Accessibility links

logo-print

ამ კვირის დასაწყისში საქართველოს პრესამ მთავარი ყურადღება დსთ-ის კიშინიოვის სამიტს


თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე, თბილისი ამ კვირის დასაწყისში საქართველოს პრესამ მთავარი ყურადღება დსთ-ის კიშინიოვის სამიტს დაუთმო. როგორია ოფიციალური შეფასებებისგან განსხვავებული მოსაზრებები?



8 ოქტომბრის გაზეთ “რეზონანსის” თქმით, “მართალია, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური ელიტა კიშინიოვის შეხვედრას ისტორიულს უწოდებს და მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გარდატეხის შემტანად მიიჩნევს, მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები აღარ განმეორდება. მით უმეტეს, რომ პუტინი 50 წლისთავზე 5 ჩეჩენის გადაცემით არ კმაყოფილდება და საქართველოსგან დანარჩენი ჩეჩენი პატიმრების ექსტრადიციასაც ითხოვს”.

8 ოქტომბრის “დილის გაზეთი” წერს, რომ “პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარ დაბადების დღეზე კოლეგებს სიურპრიზი მოუმზადა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომაზე გააკეთა განცხადება, ხოლო შემდგომ თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა დაასახელა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ თვით კუჩმამაც არაფერი იცოდა. რუსეთის პრეზიდენტის ეს წინადადება მრავლის მომასწავებელია. ბელორუსთან დაკავშირებულ ინციდენტთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთში ე.წ. ფრაგმენტული იმპერიალიზმის კონცეფციამ გაიმარჯვა, კრემლს აღარ სჭირდება დსთ, ვინაიდან არანაირი კავშირის აღდგენას არ აპირებს. მისი მიზანია, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დაქუცმაცება, დასუსტება, მათი ქაოსში ჩაძირვა, რუსეთის ჰეგემონიის შენარჩუნებით”.

ამ კვირაში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა საქართველოს საგარეო ურთიერთობების სფეროში.კერძოდ, აღმოჩნდა, რომ რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს მეზობელ სომხეთს სულაც არ ერიდება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა.

11 ოქტომბრის გაზეთი “24 საათი” წერს, რომ “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ არმენ ხაჩატრიანმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკური კურსის ზოგიერთი ასპექტის მიმართ”.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, “საქართველოს პარლამენტის სპიკერის მცდელობებმა, ეგრძნობინებინა ხაჩატრიანისთვის, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან “აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება” მთლად კარგი და დიპლომატიაში მიღებული ტონი არ არის, შედეგი ვერ გამოიღო – რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, ეტყობა, უკვალოდ არ ჩაუვლია და სომეხთა სპიკერი ისეთი რიხით მსჯელობდა, როგორც მოსკოვის პოლიტიკური სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს ეკადრება.

მაგალითად, არმენ ხაჩატრიანი სულაც არ მორიდებია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და საკმაოდ კატეგორიული ტონით ითხოვდა, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალი, რადგან მისი უმოქმედობით, სომხეთის ეკონომიკა თურმე ძალიან ზარალდება. თუმცა ხაჩატრიანმა ვერ დაასახელა თანხა, რომელიც საქართველოს “უგუნური სარკინიგზო პოლიტიკის” გამო მისი ქვეყნის ბიუჯეტს აკლდება”.

“24 საათი” გვამცნობს, რომ სხვა მითითებებთან ერთად, “ხაჩატრიანი ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები თავისი თანამემამულეების საკითხსაც შეეხო და მათთვის “მაქსიმალური თვითმმართველობის მიცემა და სრულფასოვანი მოქალაქეობის მდგომარეობაში ჩაყენება” მოითხოვა.

“საჭიროა ფაქიზი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ, რათა მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი,“ – აღნიშნა ხაჩატრიანმა, თუმცა არ დაუსახელებია რაიმე ფაქტი, რომელმაც მას ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველი მისცა. იგი ვერ დააკმაყოფილა ნინო ბურჯანაძის პასუხმა, რომ საქართველოში არ არსებობს ეროვნული უმცირესობების შევიწროებისა და დისკრიმინაციის არც ერთი ფაქტი; რომ საქართველოს ხელისუფლებას შემუშავებული აქვს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა. სომხეთის პარლამენტის თავკაცმა საკმაოდ უხეშად შეაწყვეტინა საუბარი თავის კოლეგას: “ამ გეგმას დაფინანსება და შესრულება სჭირდებაო”.

