Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს ნაწილები პანკისის ხეობის მისადგომებს ტოვებენ


პარლამენტისა და ხალხისადმი თავის წლევანდელ მიმართვაში

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება საგანგებოდ გაამახვილა პანკისის ხეობის პრობლემაზე და განაცხადა, რომ ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში წარმატებით ვითარდება. როგორც ჩანს, თანაშემწეებმა საჯარო გამოსვლის დარგში შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს სიტყვა ერთი თვით ადრე, სწორედ იმ პერიოდში მოუმზადეს, როცა სპეცოპერაცია ხეობაში ახალდაწყებული იყო და, უბრალოდ, არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოდისეა პანკისის ხეობაში თითქმის დასრულდა. მომავალი კვირის დასაწყისში ხეობის მისადგომებს დატოვებენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ქვედანაყოფები და, მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - გატაცებულთა გათავისუფლება - ვერ შესრულდა, გარკვული დასკვნების გაკეთება მაინც შეიძლება.

პანკისის ხეობაში 23 აგვისტოს დაწყებული სპეცოპერაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური დაარქვა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველაზე მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო ღონისძიება გახლდათ და მის მიზანს კრიმინალურ ანკლავად ქცეულ ხეობაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა წარმოადგენდა.ამის მსგავსი ყველა წინა ანტიკონსტიტუციური ძალისხმევა საქართველოს სისხლისმღვრელ ეთნოკონფლიქტად და საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის ფასად დაუჯდა.

ასე რომ, პირველი შედეგი, რაზეც უკვე ხმამაღლა შეიძლება საუბარი, მდგომარეობს იმაში, რომ სამხედროებმა პირველად აიცილეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ნგრევა, რაც, თავის დროზე, ვერც აფხაზეთის, ვერც ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და ვერც სამეგრელოს შემთხვევაში ვერ მოხერხდა. მეტიც, ეს იყო პირველი საბრძოლო ოპერაცია, რომლის დროსაც მარადიორობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და არა იმიტომ, რომ სამი ათასივე შეიარაღებული პირი კრავივით უმანკო იყო, არამედ უფრო იმიტომ, რომ კარგად იყო ორგანიზებული კვება, მოქმედებდა სამხედრო კანონები და ჯარისკაცებს მკაცრად ეკრძალებოდათ მეთაურების გარეშე საბრძოლო მოქმედებათა ზონის დატოვება.

საქართველოს ხელისუფლებამ ასევე პირველად შეძლო არ დაეშვა პოლიციური ოპერაციის გადაზრდა სამხედრო მოქმედებებში, რისი ალბათობაც ასევე არსებობდა. ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ამოცანის შესრულებაში ხომ თითქმის ყველა ეგრეთწოდებული ძალოვანი უწყების დაახლოებით სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და ოფიცერი ღებულობდა მონაწილეობას. თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალებისა და ეროვნული გვარდიის ნაწილების ბაზაზე, სოფელ მაღრაანსა და ფიჩხოვანში ორგანიზებული იყო სათადარიგო შტაბი.

სამხედროების შეირაღებაში იყო რამდენიმე ერთეული მძიმე საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, რეაქტიული საზენიტო და საარტილერიო დანადგარები, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ 15-20 კილომეტრის დაშორებით გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა. მძიმე საბრძოლო ტექნიკით - ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით იქნა გამაგრებული ძირითადი ბლოკ-საგუშაგოები სოფელ დუისსა და ომალოში.

როგორც ჩანს, ამაოდ არ ჩაუვლია ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამებში მიღებულ თანამედროვე გამოცდილებასაც, რომელიც საბრძოლო ელემენტების ცოდნის გარდა, სამხედრო პირისგან მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობასაც მოითხოვს. კარგი პრეცედენტი შეიქმნა იმ თვალსაზრისითაც, რომ სამხედროები ადგილზე ყიდულობდნენ პროდუქტებს და მოსახლეობას კომპენსაციას უხდიდნენ იმ ტერიტორიის ექსპლუატაციის სანაცვლოდ, რომელზეც სწავლების პერიოდში მძიმე ტექნიკა და საველე ბანაკი იყო გაშლილი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოეპრაციის მართვა. როგორც ცნობილია, ოპერაციის საერთო ხელმძღვანელად საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დანიშნა. საქართველოში კი პოლიციასა და უშიშროების სამინისტროს, ტრადიციულად, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ამბიციურ სამხედროებს კი არც ერთი ეხატება გულზე და არც მეორე. ამიტომ ყველას ეგონა, რომ რაღაც ეტაპზე ეს უწყებრივი ანტაგონიზმი აუცილებლად სავალალოდ იჩენდა თავს. მაგრამ არც ეს პირქუში მოლოდინი გამართლდა. სამინისტროების შეთანხმებულ მოქმედებაში გადამწყვეტი როლი, შესაძლოა, ნარჩემაშვილ-ხაბურძანიას ტანდემმა შეასრულა. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ორივე მინისტრი უშიშროების საბჭოს კადრია და ერთმანეთთან საკმაოდ კარგად არიან შეთამაშებული. მაგრამ კოორდინირების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის უხმაურო მუშაობა, რომელიც ოპერაციის დაგეგმარებისას და მის ცალკეულ ეტაპებზე ამერიკული "წვრთნის და აღჭურვის" პროგრამით მომზადებულმა საშტაბო ოფიცრებმა გასწიეს.

მაგრამ, თუ შეიარაღებულ ბოროტმოქმედებთან ცალკეულ შეტაკებებს არ მივიღებთ მხედველობაში, პანკისურ ოპერაციას უფრო სწავლების ხასიათი ჰქონდა. პირადი შემადგენლობის უმრავლესობა უმოქმედოდ იდგა, საბრძოლო ტექნიკას და მძიმე შეიარაღებას კი საბრძოლო რეჟიმში საერთოდ არ უმუშავიათ. ამიტომ ძალიან ძნელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენად ბრძოლისუნარიანები არიან საქართველოს სამხედრო ძალები რეალურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. ასევე, აშკარად გაბერილია ის ციფრები, რაც ანტიკრიმინალური ხაზით მოპოვებული წარმატებებების შესახებ ოფიციალურ ანგარიშებში გვხვდება. განსაკუთრებით ეხება ეს განცხადებებს დიდძალი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ამოღების შესახებ. სინამდვილეში კი ამოღებულია მხოლოდ ექვსი ერთეული აკმ-ის ტიპის ავტომატი და რამდენიმე უმართავი ჭურვი.

დიდი რაოდენობით იარაღი კი პანკისის ხეობაში იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ აღმოჩნდებოდა, რომ ყველა ძირითადმა ჩეჩნურმა დაჯგუფებამ ხეობა გაცილებით ადრე დატოვა, ვიდრე იქ ქართული საჯარისო ქვედანაყოფები შევიდოდნენ. დღეს, შესაძლოა, აღარც იყოს აქტუალური შეკითხვა, რომელიც პირველ დღეებში ყველას პირზე ეკერა: სად წავიდნენ შეიარაღებული მებრძოლები. ახლა გაცილებით საინტერესოა იმის გარკვევა, რამდენად რეალურია მათი უკან დაბრუნება და შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვას პანკისური სინდრომის გავრცელება დანარჩენ ტერიტორიაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG