Accessibility links

ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას


ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას,

რომ კინოფესტივალი “ოქროს პრომეთე”, იგივე “საჩუქარი”, იგივე “გიფტი”, წარმატებით ჩატარდა. მართალია, წელს გაგა ჩხეიძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კინოფორუმზე არც ჟიური მუშაობდა, არც პრიზები გადაუციათ, მართალია, ფესტივალი სულ ერთი კვირა გაგრძელდა, ყოველი ფილმის პრემიერა ხალხით სავსე დარბაზებში გაიმართა. და, რაც მთავარია, თბილისელებმა კინოფესტივალზე, მართლაც რომ, კარგი ფილმები ნახეს. პროგრამაში ჩართული სურათები განსხვავებული თვალსაზრისით იყო საინტერესო, ამიტომ, შესაძლებელია, ფესტივალის ორგანიზატორებს გაუმართლათ კიდეც, რომ წელს, ფაქტობრივად, სპონსორების გარეშე ჩაატარეს “გიფტი”: კონკურსი, ჟიური, პრიზების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, ჯერ ერთი, ბუნებრიობას დაუკარგავდა ფესტივალს... მეორეც – განსხვავებული მხატვრული დონის სურათების “შეჯიბრის მოწყობა” ფესტივალის სტუმრებს გაანაწყენებდა: აბა, რანაირად უნდა შეადაროს ჟიურიმ ან თუნდაც მაყურებელმა ფოლკერ შლენდორფის ფილმი “გასროლა სიჩუმის შემდეგ”, სურათი, რომელსაც პოლიტკორექტულობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა და ტერორიზმთან ბრძოლის ეპოქაში “წითელი ტერორის” გამართლებისთვის თუ არა, გაგებისთვის მაინც მოგვიწოდებს და, დავუშვათ, დიტო ცინცაძის ახალი გერმანული მიკლემეტრაჟიანი ფილმი “ერთი ეროტიკული ამბავი”, ფესტივალის ნამდვილი სენსაცია, რომლის ავტორს, აგრეთვე, მთავარი როლის შემსრულებელს ლაშა ბაქრაძეს, კინოთეატრ “ამირანის” დარბაზმა ჯერ კიდევ ფილმის მსვლელობის დროს ისეთი ოვაცია მოუწყო, რომ ხმაურსა და სიცილში, საერთოდ, აღარ ისმოდა დიალოგები.

გაგა ჩხეიძის კინოფესტივალი სწორედ კინოფესტივალი რომაა და არა პოლიტიკური შოუ ან კომერციულ-კულტურული ფორუმი, “ოქროს პრომეთეს” გახსნის დღესაც გამოჩნდა. სიმბოლურია, რომ ფესტივალის პირველ დღეს მაყურებელს კანადელი რეჟისორის რენი ბარტლეტის ფილმი “ეიზენშტეინი” უჩვენეს, სურათი, განკუთვნილი, პირველ რიგში, კინოს და არა სენსაციის მოყვარულთათვის. უფრო მეტიც, ტელეფილმის ესთეტიკაში გადაღებული ეს მცირებიუჯეტიანი სურათი უფრო იმ მაყურებელს დააინტერესებდა, ვისაც რაღაც მაინც ჰქონდა გაგონილი ეიზენშტეინის ტრაგიკულ ცხოვრებაზე. მოხდა ისე, რომ ბარტლეტის ფილმს მე კინოთეატრ “ამირანის” პირველი რიგიდან ვუყურე და დარწმუნებული ვიყავი – სურათის დასრულების შემდეგ (მით უმეტეს, რომ ფილმის ჩვენება ღამის პირველ საათზე უნდა დამთავრებულიყო), დარბაზში მხოლოდ კინოს სპეციალისტები დარჩებოდნენ. მაგრამ ფილმი დამთავრდა და დარბაზი ისევ სავსე იყო – რენი ბარტლეტს, რომელიც თავად დაესწრო “ეიზენშტეინის” თბილისურ პრემიერას, ულოცავდნენ, ესაუბრებოდნენ. დაახლოებით ასე ჩაიარა ფესტივალის პროგრამაში ჩართული სხვა ფილმების ჩვენებამაც. თუმცა “გიფტის” ყველაზე პოპულარული სტუმარი მაინც უნგრელი რეჟისორი პიტერ მესაროში იყო. ალბათ, იმიტომ, რომ პიტერი, რომელმაც თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი დაამთავრა და წელს კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმის” რტოს ლაურეატი გახდა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, შესანიშნავად ლაპარაკობს ქართულად, უარს არ ამბობს ინტერვიუზე. პიტერ მესაროშს მეც გავესაუბრე. ახალგაზრდა უნგრელმა რეჟისორმა მითხრა, რომ მისი ფილმი “წვიმის შემდეგ” სრულიად შემთხვევით მოხვდა კანის კინოფესტივალზე.


თბილისელებმა პირდაპირ ეთერში ნახეს კანის წლევანდელი კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და კარგად ახსოვთ პიტერის ბედნიერი სახე, როცა მარტინ სკორსეზემ მას “ოქროს პალმის რტო” გადასცა. არადა, “წვიმის შემდეგ”, რომელიც წლევანდელი “გიფტის” ბოლო დღეს უჩვენეს, სულ 5 წუთი გრძელდება. მიუხედავად ამისა, რეჟისორი ასწრებს გვიამბოს ისტორია განშორებასა და პატიებაზე და თანაც ძალიან ლამაზად გამოხატოს ეს ისტორია. კანის ფესტივალის პრიზმა პიტერს საშუალება მისცა მოამზადოს თავისი ახალი სრულმეტრაჟიანი პროექტი პარიზში. როგორც პიტერმა მიამბო, გამოჩნდა ამერიკელი პროდიუსერი, რომელიც უნგრელ რეჟისორს
უნგრულ-ფრანგულ-ამერიკული ფილმის გადაღების საშუალებას მისცემს. პიტერის თქმით, შესაძლოა, ამ ფილმში მთავარი როლები ფანი არდანმა და ჯონ მალკოვიჩმა ითამაშონ. პიტერ მესაროში თავისი ხუთწუთანი ფილმის სხვა გამარჯვებებზეც გვიამბობს:

[პიტერ მესაროშის ხმა] “ახალი ინფორმაციაა, რომ “ოსკარის” ნომინაციაზე მიდის. დღეს კინოს სახლში აჩვენებენ. ამ წუთში ვარ დაპატიჟებული ანტალიაში, სადაც ფილმმა გრან-პრი აიღო, მაგრამ მე თბილისი ავარჩიე, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად მინდა ვიყო...
კატალოგში წერია, რომ მე მართლა ვამაყობ, რომ გელას სტუდენტი ვიყავი, ის, რაც მსახიობის ოსტატობასთან დაკავშირებით ვისწავლე – ეს გზა მინდა გავაგრძელო.”

მაშ ასე, კინოფესტივალი “ოქროს პრომეთე” და პიტერ მესაროშის ფილმი თავისებური მაგალითიცაა იმისა, რომ წარმატების მისაღწევად არ არის აუცილებელი ძალიან ბევრი ფული გქონდეს. თუმცა, როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობენ ავტორები რუსულ-ფრანგული ფილმისა “ოლიგარქი”, რომელიც იული დუბოვის ამავე სახელწოდების რომანის -ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული. დუბოვი ბორის ბერეზოვსკისთან ერთად მუშაობდა - “ლოგოვაზის” დირექტორის მოადგილე იყო, რამაც თავიდანვე შექმნა ეჭვი, რომ როგორც რომანის, ისე ფილმის მთავარი გმირის, ბიზნესმენ პლატონ მაკოვსკის პროტოტიპი ბორის ბერეზოვსკია. სურათის რეჟისორ პაველ ლუნგინს, რომელიც კარგა ხანია პარიზში ცხოვრობს და თავის ფილმებს ფრანგული ფულით იღებს (ოღონდ რუსულ თემაზე), როგორც ჩანს, უყვარს მხატვრულ პუბლიცისტიკაში მუშაობა. თუმცა, ისევე როგორც თავის სახელგანთქმულ ფილმში “ტაქსი-ბლიუზი”, “ოლიგარქშიც” იგი პუბლიცისტიკის მხარეს იხრება. ფილმი, რომლის მოქმედება ორ ათეულ წელს მოიცავს – 80-იანი წლებიდან დღემდე, პირდაპირ “გადაჭედილია” თანამედროვე რუსული კინოსთვის დამახასიათებელი კლიშეებით; ანანასები მაგიდაზე, ძვირფასი მანქანები, კეთილმოწყობილი აგარაკები, რომელშიც სურათის გმირები ცხოვრობენ, უთუოდ ასიამოვნებს იმ ობივატელს, რომელიც ამერიკული ფილმის “კლეოპატრას” ნახვისას, აღფრთოვანებული ამბობდა: “რა სიმდიდრეა!”.
საწყენია მხოლოდ, რომ სწორედ ამ ფილმით დაიხურა წლევანდელი “გიფტი”... საწყენი, რა თქმა უნდა, კარგი კინოს მოყვარულთათვის, თორემ ფესტივალის ორგანიზატორებს ახლა შეიძლება იმედიც ჰქონდეთ, რომ მომავალ “ოქროს პრომეთეს” ქართველი ოლიგარქები დააფინანსებენ.
XS
SM
MD
LG