Accessibility links

logo-print

ყოფმლი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის დონის ქვევით ცხოვრობს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად,

სიღარიბემ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში ბოლო ათეული წლის განმავლობაში შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. იმ ადამიანების წილი, რომლებიც დღეში 4 დოლარზე ნალებით ცხოვრობს 3 პროცენტიდან 45-თ პროცენტამდე გაიზარდა.

სიდუხჭირე მჭიდროდ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესებასა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირებასთან.

გამოკვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა ჩაატარა. ამ ოფისის გამგებლობაშია ევროპის 51 ქვეყანა – უზარმაზარი გეოგრაფიული სივრცე ისლანდიიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთამდე, რომლის მოსახლეობა 870 მილიონია. ცხადია, რომ ამ სივრცის სხვადასხვა რეგიონებს შორის უდიდესი სხვაობაა სოციო-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მაჩვენებლების მხრივ.

ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მთლიანობაში ეს სივრცე, მიუხედავად განსხვავებებისა მის ცალკუელ რეგიონებს შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. მაგრამ, დოკუმენტის თანახმად, განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა – საგრძნობლად გაუარესდა სიტუაცია აღმოსავლეთ ნაწილში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა უშუალოდ არის დამოკიდებული საერთო ეროვნულ პროდუქტზე, რომელიც მოდის ერთ სულ მოსახლეზე. და თუმცა მთლიანად ევროპაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზარდა, ყოფილი კომუნისტური ქვეყნების უმრავლესობაში და განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში, ის დაეცა. ამჟამად ამ რეგიონებში ხალხი საშუალოდ 10 წლით ადრე კვდება, ვიდრე მდიდარ დასავლეთ ევროპაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის კლებამ მშვიდობიან დროს უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, განსაკუთრებით, კომუნიზმის დაცემიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ განსხვავება შემოსავალში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაქვეითების მთავარი მიზეზია. მაშინ, როცა ლუქსემბურგში – ევროპის უმდიდრეს ქვეყანაში – საერთო ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 45 ათასი დოლარია, იგივე მაჩვენებელი ევროპის უღარიბეს ქვეყანა მოლდავეთში 2037 დოლარს შეადგენს.

1998 წელს მთელს რეგიონში 24 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 3 პროცენტი ცხოვრობდა აბსოლუტური სიღატაკის პირობებში: მათი დღიური შემოსავალი 2 დოლარსა და 15 ცენტზე ნაკლები იყო. ანგარიშის თანახმად, იმ ადამიანების რიცხვმა, ვის განკარგულებაში დღეში 4 დოლარიც კი არ არის, 170 მილიონს მიაღწია.

განსხვავება შემოსავალში ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს შორისაც შეინიშნება. მაგალითად, ჩეხეთში წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 16 ათასი, ხოლო საქართველოში 2400 დოლარია.

თუმცა, შეძლებული დასავლეთი ევროპაც განიცდის ეკონომიკურ რეცესიას და მზარდ უმუშევრობას. შესაბამისად უთანაბრობა ამ ქვეყნებს შორისაც იზრდება. დასავლეთ ევროპაში 37 მილიონამდე ადამიანი – მოსახლეობის 10 პროცენტი – ცხოვრობს პირობებში, როცა მათი შემოსავალი საშუალო შემოსავლის მხოლოდ 60 პროცენტს შეადგენს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრების საერთო სტანდარტები და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა განუხრელად იზრდება. ყველაზე მაღალი ის საფრანგეთსა და იტალიაშია და 79 წელს აღწევს.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ სიდუხჭირე ყველაზე მეტად უწყობს ხელს გადამდები სნეულებების, მათ შორის ტუბერკულოზისა და შიდსის გავრცელებას. 1995 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში შიდსით დაავადებულთა და ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად ორმაგდება.

ევროპაში წამყვანი ადგილი არაგადამდებ სნეულებებს – გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს უჭირავს. მაგრამ თუ დასავლეთ ევროპაში სიკვდილიანობა გულსისხლძარღთა დაავადებებით 1970-იანი წლების შემდეგ ორჯერ შემცირდა, ყოფილ საბჭოთა კავშირში ის გაიზარდა და გრძელვადიანი პროგნოზით, განაგრძობს ზრდას.

მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ყველა პრობლემა არც წელგამართულ დასავლეთ ევროპაშია მოგვარებული. მაგალითად ირკვევა, რომ დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში, ბავშვების ერთი მესამედი სიდუხჭირის პირობებში ცხოვრობს. ამის შესახებ იუწყება გამოკვლევა, რომელიც ორგანიზაციამ “გადაარჩინე ბავშვები” და იორკის უნივერსიტეტმა ჩაატარეს.

გაერთიანებულ სამეფოში საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 30 ათასი დოლარია და კეთილდღეობა ყველაფერში შეინიშნება, იქნება ეს საკუთარი სახლების მქონეთა პროცენტი თუ პირადი ფუფუნება. მაგალითად, სკოლის მოწაფეთა დაახლოებით ნახევარი მობილურ ტელეფონებს ფლობს. ასე რომ, გამოკვლევაში გამოქვეყნებული ფაქტები ფრიად გასაკვირია.

ანგარიშში გარკვევით არის ნათქვამი: გაერთიანებული სამეფოს ბავშვების მესამედი გაჭივრებულია და ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში პრობლემა საკმაოდ სერიოზულად დგას.

მართალია, ანგარიში აღნიშნავს, რომ ბრიტანეთში არის ისეთი რეგიონები, სადაც ბავშვების გაჭივრების შესახებ არც კი სმენიათ, მაგრამ ზოგიერთ ადგილას გაჭივრებულ ბავშვთა წილი 90 პროცენტს აღწევს.

ანგარიშში ბავშვის არაკეთილდღების რამდენიმე ინდიკატორია მოცემული. აღნიშნულია, აგრეთვე, რომ ამა თუ იმ რეგიონში ყველა ფაქტორი ერთად არ მოქმედებს. მაგალითად, შოტლანდიის სკოლები საუკეთესოა ქვეყანაში, სამაგიეროდ შოტლანდიელი ბავშვები ბრიტანეთში ყველაზე უარესად იკვებებიან. ჩრდილოეთ ირლანდიაში ყველაზე მაღალია ახლაშობილთა სიკვდილიანობა, სამაგიერდ ყველაზე დაბალია ტინეიჯერების ორსულობის დონე.

ერთ-ერთი ქალაქი, რომელშიც ბავშვების თითქმის 90 პროცენტი განიცდის სიდუხჭირეს, არის ბიდსტოუნი ლივერპულის მახლობლად. მისი პრობლემები 1970-იანი წლების მიწურულს გემთმშენებლობის ინდუსტრიაში დაწყებულ კრიზისს უკავშირდება.

ბრიტანეთის მთავრობა არ არის გულგრილი ამ ფენომენის მიმართ და პირობას დებს, რომ ერთი თაობის განმავლობაში შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას.
XS
SM
MD
LG