Accessibility links

logo-print

კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერაქტის შესაძლო კავშირი ”ალ ყაიდასთან”


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ორშაბათს განაცხადა, რომ განვლილი ორი კვირის მანძილზე მსოფლიოში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები გლობალური ტერორიზმის

ახალ ხელწერაზე მიგვანიშნებს. ამ კონტექსტში ბუშმა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე შაბათს მომხდარი აფეთქება, აგრეთვე, ქუვეითში ამერიკელ საზღვაო ფეხოსნებზე და იემენის სანაპიროსთან საფრანგეთის ტანკერ ”ლიმბურგზე” ამასწინანდელი თავდასხმები მოიხსენია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბალიში ტერაქტი ”ალ-ყაიდამ” განახორციელაო – თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

აქამდე ჯაკარტა საჯაროდ უარყოფდა ვარაუდს, რომ ინდონეზიის ტერიტორიაზე ”ალ-ყაიდის” უჯრედები მოქმედებენ. თუმცა, ორშაბათს ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მათორი აბდულ ჯალილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, აფეთქებები კუნძულ ბალიზე ”ალ-ყაიდის” მოწყობილია: [მათორი აბდულ ჯალილის ხმა] ” მომხდარში მე პროფესიონალი დაჯგუფების ხელწერას ვხედავ. მართალია, ბევრს არ სურს ამის აღიარება, მაგრამ არ მეშინია განვაცხადო, რომ ინდონეზიაში ნამდვილად არსებობს ”ალ-ყაიდის” ქსელი.”

სხვა ოფიციალური პირების კომენტარი უფრო თავშეკავებული იყო. ინდონეზიის პარლამენტის თავმჯდომარემ ემენ რაისმა არ მოისურვა, ”ალ-ყაიდა” დაედანაშაულებინა ბალიზე აფეთქებების მოწყობაში და დასძინა, რომ ამას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც ბოროტმოქმედებს დააპატიმრებენ.

საერთაშორისო ტერორიზმის სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია დაბეჯითებით თქმა, რომ ”ალ-ყაიდამ” გლობალური ტერორიზმის ახალი ფაზა წამოიწყო. ცნობილი ბრიტანელი ექსპერტის ფილიპ საბინის აზრით, ჯორჯ ბუში მეტისმეტად შორს წავიდა, როცა ბალიზე მომხდარი თავდასხმა ”ალ-ყაიდას” დაუკავშირა; თანაც მაშინ, როცა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სხვა ანტიტერორისტულ უწყებათა წარმომადგენლები ეს-ეს არის შეუდგნენ ბალიზე მომხდარი ტერაქტის გამოძიებას.
XS
SM
MD
LG