Accessibility links

logo-print

რას წერს რუსეთის ელექტრონული პრესა საქართველოსა და რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრებების მატჩის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი 12 ოქტომბერს თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე მომხდარი ინციდენტი სხვადასხვა კუთხით გაშუქდა რუსეთის ელექტრონული საშუალებებით. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ავარიის მიზეზებზე,

ვერსიებზე, მაყურებლის განწყობილებაზე და ა.შ. გესაუბრებით
ზოგიერთი პუბლიკაციის გარშემო.

რუსეთის პრესაში არაერთი ვერსია გამოითქვა “ლოკომოტივის” სტადიონზე ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით. 14 ოქტომბრის გაზეთი “უტრო,” იშველიებს რა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების განცხადებას, რომ მატჩის ჩაშლა, შესაძლოა, უცნობ ბოროტმოქმედთა საბოტაჟმა გამოიწვია, მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

პირველი ვერსიით, დივერსია მოაწყო საქართველოს ოპოზიციამ შევარდნაძის დისკრედიტაციის მიზნით. – გაზეთის თქმით, მატჩამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე იგი აცხადებდა, რომ “პრობლემური მატჩი” წესრიგის სრული დაცვითა და უნაკლოდ იქნებოდა ორგანიზებული. “უტროს” აზრით, შუქის გათიშვის ინციდენტმა შევარდნაძის უსუსურობა დაადასტურა, ხოლო მატჩის გაგრძელების შეუძლებლობამ შევარდნაძის მიმართ თბილისელთა გულისწყრომა გამოიწვია.

მეორე ვერსიით, საბოტაჟის მიზანი ისევ შევარდნაძის დისკრედიტაციაა, ანუ მას არ ძალუძს, რაიმე გავლენა იქონიოს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ შემსრულებლები –რუსეთის სპეცსამსახურებია.

მესამე ვერსიით კი, კაბელი დააზიანა რომელიმე ადგილობრივმა მოქალაქემ, რომელმაც საქართველოს ნაკრების წარმატების იმედი დაკარგა, ამიტომაც ამჯობინა, ასეთი მატჩისთვის არ ეყურებინა.

რაც შეეხება მატჩის გადათამაშებას. “უტროს” კიდევ ერთ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის განმეორებითი მატჩი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამა წლის ნოემბერში ან მომავალი წლის მარტში გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა.
გადაწყდა, რომ განმეორებითი შეხვედრა ჩატარდება თბილისში და არა ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ამას მატჩის გადატანისთანავე ვარაუდობდნენ. ამ შეხვედრის ხარჯები საქართველოს მხარემ უნდა იტვირთოს”.

14 ოქტომბრის ინტერნეტგაზეთი “იზვესტია” წერს, რომ 12 ოქტომბერს თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს უშიშროების სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საბოტაჟის მუხლით. გაზეთი შენიშნავს, რომ “ლოკომოტივის” სტადიონზე ელექტროენერგია სამი ალტერნატიული წყაროს საშუალებით ერთიან ტრანსფორმატორს მიეწოდება. წინასწარი მონაცემებით, შაბათს, მატჩის დროს, სტადიონის ენერგოსტრუქტურაში მწყობრიდან გამოვიდა თურქული წარმოების სტაბილიზატორი”.

“იზვესტიას” ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მატჩის ჩაშლის მიზეზი, მართლაც, ტექნიკური უწესრიგობა იყო, ამიტომ მომხდარის დაკავშირება რუსეთ-საქართველოს დღევანდელ გართულებულ ურთიერთობებთან არ ღირს. ამასთან ერთად, როგორც გაზეთი წერს, “შაბათის ინციდენტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ არცთუ მარტივ სიტუაციაზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკა და, კერძოდ, ენერგეტიკა იმყოფება”.

14 ოქტომბრის “ენ-ტე-ვეს” საიტის ცნობით, რუსეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში საფეხბურთო მატჩის ჩაშლა დაგეგმილი აქციის შედეგად მოხდა. რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში ელჩმა ივარაუდა, რომ “ზოგიერთ ელემენტს შეიძლება დიდი დაინტერესება გამოეჩინა ტრანსფორმატორის მიმართ”. მისი თქმით, “თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ის ელემენტებია, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის წინააღმდეგ გამოდიან”.

ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რუსეთის ჰიმნის შესრულებისას სტადიონი აგუგუნდა და სტვენაც გაისმა, თუმცა, მისი განმარტებით, “ასეთი რეაქცია უფრო მეტად იმ სექტორიდან მოდიოდა, სადაც, ძირითადად, თინეიჯერები ისხდნენ”.

აბაშიძის აზრით, ამგვარი განწყობილებები გამოწვეულია ნეგატიური ინფორმაციის დიდი მოცულობით, რაც რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობას უკავშირდება. ელჩის თქმით, “როდესაც კეთდება მძაფრი და მოუფიქრებელი განცხადებები, ეს ძალიან სერიოზულ კვალს ტოვებს ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა”.
XS
SM
MD
LG