Accessibility links

logo-print

ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი საქართველოში


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას თქმით, მალე უნდა დაიწყოს დისკუსია იმ თემაზე, თუ როგორ გაიზარდოს საზოგადოების მონაწილეობა მართლმსაჯულების

განხორციელების პროცესში. ანგლო-საქსური სამართლის ქვეყნებში მიჩნეულია, რომ ამის ყველაზე ეფექტური და პირდაპირი გზა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოა, როდესაც შემთხვევით შერჩეული მოქალაქეები პირდაპირ მონაწილეობენ მარლმსაჯულების პროცესში და გადამწყვეტი სიტყვაც მათ ეკუთვნით. შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრის ლორდ ჯონ მაკლასკის აზრით, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა კონტინენტური სამართლის ქვეყნებშიც დაამტკიცა, რის ნიმუშადაც თუნდაც შოტლანდია და ესპანეთი გამოდგება.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც, თუმცა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს საზოგადოების მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში. ეს აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ გაიზარდოს მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. ამის შესახებ ლაპარაკობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურიაც, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მომხრედ ძნელად თუ ჩაითვლება: [ლადო ჭანტურიას ხმა] “ისე, მთლიანობაში, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ევროპის საბჭოს ექსპერტებთანაც, რომ რაღაცა ფორმით საზოგადოების მონაწილეობაზე მართლმსაჯულების განხოცრიელების პროცესში უნდა ვიფიქროთ. მე მქონდა შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, თუ მომავალი თვიდან ჩვენ დისკუსიებს დავიწყებდით ამ საკითხთან დაკავშირებით – მოვიწვევდით უცხოელ ექსპერტებსაც, ქართველებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, საზოგადოებრივ აზრსაც შევისწავლიდით. ასე რომ, ამ საკითხზე მსჯელობა, ალბათ, სასურველია, თუმცა შესაძლოა ისიც, რომ ძნელი იყოს ინგლისურ-ამერიკული ნაფიც მსაჯულთა სისტემის მექანიკური გადმოტანა საქართველოში, მაგრამ რაღაცა ფორმით საზოგადოების მონაწილეობა რომ უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების განხორციელებაში, ამ იდეას მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და მხარს ვუჭერ. ოღონდ, თუ ეს მონაწილეობა იქნება ეფექტური და თუ იმ მიზანს მივაღწევთ, რასაც ჰქვია ნდობის გაზრდა და ნდობის ამაღლება სასამართლოების მიმართ. ასე რომ, ამ საკითხზე ჩვენ მსჯელობა მომავალში უეჭველად მოგვიწევს.” [სტილი დაცულია]

პარლამენტის წევრი, იურისტი ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა შემოღება განსაკუთრებით იმ ქვეყნებს სჭირდებათ, რომლებიც ამჟამად იწყებენ დემოკრატიის მშენებლობას: [ზურაბ ადეიშვილის ხმა] “მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხალხის გაუცხოებაზე ხელისუფლებისადმი და ნიჰილიზმზე, ასეთ დროს ძალიან კარგია, თუ ხალხი თვითონ მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელებაში. ხალხის მონაწილეობა მნიშვნელოვნად ამცირებს ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებულ დაპირისპირებას. მეორე მხრივ, ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს არის ძალიან კარგი სკოლა იმ ხალხისთვის, ვინც იქნება ნაფიცი მსაჯულები.” [სტილი დაცულია]

ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ინსტიტუტი უფრო მეტად ანგლო-საქსური სამართლის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი და არ არის ტრადიციული კონტინენტური სამართლის ქვეყნებისთვის, რომელთაც საქართველოც მიეკუთვნება. თუმცა შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრის ლორდ ჯონ მაკლანსკის თქმით, შოტლანდიისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის გამოცდილება ამტკიცებს, რომ ეს სისტემა კონტინეტური სამართლის ქვეყნებშიც ეფექტურად მუშაობს. გაერთიანებულ სამეფოსთან შეერთების შემდეგ შოტლანდიამ შეინარჩუნა ქვეყანაში იმ დროისთვის მოქმედი კონტიტენტური სამართლის სისტემა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებისთვის.

“საქართველოში წამოსვლის წინ მე შევხვდი შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, – განაცხადა ლორდმა მაკლასკიმ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ლექციაზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობას მიუძღვნა. – მან შემახსენა, რომ საქართველოში კონტინენტური სამართლის სისტემა მოქმედებს, თანაც, ამ ქვეყანას საერთოდ არა აქვს ნაფიცი მსაჯულების გამოცდილება. “იმუშავებს თუ არა ეს სისტემა საქართველოში?” – შემეკითხა თავმჯდომარე. მე ვფიქრობ, რომ თუ ამ სისტემამ შოტლანდიაში გაამართლა, ის საქართველოშიც გაამართლებს”.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საწინააღმდეგო ერთ-ერთი არგუმენტი ნაფიც მსაჯულთა კვალიფიკაციაა. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ბატონ მაკლასკის დაუსვეს, სწორედ ნაფიცი მსაჯულების კვალიფიკაციას შეეხებოდა: “მოსამართლე, სანამ თანამდებობაზე დაინიშნება, იღებს იურიდიულ განათლებას, აგროვებს მუშაობის გარკვეულ სტაჟს და აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდებს. როგორ შეიძლება ვენდოთ ნაფიც მსაჯულს, რომელსაც არა აქვს იურიდიული განათლება, თუ ის წინასწარ რაიმე მომზადებას არ გადის?”

