Accessibility links

logo-print

ელექტრონული გამოცემების როლი რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში


სანამ მოსკოვის ტონი თბილისის მიმართ შერბილდებოდა, მანამდე რუსული ელექტრონული პრესა განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საზოგადოებრივი აზრის საქართველოს წინააღმდეგ მოსამართად.

ამ კამპანიაში მთავარ შემტევ ძალას ინტერნეტგაზეთები წარმოადგენდნენ, რომლებიც ელვის სისწრაფით ავრცელებდნენ, ხშირ შეთხვევაში, არაობიექტურ ცნობებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საქართველოს ამ ომში ჩაბმა არც უცდია და ახალი რუსული მედიის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელმა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ გაიბრძოლა.

მოწინააღმდეგის შეშინება რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო შემოტევის მთავარი ამოცანა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მოწინააღმდეგის შიშს მიიჩნევდა საუკეთესო მეკავშირედ ნაპოლეონ ბონაპარტი. რუსული ინტერნეტგაზეთების უმთავრეს მიზანს იმ საზოგადოების აზრის ფორმირება წარმოადგენდა, რომელიც მსოფლიო კომპიუტერული ქსელის რესურსებით ყოველდღიურად სარგებლობს. უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთში ინტერნეტს 8 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და საქართველოზე სამხედრო შეტევის შემთხვევაში კრემლისთვის ამ საზოგადოების პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა.

ინტერნეტში რუსული საინფორმაციო მანქანა დაახლოებით ასეთნაირად მუშაობს: მაგალითად, პანკისის ხეობიდან ჩეჩენ ბოევიკთა რუსეთში შეჭრის მცდელობის თითქმის ყოველდღიური ცნობა რომელიმე ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდება ისე, რომ უცნობია ინფორმაციის წყარო და ავტორი. მასში აღნიშნულია მხოლოდ, რომ ჩეჩენ ბოევიკთა განზრახვის შესახებ რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ან რომელიმე სხვა უწყების მაღალი რანგის ჩინოვნიკი იტყობინება. ეს კი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ინფორმაცია რეალობისგან შორს დგას. მიუხედავად ამისა, ხდება მისი ტირაჟირება, ციტირება თითქმის ყველა ინტერნეტგამოცემის მეშვეობით და ტელე-რადიო არხებითაც კი.

მოსკოვის მიერ დაშტამპულ ინტერნეტსაინფორმაციო სივრცეში საქართველოს პოზიციების დაცვა თითებზე ჩამოსათვლელმა ქართულმა კერძო ვებგაზეთებმა სცადეს. თუ რა შედეგი მოჰყვა ამ მცდელობას, ამის შესახებ რუსული ვერსიის მქონე ინტერნეტგამოცემა „სივილ ჯორჯიას“ რედაქტორი ჯაბა დევდარიანი გვესაუბრება.
[დევდარიანის ხმა] „ტენდენცია, საერთოდ, ისეთია, რომ რუსული გამოცემები, საერთოდ, ნაკლებად ეყრდნობიან ნებისმიერ ქართულ წყაროს, მათ შორის, საინფორმაციო სააგენტოებსაც კი. ასე რომ, ეს ტენდენცია შენარჩუნებული იყო ამ კრიზისის დროსაც. მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ფართო იყო გამოყენება ამ ინფორმაციებისა, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ ხოლმე, უცხოურ წყაროებში, მათ შორის, რუსულ ენაზე გამომავალ წყაროებში.“[სტილი დაცულია]

„სივილ ჯორჯიას“ ქართულ და ინგლისურენოვან ინტერნეტგაზეთს რუსული ვერსია სულ რამდენიმე თვეა, რაც დაემატა. მიუხედავად ამისა, მან მომხმარებლები უმალვე შეიძინა, რაც ქართული წყაროების მიმართ რუსულენოვან ინტერნეტსაზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესზე მიანიშნებს. ჯაბა დევდარიანის ცნობით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კრიზისის დროს, ქართულისგან განსხვავებით, ინგლისური და რუსული განყოფილების მკითხველთა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

ამ გამოცემის უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ იგი ყოველდღიურ ახალ ამბებს რეგულარულად აქვეყნებს. სხვა ქართული ინტერნეტგამოცემები, რომლებსაც რუსული ვერსიაც აქვთ, მხოლოდ ანალიტიკური სტატიებით შემოიფარგლებიან. მათი სიმწირე და არაოპერატიულობა საინფორმაციო ომში რაიმე უპირატესობის მოპოვების საშუალებას ნაკლებად იძლევა. ჯაბა დევდარიანის აზრით:
[დევდარიანის ხმა] „ომში ჩაბმის რა მოგახსენოთ, მაგრამ ინფორმაციის წყაროების გავრცელებისა და დივერსიფიკაციის აუცილებლობა საქართველოს მხრიდან განსაკუთრებით საგრძნობია. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე საკმაოდ დიდი ხანია და მესმის, რა პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული, თუნდაც ის, რომ მიიღწეს ნორმალური ხარისხი უცხო ენაზე გამოცემისა. მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია და ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. თუნდაც ის რაოდენობა მომხმარებლებისა, რომელიც ჩვენ გვიყენებს ამ ხნის განმავლობაში, მეტყველებს იმაზე, რომ ბაზარი არის, არის ინტერესი ასეთი ტიპის გამოცემების მიმართ.“[სტილი დაცულია]

მიუხედავად ამისა, ქართველი საქმოსნები კაპიტალის დაბანდებას უფრო მედიის ტრადიციულ საშუალებებში ამჯობინებენ. ამიტომ ქართული ინტერნეტგამოცემები რუსული საინფორმაციო მანქანის საპირწონედ არ გამოდგება. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი საინფორმაციო შემოტევის შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც ამ უთანასწორო შერკინებას უნდა მოჰყოლოდა.

ინტერნეტგამოცემა „გაზეტა ეს-ენ-გეს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ყველაზე კრიზისულ დღეებშიც კი რუსული ინტერნეტაუდიტორიის 34% ფიქრობდა, რომ მოსკოვი თბილისს ბოდიშს მოუხდის. რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების მომხრე იყო გამოკითხულთა 30%, ხოლო 34%-ს მიაჩნდა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიაზე უსათუოდ შეიყვანდა სამხედრო ნაწილებს.

ეს ციფრები ნათლად მეტყველებს, რომ, მიუხედავად მძიმე ინფორმაციული წნეხისა, რუსეთის ინტერნეტსაზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოვლენებს საღად აფასებს. ჯაბა დევდარიანის თქმით, ეს თავად ინტერნეტის დემოკრატიულობის შედეგია, ანუ რუსეთის აუდიტორიას ხელი დასავლურ ვებგამოცემებზეც მიუწვდება. ექსპერტთა აზრით, ობიექტური ალტერნატიული ქართული წყაროების მიერ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, პროცენტული შეფარდება ქართული მხარისთვის გაცილებით დამაიმედებელი იქნებოდა.

რუსეთის ინტერნეტმედიის შემოტევის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა ქართული საზოგადოება. ქართულენოვანი საძიებო სისტემა „ქართული კომის“ მიერ მოწყობილი გამოკითხვის რეიტინგის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს ტერორისტების გამო ებრძვის, 13% კი ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესიის მიზეზი ედუარდ შევარდნაძეა. 77%-ის აზრით, რუსეთს საქართველოზე ზეგავლენის შენარჩუნება სურს და სწორედ ესაა სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის მიზეზი.
XS
SM
MD
LG