Accessibility links

logo-print

ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთს ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს საქართველოს მიერ დაკავებული 8 ჩეჩენი მებრძოლის გადაცემას. 15 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის გენერალური

პროკურორის მოადგილემ სერგეი ფრიდინსკიმ პოლიტიკური შანტაჟი უწოდა დაკავებული ჩეჩნების ადვოკატების მიერ ევროსასამართლოსთვის მიმართვის ფაქტს და გაუგებარი უწოდა პოზიციას საქართველოს გენერალური პროკურატურისას, რომელიც დღემდე აჭიანურებს ექსტრადიციას.

საქართველოს პროკურატურის პოზიციაზე საუბრისას რუსეთის გენერალური პროკურატურა შენიშნავს, რომ ქართულმა მხარემ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია ორი დაკავებული ჩეჩენის ვინაობის დამდგენი დოკუმენტაცია, რის გამოც რვავე დაკავებულის გადაცემა შეაჩერა. რუსეთის პროკურატურა კი მოითხოვს, გადაეცეს ის 6 ჩეჩენი, ვისი ვინაობაც უკვე დადგენილია, დარჩენილი 2 დაკავებული კი მას შემდეგ გადაეცეს რუსეთს, რაც წარმოდგენილი იქნება აუცილებელი დოკუმენტაცია.
16 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქართული მხარე არ გეგმავს დაკავებულების რუსეთისთვის გადაცემას. მისივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროსასამართლოს გადაუგზავნა არა მხოლოდ 13 დაკავებული ჩეჩენის საქმე, არამედ რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მიღებული საგარანტიო წერილებიც, რომ გადაცემულ 5 ჩეჩენზე გავრცელდება რუსეთის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.
რუსეთის მხარე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერთ-ერთი გადაცემული არაჰუმანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა 16 ოქტომბერს იჩქერიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ალიანს ახმადოვის განცხადებაში ნათქვამია, რომ წამების შედეგად გარდაცვლილი ჰუსეინ აზიევის სიკვდილში მორალურად საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე. იგი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეაფასოს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ჩეჩენი მებრძოლების გადაცემის ფაქტი და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს დაკავებული ჩეჩნების ბედის მიმართ.
სხვათა შორის, პანკისის ხეობის თემის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა კვლავ გააღვივა მინავლებული ინტერესი ჩეჩნეთის კონფლიქტის მიმართ. 16 ოქტომბრის “ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნებულ წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი წერს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს. “ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალთა მიერ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ მცდელობებს, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ პრობლემის მოგვარების საფუძველი მხოლოდ პოლიტიკური დიალოგია, “ – წერს პაუელი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას შეახსენებს, რომ სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას აუცილებელია ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და რომ, რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის მიუხედავად, ამ საკითხში ამერიკის პოზიცია ურყევი იქნება.
როგორც ჩანს, ჩეჩნურ მხარესთან დიალოგის დაწყების აუცილებლობას უკვე მოსკოვშიც ხედავენ. 16 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აბდულ-ჰაკიმ სულტიგოვი შეხვდა 1997 წელს არჩეული ჩეჩნეთის პარლამენტის წევრებს, ვისაც ჩეჩნეთში მასხადოვის დეპუტატებს უწოდებენ. გადაწყდა შეიქმნას მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება წინადადებების მომზადება კონფლიქტის მოგვარების დასაჩქარებლად. პირველ ეტაპზე მომზადდება სამოქალაქო თანხმობის პროექტი. რუსეთის ექსპერტების ფრთხილი პროგნოზით, ახლა მთავარია, ჩეჩნეთში საომარი მოქმდებების ესკალაციამ ნულზე არ დაიყვანოს ის მყიფე საფუძველი, რომელიც, შესაძლოა, ჩეჩნეთში სამშვიდობო პროცესის დასაწყისად იქცეს.
XS
SM
MD
LG