12 ოქტომბრის პრესა მეტად კრიტიკულად გამოეხმაურა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
მოვლენას – საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას პარლამენტისა და ხალხისადმი ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. მაგალითად, გაზეთი “ახალი თაობა” წერს:
“საქართველოს პრეზიდენტმა ცეკას დროინდელი პათოსით, კომუნისტურ ყრილობაზე გამოსასვლელი სიტყვის სტილში წაიკითხა მოხსენება. წესით, პრეზიდენტ შევარდნაძის გუშინდელი სტუმრობა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე მხრივ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ უნდა გაკეთებულიყო მისი პრეზიდენტობის ათწლიანი ანგარიში, მეორეც – ამ მოწვევის პარლამენტში გუშინდელი გამოსვლა ბოლო მოხსენება უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტისა, მესამე ის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და კიშინიოვის სამიტის ფონზე საქართველოს პრეზიდენტი გაცილებით სერიოზული უნდა ყოფილიყო, რომელიც პატრიოტული მუხტით პარლამენტის სულს შეუერთდებოდა და ა.შ. აღარაფერი ითქმის საქართველოს შიდა პოლიტიკასა და სოციალური მდგომარეობის უკიდურესობაზე, გარღვეულ და შეუსრულებელ ბიუჯეტზე. ამის სანაცვლოდ კი საქართველოს პრეზიდენტი თითქმის გაუგონარ და წარმოუდგენელ თემებზე საუბრობდა და ქმნიდა სრულიად რეალურ შთაბეჭდილებას იმისას, რომ იგი ან არ იყო საქართველოს პრეზიდენტი, ან სხვა, საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა, ან ქვეყანას, პარლამენტს და საზოგადოებას დასცინოდა”.

12 ოქტომბრის “მთავარი გაზეთი” აღნიშნავს, რომ შევარდნაძის მოხსენების შემდეგ ხუთმა ფრაქციამ - “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, “ნაციონალებმა”, “ტრადიციონალისტებმა”, “ახლებმა”, “ახალმა აფხაზეთმა” და “ქრისტან-დემოკრატებმა” დარბაზი დატოვეს. დემონსტრაციული “შატალოს” ინიციატორები გვიან ღამემდე ცდილობდნენ შევარდნაძესთან შეთანხმების მიღწევას.

გაზეთის თქმით, “შევარდნაძემ იცოდა, რომ დებატების ნაცვლად პარლამენტში ცარიელ სკამებს იხილავდა. უკვე გადაწყვეტილებამიღებული ახალგაზრდები ირონიული ღიმილით ისმენდნენ შევარდნაძის ათწლიანი მოღვაწეობის ანგარიშს, ბოლო წინადადებამდე ელოდნენ, რომ ის “ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდა”.

თუმცა “მთავარი გაზეთის” კიდევ ერთ წერილში ნათქვამია, რომ სხდომის დასასრულს შევარდნაძემ თავის ხანმოკლე სიტყვაში შეფასება მისცა პარლამენტში შექმნილ ვითარებას. კერძოდ კი, განაცხადა, რომ “მზადაა, მოლაპარაკებები აწარმოოს ოპოზიციურ ძალებთან, მათ შორის, იმათთან, ვინც დარბაზი დატოვა, თუმცა წყენა გამოთქვა, რომ ამ ადამიანებისგან ვერც მან ისწავლა ვერაფერი და ვერც მათ ასწავლა”.

გაზეთ “24 საათის” თქმით, “მარტო დარჩენილი პრეზიდენტი შეურაცხყოფილია. პროტესტმა, რომელიც ოპოზიციამ გუშინ დარბაზის დატოვებით გამოხატა, შევარდნაძეს მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად აგრძნობინა, რომ პოლიტიკურ სიტუაციაზე ბატონპატრონობა დაკარგა.

იგი ვერ მიხვდა, რატომ ვერ ნახეს მის მოხსენებაში ვერაფერი პოზიტიური დემარშში მონაწილე პოლიტიკოსებმა, რომელშიც მან მთელი 10 წლის ნააზრევი ჩააქსოვა”.

გაზეთი “რეზონანსი” კი წერს, რომ გაერთიანებულმა ხუთმა ფრაქციამ თავისი დემარშით პრეზიდენტს ნოემბრის აქციების განმეორებაზე მიანიშნა. ამის შესახებ ჟვანიამ და სააკაშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადეს. გაზეთის თქმით, აღსანიშნავია, რომ ნოემბერში საქართველომ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადი უნდა შეიტანოს.

“არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის ნაბიჯმა ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას შეუშალოს ხელი”, მიიჩნევს “რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG