Accessibility links

ვაშინგტონმა რამდენიმეჯერ გააფრთხილა ჯაკარტა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა გასულ შაბათს, კუნძულ ბალიზე მომხდარ აფეთქებამდე რამდენიმე კვირით ადრე (შეგახსენებთ, რომ იმ აფეთქებას 190-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა) შეერთებულმა შტატებმა რამდენიმეჯერ

გააფრთხილა ინდონეზიის მთავრობა, რომ ”ალ-ყაიდასთან” დაკავშირებულ ჯგუფს თავდასხმების მოწყობა აქვს განზრახული ინდონეზიაში მყოფი ამერიკელი და სხვა დასავლელი მოქალაქეების დახოცვის მიზნით. როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, აშშ-ის ელჩმა ჯაკარტაში, რალფ ბოისმა, უკანასკნელად აფეთქების წინა დღეს გააფრთხილა ინდონეზიის პრეზიდენტი მეგავატი სუკარნოპუტრი და ქმედითი ზომების მისაღებად ბოლო ვადად 24 ოქტომბერი დაუნიშნა.

გაფრთხილებებში კონკრეტულად არ იყო მოხსენიებული, სად და როდის იყო მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმები, მაგრამ საფრთხე რომ რეალური იყო, ამაში ვაშინგტონს ეჭვი აღარ ეპარებოდა მას შემდეგ, რაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა ”ალ ყაიდის” აქტივისტი ომარ ალ-ფარუქი დაკითხეს. ეს უკანასკნელი კუნძულ ჯავაზე, ივნისში დააკავა და ამერიკელებს გადასცა ინდონეზიის პოლიციამ, მაგრამ ომარ ალ-ფარუქი მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში ალაპარაკდა.

მას შემდეგ, რაც ალ-ფარუქმა აღიარა, რომ ინდონეზიაში ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი, შეერთებულმა შტატებმა, 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, თავისი საელჩოები დახურა ინდონეზიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

რაკი აფეთქებების მოწყობა კუნძულ ბალიზე, რამდენიმე თვით ადრე იქნა დაგეგმილი, ალ-ფარუქმა გამოძიებას სარწმუნო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

ვიდრე ბალიზე აფეთქება მოხდებოდა, ინდონეზიის ოფიციალური პირები მოითხოვდნენ კონკრეტულ სამხილს, რომ ქვეყანაში მოქმედებს ”ალ ყაიდასთან” დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც თავდასხმების მოწყობა აქვს დაგეგმილი. ხოლო შაბათს მომხდარი აფეთქების შემდეგ ინდონეზიის მთავრობის წევრებმა პირველად აღიარეს, რომ ქვეყანაში ”ალ-ყაიდის” უჯრედები მოქმედებენ, თუმცა, პრეზიდენტ მეგავატი სუკარნოპუტრის ამაზე არაფერი უთქვამს.

კუნძულ ბალიზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ჯაკარტაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათს ოჯახებს ნაბრძანები აქვთ, 18 ოქტომბრისათვის დატოვონ ინდონეზია. საელჩოს 350-კაციანი პერსონალიდან ჯაკარტაში მხოლოდ ასამდე დიპლომატი დარჩება. სამშობლოში მიმავალ კოლეგებს ელჩმა რალფ ბოისმა უთხრა, რომ ჯაკარტაში მათი დაბრუნება იმაზე იქნება დამოკიდებული, რაოდენ ქმედით ზომებს მიიღებს ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეთა უშიშროების უზრუნველსაყოფად.

ამასობაში, ოფიციალური პირები ვაშინგტონში შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბალიზე მომხდარი ტერაქტის შემდეგაც კი ინდონეზიის პრეზიდენტი მზად არ არის, ალაგმოს ქვეყანაში ისლამისტ ექსტრემისტთა თარეში. მეგავატის არ სურს დაპირისპირება თავის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰამზა ჰაზთან და სხვა გავლენიან პირებთან, რომლებიც ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს. ერთ-ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ ”ლასქარ ჯიჰადმა” ოთხშაბათს თვითდაშლის შესახებ გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დაჯგუფებამ დაასრულა თავისი მისია მალუკუს პროვინციაში, სადაც ”ლასქარ ჯიჰადის” მებრძოლები ადგილობრივ ქრისტიანებზე აწყობდნენ თავდასხმებს.

”ლასქარ ჯიჰადის” ლიდერი ჯაფარ უმარ თალიბი ამა წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს მალუკუს პროვინციაში ძალადობის პროვოცირების ბრალდებით და დაწყებულია მისი სასამართლო პროცესი. დასავლეთის სადაზვერვო უწყებები ცდილობენ გაარკვიონ,”ლასქარ ჯიჰადი” ინდონეზიაში”ალ ყაიდის” მითითებით ხომ არ მოქმედებდა.

შეერთებული შტატების აზრით, ინდონეზიის ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა დაშალოს ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფება ”ჯამაა ისლამიია”, ანუ ისლამური სათვისტომო, და დააპატიმროს მისი ლიდერი აბუ ბაქარ ბაშირი.

”ჯამაა ისლამიიას” მიზანი ისლამური რეჟიმის დამყარებაა ინდონეზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სხვა ნაწილებში. დასავლეთისა და აზიის სადაზვერვო უწყებათა ინფორმაციით, ამ რამდენიმე წლის წინათ, ”ჯამაა ისლამიიამ” კავშირი დაამყარა ”ალ ყაიდასთან”. როგორც ომარ ალ-ფარუქმა აცნობა გამოძიებას, ”ჯამაა ისლამიიას” ლიდერმა, 64 წლის აბუ ბაქარ ბაშირმა, რომელიც ისლამური სკოლა-ინტერნატის დირექტორია კუნძულ ჯავაზე, რამდენიმე ტერორისტული აქტის მოსაწყობად, მათ შორის ინდონეზიასა და მალაიზიაში აშშ-ის საელჩოების ასაფეთქებლად, ფულით, ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ტრანსპორტით მოამარაგა ისლამისტი ექსტრემისტები.
XS
SM
MD
LG