Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რეალური საბრძოლო პოტენციალი


კოდორის შარშანდელი მოვლენების შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა.

რუსეთის სამხედრო ძალების ხიშტებზე დამყარებული სტატუს-კვო, რასაც დიპლომატიის ენაზე "არც ომის და არც მშვიდობის მდგომარეობა"ეწოდება, იმდენად მყიფეა, რომ იგი ნებისმიერ დროს შეიძლება ახალი ესკალაციით შეიცვალოს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის კვლავ ხელმოუწერელია შეთანხმება სამხედრო მოქმედებათა განუახლებლობის შესახებ. ასეთი საფრთხის არსებობას ანგარიშს უწვენ როგორც თბილისში, ისე სოხუმში, რომლის საბრძოლო პოტენციალი ყველა პარამეტრით ჩამორჩება მისი მთავარი მოწინააღმდეგისას.


საქართველოსგან განსხვავებით, რომლის შეიარაღებული ძალების შესახებ ყოველგვარი სახის ინფორმაცია ხელმისაწვდომია, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საბრძოლო პოტენციალის შესახებ განსხვავებული მონაცემები არსებობს. თუმცა ისინი აშკარად მეტყველებენ იმაზე, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, რუსეთის სამხედრო წრეების დახმარებით, მნიშვნელოვან რეგულარულ სამხედრო ძალას მოუყარა თავი.

აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში 4000-მდე სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. პირადი შემადგენლობის უმრავლესობა კი გადანაწილებულია სახმელეთო ჯარებში, რომელიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია და 5 მოტომსროლელი, ერთი სწრაფი რეაგირებისა და ორი სადაზვერვო-ოპერატიული ბატალიონისაგან შედგება. სახმელეთო ნაწილების ძირითად შეიარაღებას 40 ერთეული მძიმე საბრძოლო ტექნიკა, T-55, T-54 და T-60 ტიპის ტანკები შეადგენს. მათ მხარს უმაგრებს დაახლოებით 80 ერთეულამდე ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა, აფხაზთა საჯარისო ფორმირებების საარტილერიო მხარდაჭერას კი 100 ერთეულამდე საარტილერიო დანადგარი და რამდენიმე ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი BM-21 უზრუნველყოფს.

სეპარატისტთა საბრძოლო პოტენციალის სიას განაგრძობს სამხედრო -საჰაერო ძალები, სადაც სულ 300 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. სამხედრო ავიაციის ბაზა საკმაოდ მწირია და იგი ერთი მოიერიშე Sy-25, ორი მი-8 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენისა და რამდენიმე სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავისაგან შედგება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზური ავიაციის განკარგულებაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ გამოჩნდა მიგ-21 ტიპის გამანადგურებელი, რისი მსგავსიც საქართველოს დღემდე არ ჰყავს შეიარაღებაში. თუ ამ ერთადერთ უპირატესობას არ მივიღებთ მხედველობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველა პარამეტრით ბევრად უკეთესად გამოიყურება. იგივე ითქმის სამხედრო-საზღვაო და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალებზეც. თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: ზუსტად შარშან, როცა რუსეთს გუდაუთიდან თავისი 50-ე ბაზა გაჰყავდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზებმა მნიშვნელოვანი შეიარაღება, მათ შორის, მობილური BYK-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი და რამდენიმე მედესანტეთა საბრძოლო მანქანა მიიტაცეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გამოთქვა სიტყვიერი პროტესტი რუსი სამხედროების ასეთ უკანონო ქმედებაზე, მაგრამ ამ შეიარაღების კვალი ვერავინ აღმოაჩინა.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ზემოხსენებული საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი ან მოძველებულია, ანდა ტექნიკურად გაუმართავი. გავიხსენოთ, თუ როგორ დაიკარგა ივნისის თვეში ვაზიანის ბაზიდან დიდი რაოდენობით ტანკის ტყვიამფრქვევები და რადიოსადგურები. საბრძოლო მზადყოფნის თვალასაზრისით, ორივე მხარეს პრობლემები აქვს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და საბრძოლო მასალების მხრივაც. აფხაზთა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვლადიმერ არშბამ შარშან ისიც კი განაცხადა, რომ კოდორის მოვლენების დროს მათ პირველად მოახერხეს რეზერვისტების მობილიზება და ყველა საბრძოლო ტექნიკის მწყობრში ჩაყენება. მაგრამ ასეთი განცხადებები უფრო პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. ისევე როგორც, ზოგიერთი ქართველი მაღალჩინოსნის პრევენციული განცხადებები კოდორის ხეობის შესაძლო ოკუპაციის შესახებ.

სინამდვილეში კი, ძალთა თანაფარდობა საქართველოსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ისეთივეა, როგორც 1992-93 წლებში იყო. ამიტომ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, რისი მოსურნეებიც ენგურის ორივე მხარეზე მრავლად არიან, გამარჯვებას კვლავ ის მხარე მოიპოვებს, ვისაც რუსეთის მხარდაჭერა ექნება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG