Accessibility links

logo-print

რამ ჩატეხა ხიდი პრეზიდენტსა და საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს შორის


5 საპარლამენტო ფრაქციის დემარში, რომელიც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მოჰყვა, პოლიტიკური მითქმა-მოთქმის საბაბად რჩება. ამ მოვლენამ ახალი ბიძგი მისცა ახალი თუ ძველი

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესაძლებლობაზე მსჯელობას. 11 ოქტომბრის დემარშის ინიციატორი პოლიტიკური ლიდერები ოპტიმიზმით საუბრობენ ერთი თაობის პოლიტიკოსების ერთი მიზნით გაერთიანების შესაძლებლობაზე, ანალიტიკოსები კი ეჭვობენ, ერთის - ამ შემთხვევაში, შევარდნაძის - წინააღმდეგ გაერთიანება მყარი და პოზიტიური გაერთიანების საფუძველი გახდეს. ასეა თუ ისე, 11 ოქტომბრის დემარშისა და შევარდნაძის ყოფილი თანაგუნდელების მიერ პრეზიდენტთან დიალოგზე ურის თქმის ყველაზე ლოგიკურ მოტივად ის ბრძოლა იკვეთება, რომელსაც პრეზიდენტი თავისი მემკვიდრის თემის წამოტივტივებით ამწვავებს ხოლმე. შევარდნაძეს ამ თემისთვის არც პარლამენტში გამოსვლისას აუვლია გვერდი.


11 ოქტომბრის დემარშის ორგანიზატორებმა პრეზიდენტთან დიალოგზე უარის თქმის მიზეზად შევარდნაძის ხანგრძლივი მოხსენების შინაარსი დაასახელეს. კერძოდ, ის, რომ ამ მოხსენებაში პრეზიდენტმა გვერდი აუარა საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს და ბოლო წლების მიღწევების მიმოხილვით საზოგადოების მოთხოვნების იგნორირება მოახდინა. თუმცა ამავე მოხსენებაში იყო ერთი დეტალიც, რომელსაც დემარშის ინიციატორები დარბაზიდან გასვლის წინასწარ დაგეგმილი აქციის მიზანშეწონილობაში უნდა დაერწმუნებინა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] “იმავე მოხსენებაში მკაფიოდ ჩანს, რომ იგი ისევ “მოქალაქეთა კავშირზე” ამყარებს იმედს. მან ამ კავშირის დღევანდელი თავმჯდომარის ავთო ჯორბენაძის, ოღონდ, უკვე როგორც სახელმწიფო მინისტრის, უფლებამოსილების გაზრდა მოითხოვა საპრეზიდენტო სიტყვაში. მე მგონი, სწორედ ამ ფაქტორმა გადააწყვეტინა ამ ფრაქციებს დიალოგზე აეღოთ ხელი”.

გამოკვეთილი მიზანი, თავის მხრივ, დიალოგზე ხელის აღებასაც უნდა ჰქონოდა. 11 ოქტომბრის დემარშის ინიციატორებს, აკაკი ასათიანის გამოკლებით, - ვგულისხმობ ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილს, დავით გამყრელიძეს და ვაჟა ლორთქიფანიძეს, -პრეზიდენტთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ და, მიუხედავად პრეზიდენტის შენიშვნისა, რომ ამ ლიდერებთან ხანგრძლივმა თანამშრომლობამ ვერც მას ასწავლა რამე და ვერც მათ, დარბაზიდან გასულებს უნდა სცოდნოდათ, რომ შევარდნაძეს პოლიტიკური პარტნიორების შერჩევა წონადობის მიხედვით სჩვევია. ამდენად, ერთი თაობის ქართველი პოლიტიკოსების მიერ პრეზიდენტთან დიალოგზე უარის თქმა და ძალის დემონსტრირება, ანუ პრეზიდენტის წინააღმდეგ კარდინალურად განსხვავებული საპარლამენტო ძალების გაერთიანების შესაძლებლობის გამოკვეთა, შესაძლოა, სინამდვილეში, დიალოგზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავდეს. ამ ვერსიას თავისი ლოგიკა აქვს.

აშკარაა, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკას უფრო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მუხტი წარმართავს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების დიადი მიზნებით გაერთიანების მუხტი. აშკარაა ისიც, რომ მემკვიდრის შესახებ ზოგადი მინიშნებებით, რაოდენ არაკორექტული და გაუმართლებელიც უნდა იყოს ეს, შევარდნაძე საშინაო თამაშებს უფრო და უფრო ახალ ელფერს შესძენს და ამ თამაშში თავისი დღევანდელი ოპონენტების შეტყუებასაც შეეცდება. ამ პროცესის დაწყების შესახებ ღია განაცხადი მან სწორედ პარლამენტში გააკეთა, თანაც, ჩვენ მიერ არაერთხელ ნახსენები დემარშის შემდეგ.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მე უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ ჩემ შემდეგ პრეზიდენტად ვინც მოვა, იყოს ღირსი საქართველოსი.”

პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მზადაა ითანამშრომლოს ყველა საპარლამენტო ძალასთან სანიმუშო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ეს უკვე ახალი გამოწვევა იყო და მას პასუხი ჯერ არ გასცემია. 11 ოქტომბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გასული 5 ფრაქციიდან ოთხი სამომავლო ურთიერთშეთანხმებული ქმედებებისთვის მზადყოფნას ავლენს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, ეს ყველაფერი მყარი ოპოზიციური კოალიციის შექმნამდე მივიდეს, რადგან წინააღმდეგობის და არა საერთო ღირებულებების ნიშნით დაწყებული პოლიტიკური მოძრაობა ასეთ გაერთიანებამდე ვერ მიდის ხოლმე.
XS
SM
MD
LG