Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისთვის და რატომ შეიძლება იყოს დღეს მედიის სფერო მიმზიდველი საქართველოში


მედია, გარდა იმისა, რომ ინფორმაციის გავრცელების საშუალებაა, წარმოადგენს ბიზნესის სფეროს, რომლის მდგომარეობაც გარკვეულ კანონზომიერებას უნდა ექვემდებარებოდეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, ქვეყნის ეკონომიკა კი კვლავ დაბალ დონეზე რჩება, კლასიკური ეკონომიკური პარამეტრებით ქართული მედია-ბიზნესის განვითარებაზე მსჯელობა, ალბათ, რთული იქნებოდა. თუმცა, გარკვეული განვითარება მაინც სახეზეა, ანუ ქვეყანაში არის რესურსი, რომელიც ამ პროცესს ხელს უწყობს. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დღეს ინვესტორს, რომელიც დღეს ქართულ მედიაში კაპიტალს აბანდებს.

ნინო გელაშვილი

ტრადიციული შეხედულება მედიის საშუალებათა ფლობით დაინტერესებულ ძალებზე ჩვენს ქვეყანაში დღეს ნელ-ნელა იცვლება, რადგან, თუკი ადრე ასეთად ცალკეული პოლიტიკური ძალები მოიაზრებოდა, რომლებსაც კონკრეტული მიზანი - არჩევნებისთვის მზადება და მასში გამარჯვება ჰქონდათ, ახლა წინა პლანზე უფრო ინვესტორთა ინტერესი დგას, რომელიც ობიექტურად არ შეიძლება დღევანდელ პირობებში სუფთა ბიზნეს-ინტერესი იყოს.

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ასე ხედავს დღეს მედიაში ინვესტირების მოტივაციას:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]
“საზოგადოებას აქვს ინტერესი, რომ ფინანსურ ჯგუფებს მოსთხოვოს ანგარიში თუ სად და საიდან არის წამოსული ყოველი ლარი. ასეთ პირობებში ერთადერთი საშუალება, რომ ფინანსურმა ჯგუფებმა დაიცვან საშუალება, არის ის, რომ შექმნან თავდაცვითი ჯებირები საზოგადოებისათვის და ეს არის საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფებები და ეს არის საკუთარი მედია. ამიტომ ისინი ფულს დებენ არა იმაში, რომ ამ ფულმა მოიტანოს მოგება, ისინი ფულს დებენ იმაში, რომ დაიცვან კიდევ უფრო დიდი ფული, რომელიც ჯიბეში უდევთ”.

ამ პოზიციას ეხმაურება ლევან ყარალაშვილის მოსაზრება, რომელიც საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ბიზნეს-კონსულტანტი გახლავთ. კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით ის აცხადებს, რომ დღეს ქართულ ბაზარზე სტაბილურ და ანგარიშგასაწევ რეკლამის დამკვეთთა რაოდენობა 40-45 კომპანიით შემოიფარგლება და დასძენს:

[ლევან ყარალაშვილის ხმა]
“მთელი ამ მედია-ბაზრის, ბიზნესის მოცულობა საქართველოში არის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი. აქედან გამომდინარე, ამაზე რომ ვილაპარაკოთ, რომ ამ ბიზნესში ვიღაც სერიოზულ ინვესტორს ექნება იმის საშუალება, რომ თავისი თანხების, ასე ვთქვათ, ლეგალიზება მოახდინოს, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ისევ და ისევ ეს შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს და იქიდან მოხდეს ამ თანხების გაწმენდა. მაგასაც ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ ბაზარი ვერ აიტანს. ხუთი მილიონი კაცი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ის ორმოცი კომპანია, რომელიც საქართველოშია, მაგდენ თანხას ელემენტარულად ვერანაირად ვერ აითვისებს”.

მედია-ბიზნესი საქართველოში დღეს ჩამოყალიბების პროცესშია. ბიზნეს-გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კომერციული თვალსაზრისით ვერც ერთი გაზეთი, რადიო და სარეკლამო სააგენტო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. ერთადერთი მომგებიანი ერთეული დღეს ისევ ტელევიზიაა, თუმცა აქაც მოგებაზე მუშაობას ორი-სამი ტელეკომპანია თუ ახერხებს, რადგან ბაზარი მცირეა და თავს ზემოთ ძალა არ არის. და მაინც თუკი გამოვრიცხავთ პოლიტიკურ დაინტერესებას და ინვესტიციების წარმომავლობის საკითხს, არის თუ არა დღეს მედიაში ინვესტირება გამართლებული:

[ლევან ყარალაშვილის ხმა]
“ეს არის პერსპექტივის ამბავი. ალბათ ყველას აქვს იმის იმედი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ქვეყანა დალაგდება და საკუთარი ტელევიზიის, რადიოს, მედია-ჯგუფის ქონა ელემენტარულად ძალიან დიდი პლიუსი იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის, ამიტომ ისინი ამას გამართლებულ ინვესტიციად თვლიან ამ პერიოდში ჩასადებად იმიტომ, რომ ძალიან იაფად კეთდება ყველაფერი ეს თავიდან სხვა ქვეყნებთან შედარებით და ახლანდელ სიტუაციაშიც. აქიდან გამომდინარე ქვეყანაში რომ დალაგდება სიტუაცია, იქნება საშუალება შენ გქონდეს ის ბერკეტები, რომლებიც მოგცემს ამ ქვეყანაში რაღაც გავლენის საშუალებას”.

ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიის განვითარებაში არსებითად მაინც ინვესტიციის წარმომავლობას თვლის, რადგან, მისი აზრით, საეჭვო წარმომავლობის ინვესტიცია ხელს უშლის ლეგალური ფულის შემოდინებას ქვეყანაში. თუმცა, ჩემი მოსაუბრე იმედს გამოთქვამს, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, კერძოდ კი – დასავლეთისა ამ პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]
“რაკი არის სერიოზული დაინტერსება დასავლეთიდან, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც კი გარე უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება და რუსეთი პრინციპში გარედან ასეთ ჩარევებზე როგორიც არის დაბომბვები და ა.შ. ხელს აიღებს და ქვეყანაში, კი მოუწესრიგებელი იქნება ისევ საგადასახადო კანონმდებლობა და ზოგადად საკნონმდებლო ბაზა, მაგრამ მე მგონი, ამის შემდეგ დასავლეთი უკვე დაიწყებს ქვეყნის შიდა გამართულ სტრუქტურებზე მუშაობას, ანუ მე ვფიქრობ, რომ, როგორც კი რუსეთის პრევენცია მოხდება, ინვესტიციები ამ ქვეყანაში წამოვა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG