Accessibility links

აფხაზეთიდან დევნილთა შორის პოზიციათა პოლარიზაცია სულ უფრო თვალშისაცემი ხდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ აქამდე აფხაზეთიდან დევნილების, პირობითად, ორ ნაწილად გაყოფა შეიძლებოდა – ვისაც სჯერა და ვისაც არ სჯერა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების პერსპექტივისა,

– ახლა ისინი, ვინც პრობლემის მოლაპარაკებებით მოგვარების იმედს არ კარგავენ, ორ ჯგუფად დაიშალნენ. ერთნი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ასლან აბაშიძე, ის პოლიტიკოსია, ვისაც ხელეწიფება ამ ურთულესი საკითხის მოწესრიგება, მეორენი კი კატეგორიულად ითხოვენ ასლან აბაშიძის მოლაპარაკებათა პროცესიდან ჩამოშორებას. 14 ოქტომბერს ორივე მოსაზრების მომხრეები თავის პოზიციას საჯაროდ გამოხატავდნენ.


გულახდილად რომ ითქვას, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2000 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, ბათუმში ჩასული პრეზიდენტ შევარდნაძის ინიციატივა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში თავის პირად წარმომადგენლად ასლან აბაშიძის დანიშვნის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, იმ არცთუ პოზიტიური დამოკიდებულების ფონზე, რაც ჯერ კიდევ აფხაზეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა აჭარისა და აფხაზეთის ხელისუფლების ქართულ წარმომადგენლობას შორის. აფხაზეთის აწ უკვე დევნილობაში მყოფ ხელისუფლებას არაერთხელ საჯაროდ წაუყენებია ბრალად აჭარის ლიდერისთვის აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერა.
ასლან აბაშიძის სამშვიდობო პოტენციალთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვი თავიდანვე გამოითქმებოდა, მაგრამ ის არგუმენტი, რომ ასლან აბაშიძეს კარგი კონტაქტები აქვს რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, დიდ პლუსად იქნა მიჩნეული. როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი კვლავინდებურად ფიქრობს, რომ - პრეზიდენტ შევარდნაძეს თუ დავესესხები - აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გასაღები მოსკოვში დევს.
პირველი საჯარო უკმაყოფილება თავისი პირადი წარმომადგენლის მიმართ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაახლოებით ერთი თვის წინათ გამოთქვა, როცა გახმაურდა ცნობა, რომ ოფიციალური თბილისის პოზიციისგან განსხვავებით, მოსკოვში მოლაპარაკებებზე მყოფმა ასლან აბაშიძემ მხარი დაუჭირა აფხაზეთში სარკინიგზო მოძრაობის აღდგენას. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მაშინ განაცხადა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ ერთი რამის თქმა მინდა, რომ შემდეგში მისი მისიის შესრულება, როგორც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა, დიდად იქნება დამოკიდებული თბილისში მის ჩამობრძანებაზე.”

თბილისში ჩამოსვლის ნაცვლად, ასლან აბაშიძის მხარდამჭერმა საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირმა კვლავ აფხაზეთიდან დევნილების ფაქტორი აამუშავა. როგორც გახსოვთ, წელს ზაფხულში სპორტის სასახლეში გამართულ დევნილთა ყრილობაზე დევნილებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ასლან აბაშიძეს. 14 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ დევნილთა სახალხო პარტიის ყრილობაზე პარლამენტარმა და თავადაც დევნილმა ბორის კაკუბავამ განაცხადა:
[ბორის კაკუბავას ხმა] “შევარდნაძე არის დიქტატორი, რომლის გადადგომის მოთხოვნის უფლება გვაქვს ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ერთად. დღეს უნდა დადგეს, დღეს უნდა განვიხილოთ ეს საკითხი.”
პარალელურად, საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ზუგდიდშიც. სატელეფონო ხაზზეა ჩვენი ზუგდიდელი თანამშრომელი ლაშა ბერულავა, რომელიც მოგითხრობთ, თუ რას ითხოვენ აქციის მონაწილეები:
[ ლაშა ბერულავას ხმა] “ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესს ჩამოაშოროს ასლან აბაშიძე. დევნილები ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ, რათა პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა რაც შეიძლება სწრაფად დააკმაყოფილოს.”
ზუგდიდის აქციის მონაწილეები პრეზიდენტს თავისი მოთხოვნის შესრულების ვადად 15 ოქტომბერს აძლევენ, დევნილთა ყრილობა კი, უახლოეს დღეებში პრეზიდენტისა და პარლამენტის გადადგომის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG