Accessibility links

logo-print

რუსეთში საბჭოთა კინოს ვარსკვლავის, ლიუბოვ ორლოვას


რუსეთში საბჭოთა კინოს ვარსკვლავის, ლიუბოვ ორლოვას,

დაბადების ასი წლისთავი აღნიშნეს. საქართველოში სტალინური კულტურის ეს თავისებური “ქალი-სიმბოლო” დღეს ბევრს გადაავიწყდა, თუმცა თავის დროზე ლიუბოვ ორლოვამ და მისმა მეუღლემ გრიგორი ალექსანდროვმა შექმნეს კოლექტიური საბჭოთა მსოფლმხედველობის სახე, რომლისგანაც ჯერ კიდევ ვერ თავისუფლდება პოსტკომუნისტური ეპოქის კულტურა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის “ოქროს საუკუნის” დღევანდელი თემა სწორედ ლიუბოვ ორლოვას იუბილემ გვიკარნახა. ნიშანდობლივია მოსაზრება ცნობილი უნგრელი თეორეტიკოსის ბელა ბალაშისა, რომელიც აღნიშნავდა: “ლიუბოვ ორლოვა – “ოქროს ხანის” მეტაფორააო.”

კინემატოგრაფისტები ხშირად შენიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირში “პერესტროიკა” სწორედ მათ დაიწყეს, როცა 1986 წელს, კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე, ცენზურის გაუქმება და ეგრეთ წოდებული “თაროზე შემოდებული” ფილმების ლეგალიზაცია მოითხოვეს. მიხეილ გორბაჩოვმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. კინოთეატრებში მანამდე აკრძალული ფილმების პრემიერები გაიმართა. როგორც გამოირკვა, ცენზურა მხოლოდ და მხოლოდ ანტიკომუნისტური კინოს მიმართ როდი იყო მტრულად განწყობილი. “თაროზე შემოდებულ” ფილმებს შორის აღმოჩნდა უამრავი, მხატვრული თვალსაზრისით, პრიმიტიული სურათი, მათ შორის, სტალინური ეპოქის კინოს მეტრის, გრიგორი ალექსანდროვის, 1973 წელს გადაღებული “შოშია და ქნარი”, 71 წლის ლიუბოვ ორლოვათი მთავარ როლში. ხელისუფლებამ ალექსანდროვს ეს ანტიამერიკული ფილმი თავად დაუკვეთა, მაგრამ სურათის გადაღების პროცესი დაემთხვა ეგრეთ წოდებულ “საერთაშორისო დაძაბულობის შენელების” პერიოდს, ამიტომ ალექსანდროვის “შოშია და ქნარის” ჩვენება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნიეს. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად, თაროზე ფილმი თავად ლიუბოვ ორლოვამ შემოდო. როცა 70 წლის ვარსკვლავმა თავისი თავი იხილა ეკრანზე, მან მეუღლეს, გრიგორი ალექსანდროვს, ხალხის თვალწინ ერთი ამბავი დააწია: “განზრახ დამაბერე, საბჭოთა მაყურებელს ასეთი სახით ვერ დავენახვებიო”. 1982 წელს გრიგორი ალექსანდროვი, რომელმაც საყვარელი მეუღლის ლიუბოვ ორლოვას გარდაცვალების შემდეგ, 74 წლის ასაკში, ცოლად შეირთო თავისი ყოფილი რძალი – ვაჟიშვილის ცოლი, მოიგონებს ორლოვას გარეგნობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ისტორიას, რომელმაც ალექსანდროვი კინაღამ იმსხვერპლა.

ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სტალინმა კრემლში საზეიმო მიღება მოაწყო. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ გრიგორი ალექსანდროვი და ლიუბოვ ორლოვა. საბჭოთა კინოს ვარსკვლავის დანახვისთანავე სტალინს უკითხავს: “როგორი პატარა, როგორი გამხდარი ყოფილა. რატომაა ასეთი გამხდარი? რატომაა ასეთი ფერმკრთალი?.” ლიუბოვ ორლოვამ ყველაფერი მეუღლეს გადააბრალა: “”აი, ეს არის დამნაშავე, – უთქვამს მას სტალინისთვის, –გამაწამა თავისი გადაღებებით...”. სტალინს შუბლი შეუჭმუხნია და ალექსანდროვისთვის თითი დაუქნევია: “დაიმახსოვრეთ, ამხანაგო! – აღნიშნა თურმე ბელადმა. – ორლოვა ჩვენი ხალხის საკუთრებაა. ორლოვა –ერთი გვყავს. მის წამებას თუ გააგრძელებთ, სასტიკად დაისჯებით. ჯერ ჩამოგკიდებთ, მერე კი ზარბაზნებით დაგხვრეტთ და თქვენს ცხედარს ნაკუწებად ვაქცევთ.”

ლიუბოვ ორლოვა, მართლაც, ერთი და განუმეორებელი იყო და, რაც მთავარია, ყველას ეკუთვნოდა – სტალინით დაწყებული, უბრალო საბჭოთა ჯარისკაცით დამთავრებული. 30-იანი წლების დასაწყისიდან, როცა საბჭოთა მიუზიკ-ჰოლის ვარსკვლავი პირველად გამოჩნდა ეკრანზე, მერე კი, როცა ეიზენშტეინის ყოფილი თანამოაზრისა და სტალინის მთავარი კინოიდეოლოგის, ალექსანდროვის, მეუღლე გახდა, ხელისუფლებამ ორლოვაში დაინახა თვალთმაქცობის, თავის მოკატუნების, არა იმდენად გარდასახვის, რამდენადაც უფრო “გარდაქცევის” უნარი. ორლოვამ შინამოსამსახურეების როლებით დაიწყო, მერე შრომის გმირი გახდა ეკრანზე, ბოლოს კი თავზე კრემლის დედოფლის გვირგვინი დაიდგა. მისი სილამაზის სადარაჯოზე თავად სტალინი იდგა. კრემლს შემუშავებული ჰქონდა გეგმა, რომელსაც ლიუბოვ ორლოვა “საბჭოთა ჰოლივუდის” ვარსკვლავი უნდა გაეხადა.
(პირველი ნაწილის დასასრული)

1934 წლის ივნისში საბჭოთა კინოკომიტეტის შეფმა შუმიაცკიმ სტალინს წარმოუდგინა “საბჭოთა ჰოლივუდის” პროექტი, რომლითაც საქართველოში - კერძოდ კი, სოხუმში - უზარმაზარი “კინოქალაქის” აშენება იყო გათვალისწინებული. სტალინმა ამერიკაში კინოჩინოვნიკთა თოთხმეტკაციანი დელეგაცია, მათ შორის, გრიგორი ალექსანდროვი გაგზავნა, რათა ისინი შეერთებული შტატების კინოინდუსტრიას გასცნობოდნენ და საქართველოში, როგორც შუმიაცკი აღნიშნავდა, “კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო გრანდიოზული ჰოლივუდი აეშენებინათ”. მაგრამ პროექტს სერიოზული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ლავრენტი ბერიას სახით. ბერიას არ სურდა ეტვირთა პასუხისმგებლობა და “საბჭოთა ჰოლივუდის” მშენებლობა საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა. ლავრენტი ბერია ჰოლივუდიდან დაბრუნებულ მწერლებს ილფსა და პეტროვს დაუკავშირდა და მათი საშუალებით დაარწმუნა სტალინი პროექტის მიზანშეუწონლობაში. ამბობენ, რომ მოგვიანებით ბერიამ მწერლებს დახმარება დაუფასა და რეპრესიებისგან გადაარჩინა. სამაგიეროდ, ილფისა და პეტროვის საქციელმა გააცოფა შუმიაცკი, რომელმაც მწერლების, როგორც სცენარის ავტორების, გვარები სასწრაფოდ მოხსნა ალექსანდროვის ფილმიდან “ცირკი”. მით უმეტეს, რომ “სოხუმის ჰოლივუდის” გახსნა სწორედ ამ სურათის პრემიერით იყო დაგეგმილი.

ილფი და პეტროვი, აშკარად, დაზარალდნენ. “ცირკი”, რომელშიც მთავარ როლს ლიუბოვ ორლოვა ასრულებდა, საბჭოთა კულტურის ჰიტად იქცა. “ნიუ-იორკ თაიმსი” წერდა: “თქვენ გგონიათ, რომ საბჭოთა კავშირში მხოლოდ იბრძვიან, მუშაობენ და სწავლობენ? ცდებით – მოსკოვი იცინის!. თანაც იმდენად უშუალოდ, იმდენად გულწრფელად, რომ შეუძლებელია თავადაც არ გაიცინო”. გრიგორი ალექსანდროვის ფილმს ჩარლი ჩაპლინიც გამოეხმაურა: “ალექსანდროვმა ახალი რუსეთი გაგვაცნო, – წერდა იგი. – ეტყობა, ადამიანთა ფსიქოლოგიაში იქ, მართლაც, გარდაქმნა მოხდა."

გრიგორი ალექსანდროვმა და ლიუბოვ ორლოვამ ბრწყინვალედ შეასრულეს კრემლის დავალება: ტერორის წლებში კინოში შეიქმნა სტალინის რეჟიმის პათეტიკურ-ოპტიმისტური ფასადი. ფაქტობრივად, ეს იყო სტალინის კონსტიტუციის “ეკრანიზაცია”, რომელიც მთელ მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირში მოქალაქეთა “დემოკრატიული უფლებები” მაქსიმალურადაა დაცული და რომ საბჭოთა სისტემა უფრო პროგრესულია, ვიდრე კუკლუსკლანის იდეებით გაჟღენთილი ამერიკული და რასიზმის ვირუსით მოცული ევროპული იდეოლოგია. ისააკ დუნაევსკის მუსიკასა და ლებედევ-კუმაჩის ტექსტზე დაწერილ სიმღერას “შიროკა სტრონა მოია როდნაია”, რომელიც პირველად ამ ფილმში აჟღერდა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოსკოვის “ცენტრალური რადიოს” მოსახმობ ნიშნად იყენებდნენ. თვით “პერესტროიკის” ეპოქაშიც კი, საშვიდნოემბრო აღლუმებზე სწორედ ამ სიმღერას ასრულებდნენ. სტალინური ეპოქა ალექსანდროვის ფილმის სახით ქმნიდა უნიკალურ “კონტრაპუნქტს” მეოცე საუკუნის მსოფლიო კულტურაში – მღეროდნენ იმაზე, რომ “საბჭოთა კავშირში” ადამიანი თავისუფლად სუნთქავს, რომ ასე თავისუფლად, ასე ლაღად მსოფლიოში არსად სუნთქავენ, პარალელურად კი, ადამიანებზე ნადირობა, მათი დახვრეტა და ციმბირში გადასახლება დაიწყო. (ჩართვა. მუსიკალური ფრაგმენტი ფილმიდან “ცირკი”)

1942 წელს სტალინმა პირადად რუზველტს გაუგზავნა ალექსანდროვის ფილმების - “ვოლგა-ვოლგასა” და “ცირკის” ასლები. მიუხედავად ანტიამერიკული მოტივებისა, რომელიც “ცირკში” წარმოჩნდა, ბელადი თითქოს აღიარებდა, რომ ჰოლივუდმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბჭოთა კინოზე. მოგვიანებით, ომის დასრულების შემდეგ, გრიგორი ალექსანდროვი გადაიღებს, როგორც მოგვიანებით შენიშნავენ, “სუპერკონიუნქტურულ” ფილმს – “შეხვედრა ელბაზე” – ამერიკელ და საბჭოთა ჯარისკაცების ძმობასა და ამერიკულ და საბჭოთა კულტურების დიალოგზე. ერთ წელიწადში, კორეაში ომის დაწყებისთანავე, ამ სურათს ეკრანებიდან მოხსნიან და მხოლოდ მაშინ უჩვენებენ, როცა შედარებით დათბება ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის.

აი, “ცირკს” კი არასდროს აკრძალავენ. ალექსანდროვის ეს ფილმი, მართლაც, იქცევა საბჭოთა “ოქროს ხანის” სიმბოლოდ. უფრო მეტიც, 3 წლის წინ მოსკოვში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევით, “ცირკი” დღესაც კი რუსი მაყურებლის ყველაზე საყვარელ ფილმად რჩება. ალექსანდროვის ამ სურათის კულტურულ-მითოლოგიურ მოტივებზე მე “ოქროს საუკუნის” შემდეგ გადაცემაში გიამბობთ.
XS
SM
MD
LG