Accessibility links

logo-print

ჩეჩნების ექსტრადირების საკითხი, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის ახალ საბაბად იქცეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარის მიერ დაკავებული 8 ჩეჩენის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე დაკავებულებს

რუსეთს არ გადასცემს. სწორედ ასეთი რეკომენდაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლომ, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევის საჩივრით თავად დაკავებულმა ჩეჩნებმა მიმართეს.

ევროსასამართლოს 15 ოქტომბერს უნდა დაენიშნა გირევის სასაზღვრო პუნქტთან დაკავებული ჩეჩნების საქმის არსებითი განხილვის დაწყების დღე, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით სტრასბურგში არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. სამაგიეროდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ზედმიწევნით შეასრულა ის რეკომენდაციები, რაც ევროსასამართლოდან მიიღო. უპირველეს ყოვლისა, შეაჩერა თბილისში დარჩენილი 8 დაკავებულის ექსტრადიციის პროცესი და, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, გადაგზავნა რუსეთის გენპროკურატურის საგარანტიო წერილები, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჩეჩნებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანდნენ; გადაგზავნა, აგრეთვე, ის დოკუმენტაცია, რაც რუსეთის მხარემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარუდგინა და რაც დაკავებულებს ჩეჩნეთში ჩადენილ დანაშაულში სდებდა ბრალს.
შეიძლება უკვე ითქვას, რომ ჩეჩენი მებრძოლების ექსტრადიციის საკითხმა საერთაშორისო ჟღერადობა შეიძინა და საქართველოს პრეზიდენტს გაუჭირდება კიშინიოვის სამიტზე პრეზიდენტ პუტინისთვის მიცემული დაპირების შესრულება, რომ უახლოეს დღეებში, ყველა პროცედურის დაცვით, საქართველო რუსეთს გადასცემდა დაკავებულ ჩეჩნებს. 14 ოქტომბერს თავის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ვრცელი კომენტარი გაუკეთა იმ ვნებათაღელვას, რაც 5 ჩეჩენი მებრძოლის რუსეთში ექსტრადიციამ გამოიწვია და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხარე დამაჯერებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს დაკავებულების ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება მათ რუსეთს გადასცემს. ამავე დროს, პრეზიდენტმა შენიშნა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა ] “ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს რეკომენდაცია. მაშასადამე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმაც უნდა იმუშაონ ევროპულ ორგანიზაციებთან.”

სხვათა შორის, 11 ოქტომბრის ბრიტანული გაზეთის, “ეკონომისტის,” შენიშვნით, კიშინიოვის შეხვედრაზე გასაოცრად გამოიყურებოდა რუსეთის მიერ პოზიციის მოულოდნელი შერბილება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტ პუტინს დაკავებული ჩეჩნების გადაცემის პირობა მისცა. თუმცა, მეორე მხრივ, გაზეთის შენიშვნით, ეს დაზავება მხოლოდ იმის ნიშნად შეიძლება იყოს აღქმული, რომ რუსეთი უკან დასახევად მზად არის.

შესაბამისად, ევროსასამართლოს ჩარევა ჩეჩენთა ექსტრადიციის საკითხში, შესაძლოა, საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, რომელსაც, ერთი მხრივ, არ სურს რუსეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა, მეორე მხრივ კი, ხელს არ აძლევს ჩეჩნების გაღიზიანება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რომ სამართლიანი და პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი იქნება – ეს უეჭველია.
XS
SM
MD
LG