Accessibility links

logo-print

[მერაბ სეფაშვილის ხმა] “მუსიკა ზოგისთვის ფერია


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი [მერაბ სეფაშვილის ხმა] “მუსიკა ზოგისთვის ფერია,

ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. როგორი განცდაა, იცით? - ეს ჩემთვის არის გზა სრულყოფილებისკენ.”

[შეკითხვა] “თქვენ ხართ ყველა თაობისთვის საყვარელი და ყველა თაობის ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი. რაშია ამის საიდუმლო?”

[მერაბ სეფაშვილის ხმა] “ არ ვიცი. მე ასე ვპასუხობ ხოლმე ასეთ შეკითხვას: ალბათ, უნდა აკეთო შენი საქმე სიყვარულით, ერთგულებით. არ იყო, ერთდროულად, ინიჟინერიც, ფეხბურთელიც და მომღერალიც.

ყველა თაობისთვის ყველაზე საყვარელ და ყველა თაობისთვის ყველაზე ახალგაზრდა მომღერლის მერაბ სეფაშვილის მომღერლად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი იმ გარემოცვამ შეასრულა, რომელშიც ის იზრდებოდა. ცნობილი მომღერლის ედუარდ სეფაშვილის შვილმა პირველად 15 წლის ასაკში იმღერა. პირველი სიმღერა იყო “მზე ჩადის”, რომელიც მერაბს თავის დროზე ძალიან მოსწონდა კიდეც, მაგრამ პოპულარობა ცოტა მოგვიანებით, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველი სერიოზული გამოსვლის შემდეგ მოვიდა. ეს 1982 წლის დამდეგს მოხდა. მაშინდელი ტელე-რადიო დეპარტამენტის “როკ-ანსამბლის” წევრმა მერაბ სეფაშვილმა ახალი წლის ღამეს ცნობილი “თეთრი გოგო” იმღერა. მეორე დღეს მერაბი და “როკ-ანსამბლის” დანარჩენი წევრები თბილისში ყველაზე პოპულარულები იყვნენ. ყველა ახალ და ახალი აზროვნების მუსიკალურ ჯგუფზე საუბრობდა. “ამ ჯგუფმა, მართლაც, სხვანაირი დამოკიდებულება შეიმუშავა ქართული სიმღერის მიმართ, იმდენად სხვანაირი, მე ვიტყოდი, პროდასავლური, რომ, გარკვეულწილად, აკრძალულთა რიგებში მოვყევით,” – იხსენებს მერაბი. “როკ –ანსაბლმა” სამ წელიწადს იარსება და დაიშალა, მაშინ, როცა მისი ერთ-ერთი წევრი, მიშა ფოფხაძე, პარიზში დარჩა. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, დიდი ხმაური გამოიწვია. მერაბ სეფაშვილი და მისი მეგობრები იძულებულები გახდნენ “ტელე-რადიო დეპარტამენტიდან” მარჯანიშვილის თეატრში გადაენაცვლათ. რამდენიმე ახალ წევრთან ერთად მათ ჯგუფი “თეატრონი” შექმენს. ასე დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრების ახალი, მერაბის აზრით, მისთვისაც და ჯგუფის სხვა წევრებისთვისაც საოცრად პროდუქტიული პერიოდი. “თეატრონი” საბჭოთა პერიოდის მიწურულის საქართველოს ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფი იყო და, რაც მთავარია, იყო ჯგუფი, რომლის წევრებსაც იმ პერიოდშიც შეეძლოთ ყოფილიყვნენ თავისუფლები, ემღერათ ის, რაც მოსწონდათ და ემღერათ ისე, როგორც მოსწონდათ. ეს არ იყო იოლი.
მაგრამ იოლი ცხოვრება არც საბჭოთა ეპოქის დასრულებას მოჰყოლია.

[მერაბ სეფაშვილის ხმა] “რა ქაოსშიც იყო მთელი ქვეყანა, იმ ქაოსში მოვყევი მეც. მაშინ წავედი ისრაელში. მქონდა სერიოზული შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი იქ და მემუშავა, როგორც ისრაელის მოქალაქეს და გამოვსულიყავი ისრაელის სახელით. შეიძლება ფინანსურად ეს საინტერესო ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე არ წავედი.

მე მაინც არასდროს არ გამოვკიდებივარ თემებს, როგორიც იყო პარტია “მოქალაქეთა კავშირი”. ეს არ არის პატრიოტიზმი. ეს არის პლაკატი. მე არ ვაკრიტიკებ ადამიანებს, რომლებიც ამ პროექტებში მონაწილეობდნენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამის გაკეთება არ შეიძლება.”

მოკლედ, მერაბ სეფაშვილმა მატერიალურად მომგებიან წინადადებაზე დათანხმებას ის გზა ამჯობინა, რომელიც მისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. ის სამშობლოში, ანუ იმ სივრცეში, დაბრუნდა, სადაც ყველაზე მუსიკალური საზოგადოება ეგულებოდა, მუსიკოსებისა და პოლიტიკოსების დაახლოების ტენდენციას გაემიჯნა და თავისი პირველი სოლო კონცერტი, სუპერცოცხალი შესრულებით, მხოლოდ შარშანღა შემოგვთავაზა. ანშლანგი, რომელიც ამ კონცერტს ახლდა, მოწმობდა, როგორ ელოდნენ მას მერაბ სეფაშვილის თაყვანისმცემლები. შეკითხვას - “მაინც, რატომ დააგვიანა ამ კონცერტმა?” მერაბი რამდენიმე ახსნას უძებნის. ამბობს, რომ დაგვიანება, ალბათ, მისი სიზარმაცის ბრალიც იყო, მეტწილად კი, იმ სირთულეებისა, რომლებიც სოლო კონცერტის ჩატარებისთვის უნდა დაძლეულიყო. არცთუ დიდი ხნის წინ მერაბ სეფაშვილმა “არტ იმედთან” გააფორმა კონტრაქტი. იქ მისი მენეჯერი ნინო ზაუტაშვილია. ეს კარგად ცნობილი სატელევიზიო წამყვანი თავის ახალ ამპლუასთან დაკავშირებით ამბობს:

[ნინო ზაუტაშვილის ხმა] “მე არ ვიცი, რამდენად გამომადგება ეს ყველაფერი, შევძლებ თუ არა მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვემსახურო. ერთი ვიცი, რომ მუსიკაზე მაღალი ჩემთვის არაფერია ცხოვრებაში და ძალიან გამიმართლა, რომ ამ სფეროში ვარ დაკავშირებული მერაბ სეფაშვილთან. ძალიან გამიმართლა.”

თავად მერაბ სეფაშვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მეტად და მეტად გაამართლებს თაყვანისმცემლების იმედებს, დიდ და სერიოზულ გამართლებას თავისი შვილების თაობისგან ელის, თაობისგან, რომელმაც გამოიარა ომი, შუღლი, მაგრამ მაინც ცოცხალია, მაინც სწავლობს და მაინც უყვარს. მერაბს სწამს, რომ სწორედ ეს თაობა ააშენებს ისეთ საქართველოს, რომელზეც მისი თაობა ოცნებობდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG