Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო და ეკლესია


საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება გაფორმებულია. ასე რომ, საქართველოს კონსტიტუციაში გასული წლის შემოდგომაზე შეტანილი ჩანაწერის შედეგი უკვე რეალობაა.

სახელმწიფოსა და სამოციქულო ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება სვეტიცხოვლობას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. ეს შეთანხმება სასულიერო პირებმა საქართველოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებად მიიჩნიეს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელი კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოაწერეს. ამით დასრულდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მუშაობა. ამის შემდეგ სახელმწიფომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “არ შედგებოდა ეს ხელშეკრულება, რომ არ ყოფილიყო განსაკუთრებული ურთიერთობა, კეთილი ნება ორი ადამიანისა. პირველ რიგში მისი უწმინდესობის და, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, საქართველოს პრეზიდენტისა.”

აქვე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოსა და სამოციქულო ეკლესიას შორის შეთანხმების პროექტზე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი 2 წლის მანძილზე მუშაობდა. ეს ჯგუფი არ იშლება. მან ახლა უკვე იმ დოკუმენტის პროექტი უნდა მოამზადოს, რომლითაც საქართველოში მოქმედი თოთოეული რელიგიური გაერთიანებისადმი სახელმწიფოს მიმართება უნდა განისაზღვროს. მაგრამ დავუბრუნდეთ იმას, რაც უკვე განსაზღვრულია.

მაინც რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც კონსტიტუციურად დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და რომლის განსაკუთრებული როლიც საქართველოს ისტორიაში ისევ საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული? მოვიყვან რამდენიმე მუხლს შეთანხმებიდან:

სახელმწიფო აღიარებს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში ეკლესიისთვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს და, როგორც ეკლესიისთვის ჩამორთმეული ქონების დღევანდელი მფლობელი, აღიარებს ამ ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების ვალდებულებას. აქ განვმარტავთ, რომ ზიანის ანაზღაურების ფორმას, ვადებსა და სხვა დეტალებს დაადგენს სპეციალური კომისია, რომელიც, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ერთი თვის მანძილზე შეიქმნება. მაგრამ უკვე დადგენილია, რომ სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს (მოქმედსაც და უმოქმედოსაც), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განთავსებული.ამ ნაგებობათა მოვლა-პატრონობის წესები განისაზღვრება სათანადო სახელმწიფო სამსახურის მიერ ეკლესიასთან შეთანხმებით. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ საეკლესიო საგანძურს, რომელიც არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფარველობაში (წმინდა ნაწილებისა და წმინდა რელიკვიების გარდა). სასულიერო პირის სამხედრო სამსახურში გაწვევა არ ხდება. და კიდევ, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებშიც მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია, სასწავლო პროგრამის დადგენას, შეცვლას, პედაგოგთა დანიშვნა-გათავისუფლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ოღონდ, ეკლესიის წარდგინებით.
XS
SM
MD
LG