Accessibility links

თბილისსა და სოხუმს შორის სატელეფონო კავშირი გერმანელებმა აღადგინეს


თბილისიდან სოხუმში დარეკვა ოპერატორის ჩარევის გარეშე ავტომატურად და უპრობლემოდ რომ არის შესაძლებელი, ეს გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის დამსახურებაა.

ქართულ-აფხაზური სატელეფონო ქსელის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 300 ათასი ამერიკული დოლარის ინვესტირებას გულისხმობს, განხორციელების მეორე ფაზაში შედის. დაგეგმილია ლტოლვილთა განსახლების ცენტრებში სატელეფონო კომუნიკაციების აღდგენა.

ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთიდან ლტოლვილთა აზრი, როგორც ჩანს, ძირითადად, სამად იყოფა. ჩემთან მოსაუბრე ადამიანების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სოხუმთან აღდგენილი სატელეფონო კავშირი პირადად მას არაფერში გამოადგება და ამიტომ ამ ფაქტის გამო მაინცდამაინც დიდ სიხარულს ვერ გრძნობს. ოპტიმისტურად განწყობილი მეორე ნაწილი, რომელიც უფრო შორს გახედვას ცდილობს, მიიჩნევს, რომ აღდგენილი ტელეკომუნიკაცია მას და მის ოჯახს, ახლა თუ არა, სამომავლოდ მაინც გამოადგება. ხოლო მესამე ნაწილი ამ ყველაფერს არა სუბიექტურ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და სოხუმში თავისუფლად დარეკვის შესაძლებლობას ერთგვარ გამარჯვებად მიიჩნევს.

სხვათა შორის, პოლიტიკურ ჭრილში, მართლაც, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სოხუმის მასშტაბით
შემავალი და გამავალი საერთაშორისო სატელეფონო ზარები სწორედ თბილისის გავლით ხორციელდება.
ხოლო რაც შეეხება წმინდა საყოფაცხოვრებო მომენტს, აზრთა ამ რთული სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩემთან მოსაუბრე ადამიანები, ცხადია, ერთხმად მიესალმებიან, თუკი გამართულ სატელეფონო კავშირს მათ ვინმე გერმანული პროექტის ფარგლებში მაინც აღირსებს.

გერმანიის ელჩი საქართველოში უვე შრამი იმედოვნებს, რომ ქართულ-აფხაზური სატელეფონო ქსელის რეაბილიტაციის პროექტი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყობს ხელს. იმავე აზრისაა გაეროს განვითარების პროგრამის მესამე (ეკონომიკური) ჯგუფის ხელმძღვანელი ლენსი კლარკი. აქვე მოგახსენებთ, რომ სატელეფონო კომუნიკაციების პროექტს, გერმანიის ფედერალური მთავრობის დავალებით, UNDP–ის ხსენებული ჯგუფი ახორციელებს. პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული უშუალო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ბულგარულმა ფირმამ შეასრულა. რაც შეეხება მეორე ფაზას, მუშა-კომპანიის სახელს კვლავ ტენდერი გამოავლენს, რომელშიც, როგორც გერმანიის საელჩოში აღნიშნავენ, მონაწილეობას არაერთი ქართული კომპანია იღებს. შეკითხვას - ხომ არ შეექმნებათ ქართველ სპეციალისტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად მუშაობის პრობლემა, - ორმხრივი საკოორდინაციო კომისიის მდივანი ზურაბ ლაკერბაია უარყოფითად უპასუხებს. ანუ, მისი თქმით, ამ მხრივ, პრობლემა საერთოდ არ არსებობს და, თუკი ტენდერში გაიმარჯვებენ, ქართველი სპეციალისტები უპრობლემოდ იმუშავებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

პროექტის მეორე ფაზა, მაგისტრალური კაბელის აღდგენის პროცესის დასრულებასთან ერთად, უზრუნველყოფს ცალკეული სატელეფონო ქსელების რეაბილიტაციას. და, თუკი ფინანსები სურვილებს გასწვდება, თბილისი, ზუგდიდი და ზოგიერთი სხვა ქალაქი, სოხუმის მსგავსად, აფხაზეთის სხვა გეოგრაფიულ წერტილებსაც უპრობლემოდ დაუკავშირდება.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი: როგორც ჩემთან მოსაუბრე ერთ-ერთმა ლტოლვილმა ქალბატონმა აღნიშნა, ბედნიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ერთ მშვენიერ დღეს გერმანელების მიერ აღდგენილი სატელეფონო კომუნიკაციების საშუალებით მას სოხუმში, საკუთარ მონატრებულ სახლში დაურეკავენ.
XS
SM
MD
LG