Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დინამიკური და სტატიკური პოლიტიკური სისტემა


მდგრადი პოლიტიკური სისტემა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა. სტაბილურობა და მისგან გამომდინარე კეთილდღეობა,

რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მოსახლეობას ჰპირდება, სწორედ მდგრადმა პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს. სისტემის მდგრადობა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დინამიკურია იგი, შეუძლია თუ არა დროის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება და, რაც მთავარია, რამდენად უზრუნველყოფს ხალხის მონაწილეობას ქვეყნის მართვაში.

საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური სისტემა უაღრესად სტატიკური იყო. იგი ათწლეულების განმავლობაში არ იცვლებოდა და საერთოდ არ ითვალისწინებდა მოსახლეობის პოლიტიკურ ნებას. ამის მთავარი დასტური იყო არჩევნები, რომლებსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. კომუნისტურ პარტიას ალტერნატივა არ გააჩნდა და, შესაბამისად, ასარჩევიც არაფერი იყო. სამაგიეროდ, იმის გამო, რომ მოსახლეობა ვერ მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში, მმართველობითი სისტემა მთლიანად თვითნებური და ჩრდილოვანი რჩებოდა. უზარმაზარი ქვეყანა – საბჭოთა კავშირი – იმართებოდა პოლიტიკური მანევრებით, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ორგანიზაციული გადაწყვეტილებებით.

მხოლოდ ბოლოხანს გახდა ცნობილი, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის შემდეგ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე ლეონიდ ბრეჟნევი დაინიშნა, როგორც სუსტი და შუალედური ფიგურა. ბრეჟნევის დანიშვნას უნდა შეენიღბა ხრუშჩოვის წინააღმდეგ განხორციელებული შეთქმულება, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ბრეჟნევი უნდა შეეცვალა შეთქმულების მთავარ ორგანიზატორს – ალექსანდრ შელეპინს. შელეპინი ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო და ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის, უშიშროების კომიტეტს მეთვალყურეობდა. უშიშროების მაშინდელ შეფთან, სემიჩასტნისთან ერთად, შელეპინმა ხრუშჩოვი ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკიდან პირდაპირ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე მიიყვანა, სადაც ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს მისი გადადგომის შესახებ აცნობეს.

სამაგიეროდ, როგორც კი სუსტმა და დროებითმა ფიგურამ – ლეონიდ ბრეჟნევმა - ქვეყნის პირველი პოსტი ჩაიბარა, დრო არ დაუკარგავს, შელეპინის დასუსტებას და მისი გუნდის დევნას მიჰყო ხელი. ბრეჟნევმა გააუქმა პარტიული და სახელმწიფო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარის პოსტი შელეპინს ეჭირა და მის ნაცვლად შექმნა სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი, სადაც სხვა კანდიდატურა წარადგინა. ამ გადაწყვეტილების ძალით, შელეპინმა დაკარგა აღმასრულებელი პოსტიც - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარეობისას ითავსებდა. სემიჩასტნი გათავისუფლდა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და გაიგზავნა უკრაინაში – ადგილობრივი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ასეთი ორგანიზაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც ოფიციალური პრესის პირველ გვერდზე უწყინარი ფორმით ქვეყნდებოდა, სინამდვილეში, ზემდგომის გაძლიერებას და ქვემდგომის დასუსტებას ემსახურებოდა. თუმცა უბრალო ადმიანისთვის, რიგითი მოქალაქისთვის ეს ორგანიზაციული გადაწყვეტილებები აბსოლუტურად არანაირი რეალური ინფორმაციის მატარებელი არ იყო.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდნენ, მათი არსებობის და განვითარების მთავარ პირობად იმ ხისტი პოლტიკური სისტემის შეცვლა იქცა, რომელიც ამ ქვეყნებს მემკვიდრეობით ერგოთ. ახალი პოლიტიკური და მმართველობითი სისტემა უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში მოსახლეობის ნებასთან, მის არჩევანთან. ქვეყნის მართვა უნდა განხორციელებულიყო არა კულუარებში მომზადებული ორგანიზაციული გადაწყვეტილებებით, არამედ - საჯარო პროცესის შედეგად. საქართველოში ამის გარანტი უნდა გამხდარიყო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა მოსახლეობის მიერ არჩეულ პარლამენტს უნდა ეტვირთა.

საქართველომ კონსტიტუცია მიიღო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ახალი სახელმწიფოს დასაფუძნებლად. ქვეყნის მმართველობითი სისტემა არ შეცვლილა, პოლიტიკური სისტემა ისევ ხისტი და სტატიკური დარჩა. სიხისტის არსი ისაა, რომ არჩევნების ბედი ისევ კაბინეტებში წყდება და არა საარჩევნო ურნებთან. პოლიციის ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე ლამის საჯაროდ აცხადებდა, რომ არჩევნების ბედი პირადად მის კაბინეტში წყდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე საჯარო პოლიტიკოსი – ზურაბ ჟვანია – განთქმულია როგორც კულუარული მოლაპარაკებების და, გნებავთ, ინტრიგების დიდოსტატი. ედუარდ შევარდნაძე კი სულაც მარტოხელა მოთამაშეა. მას გუნდიც კი არასოდეს ჰყოლია, რომ თავისი გადაწყვეტილებები თუნდაც რამდენიმე თანამოაზრესთან შეეთანხმებინა.

დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ და მმართველობით სისტემას საბჭოთა საქართველოს მსგავს სისტემებთან ბევრი საერთო აქვს. განსხვავებული ელემენტები არაარსებითია, მსგავსი კი – არსებითი. ასე დარჩება მანამ, სანამ მოსახლეობის პოლიტიკური ნება ქვეყნის მართვაში რეალურად არ ჩაერთვება.
XS
SM
MD
LG