კარიერის დასაწყისში ასევე უხვად გაიცემოდა ავანსები. საბოლოოდ კი, ყველაფერი, სამწუხაროდ, ფატალურად მთავრდებოდა და ბიუჯეტი პერმანენტულად დეფიციტური, შიდა ვალები კი კატასტროფულად მზარდი გვქონდა. სასიხარულო იქნება, თუ ახალგაზრდა მირიან გოგიაშვილი ამ ტრადიციას დაივიწყებს და მის მიმართ გაცემულ ავანსებს და, რაც მთავარია, საბიუჯეტო დავალიანებას, პირწმინდად დააბრუნებს. მაგრამ უკვე წელს 9 თვეში 82 მილიონ ლარიანი გარღვევა, სამწუხაროდ, მაინცდამაინც იმედიანად ყოფნის საბაბს არ იძლევა.

საერთოდ, მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში, პერსონალიების ცვლის მიუხედავად, ერთი საერთო სენი ახასიათებს: გადამეტებულ და უსაფუძვლო ოპტიმიზთან ერთად, ხელისუფლება, როგორც წესი, რეალობის გრძნობას კარგავს და რეალურს სასურველად ასაღებს. შეგახსენებთ, რომ შარშანაც ხელისუფლება ჯიუტად უარყოფდა სეკვესტრის აუცილებლობას, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მწარე ფაქტის წინაშე აღმოჩნდა და ეს მტკივნეული პროცედურა დაგვიანებით, მაგრამ მაინც განსახორციელებელი გაუხდა.

საზოგადოებისათვის ხშირად გაუგებარია, რატომ იწვევს სეკვესტრი ამგვარ აზრთა სხვადასხვაობას და რატომ არ სურს ხელისუფლებას ბიუჯეტის კორექტირებაზე წასვლა. ბუნებრივია, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, როცა ბიუჯეტი სრულდება და ამ პროცედურის აუცილებლობა არ დგას, მაგრამ როდესაც მთავრობა თვიდან თვემდე, დავალიანების შემცირების ნაცვლად, მას კიდევ უფრო ზრდის, ჩნდება ხარჯების დაფინანსების პრობლემა. საქართველოს ბიუჯეტი ისედაც მცირეა და, მრავალი სტრატეგიული პროექტისათვის კი არა, ელემენტარული სოციალური ხარჯებისათვის არ გვყოფნის ფული, შემცირებული შემოსავლები სხვადასხვა კულუარული პროცესების მაპროვოცირებელი ხდება. ამას ემატება გასული წლების დავალიანება, რომლის დაფარვის პირობასაც ყოველი წლის დასაწყისში იძლევა მთავრობა და რომელსაც ვერასოდეს ვერ ასრულებს. ამ სიტუაციაში ბიუჯეტის შესახებ კანონში გაწერილი მუხლები ირღვევა, ანუ გარკვეული სფეროები თანხების გარეშე უნდა დარჩეს. სეკვესტრის პროცედურის შემთხვევაში, ხდება ბიუჯეტის ხელახალი გადახედვა-კორექტირება, ანუ ხელისუფლება ახდენს პრიორიტეტების განსაზღვრას შეზღუდული რესურსის პირობებში იმის მიხედვით, თუ, პირველ რიგში, რომელი მიმართულებაა მისთვის სასიცოცხლო. მსჯელობის შემდეგ გადაწყდება, დარჩენილი შემოსავალი მგლების აცრის აქციაზე წარიმართოს თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე.
როდესაც ბიუჯეტი ვერ სრულდება, მთავრობას, ერთი მხრივ, უჩნდება ცთუნება დეფიციტი არაფისკალური წყაროდან დაფაროს, რაც, საბოლოოდ, დამღუპველია და ამის მწარე მაგალითები უკვე გვქონდა ე.წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმოების წლებში, მეორე მხრივ კი, ადგილი აქვს დარჩენილი სახსრების არასამართლიან გადანაწილებას, ანუ შეზღუდულ რესურსებს ხელში ჩაიგდებს ის, ვისაც უფრო მეტი გავლენა აქვს სახელისუფლებო წრეებში. მაგალითად, დაფინანსება არ შეუწყდება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რომელიმე ბეჭდურ გამოცემას, სამაგიეროდ, სრულად ვერ დაფინანსდება ჯანდაცვის რომელიმე პროექტი.

ყოველ შემთხვევაში, თავის მოტყუება და სიჯიუტე საბიუჯეტო პროცესებში მთლად ნორმალური მოვლენა არ გახლავთ და ეს პროცესი რაც უფრო გამჭვირვალე და რეალურ მაჩვენებლებზე დამყარებული იქნება, მით უფრო ნაკლებია საშიშროება მანკიერი რეციდივები განვითარდეს.
XS
SM
MD
LG