ლორდ მაკლასკის თქმით, მსაჯულები წინასწარ არავითარ მომზადებას არ გადიან, რაც ძალიან მარტივი არგუმენტით აიხსნება: “ნაფიცი მსჯულები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს განიხილავენ და არა იურიდიულ ასპექტებს. თუკი მათ შეუძლიათ დაიცვან ქვეყანა, მოუარონ შვილებს და გადაწყვიტონ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემები, მაშინ მათ ასევე უნდა შეეძლოთ გადაწყვიტონ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი საკითხები. რა საჭიროა იურიდიული განათლება იმის დასადგენად, რომ პირმა გადაწყვიტოს, იტყუება თუ არა მოწმე, ფალსიფიცირებულია თუ არა მტკიცებულება და ნაწამებია თუ არა ბრალდებული?”

მაკლასკის თქმით, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ერთ-ერთი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ მეტი რწმენა მართლმსაჯულების მიმართ. ამასთან, ეს ინსტიტუტი კარგი საშუალებაა ხალხის სამართლებრივი განათლების ამაღლებისთვის, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც ნაფიც მსაჯულად უწევთ ყოფნა, გაცილებით მეტს იგებენ კანონების შესახებ, ვიდრე მანამდე იცოდნენ.

საქართველოში დღეს მოქმედი სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ხარვეზი ისიც არის, რომ კორუფციული ურთიერთობების გამო ხშირად ვერ ხერხდება იმ პირების დასჯა, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულნი. ზურაბ ადეიშვილის აზრით, საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულების ჩართვა დამნაშავეთა მიერ თავის დახსნას ბევრად გაართულებს: [ზურაბ ადეიშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ამ დროს უფრო მეტად არის გადახრა არა იმ მიმართულებით, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს, არამედ, პირიქით, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება უფრო მკაცრია ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივი მოსამართლის. განსაკუთრებით აქ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა და მძიმე სქმეები.”
-
“ჩვენთან, ალბათ, კორუფციაზე იქნება ყველაზე მძიმე განაჩენები გამოტანილი ნაფიცი მსაჯულების მიერ…”
-
“მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლოში აუცილებლად უნდა მოხვდეს ისეთ საქმეები, რომლებიც კორუფციასთან არის დაკავშირებული, რომ აუცილებლად უნდა იყოს კორუფციული დანაშაულები საბოლოოდ დასჯილი, ეს შეუძლებელი იქნება, თუ ამ ტიპის საქმეებზე არ შემოვიღებთ ნაფიც მსაჯულებს. როდესაც ჩვენ შემოვედით ინიციატივით უკანონო ქონების ხალხისთვის დაბრუნების შესახებ, ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ ის იყო, რომ ნაფიც მსაჯულებს უნდა გადაეწყვიტათ ეს საქმეები, იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულებზე უკეთესი მსაჯული და ხალხზე უკეთესი მსაჯული კორუფციასთან დაკავშირებით არავინ არ არის. დარწმუნებლი ვარ, რომ ხალხი იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე მართლმსაჯულების წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია კორუფციული სისტემის შეკვრა, თუ მასში მართლმსაჯულებაც არ მონაწილეობს.” [სტილი დაცულია]

რასაკვირველია, არსებობს საფრთხე, რომ კორუფციულ გარიგებებში ნაფიც მსაჯულებსაც ჩაითრევენ, ან, თუ საქართველოს სინამდვილეს გავითვალისწინებთ, 12 მსაჯულს შორის ადვილად მოინახება ისეთი ნაცნობი, რომელთან საქმის “ჩაწყობა” მოხერხდება. ამის გათვალისწინებით, ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა მოხდეს არა კლასიკური მოდელის გადმოტანა, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად 12-ვე მსაჯულის თანხმობაა საჭიროა, არამედ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობას უნდა შეეძლოს. ამასთან, თუკი არსებობს ეჭვი, რომ რომელიმე ნაფიცი მსაჯული რომელიმე მხარის ინტერესებს გამოხატავს, მეორე მხარეს უპირობოდ უნდა შეეძლოს მისი აცილება. თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა შემთხვევაში გაცილებით გაძნელდება კორუფციულ გარიგებაში შესვლა იმ 12 ადამიანთან, რომლებიც შემთხვევით იქნენ ამორჩეული საარჩევნო სიიდან, ვიდრე იმ პირებთან, რომლებიც სასამართლო სისტემის ნაწილს წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG