Accessibility links

logo-print

ვალების რესტრუქტურიზაციასთან ერთად მთავრობა ალტერნატიულ ვარიანტზე ალაპარაკდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დეკემბრიდან, ”პარიზის კლუბის” ეგიდით, საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები ელის.

ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო საუბარი ე.წ. ნეაპოლური ვარიანტის შესახებ, რომელიც, ქვეყნის ბანკროტად გამოცხადების საფასურად, ვალების ჩამოწერას გულისხმობს. რას უქადის მოვლენების ამგვარი განვითარება ქვეყანას და რა სტადიაშია საგარეო კრედიტორებთან ურთიერთობა?

საქართველოს საგარეო ვალებთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ გაურკვეველია. არადა, 2003 წელი კრედიტების გასტუმრებისათვის მეტისმეტად რთული პერიოდი იქნება. 13 კრედიტორ ქვეყანასთან ფინანსთა სამინისტრომ ერთი თვის წინ უკვე დაგზავნა წერილები ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ, თუმცა აღნიშნულ თემაზე გარკვეული პასუხი დღემდე არ ჩანს. ამასობაში, მირიან გოგიაშვილი უკვე საუბრობს რესტუქტურიზაციის ალტერნატიულ ვარიანტზე, რაც ვალების ჩამოწერას გულისხმობს. ე.წ. ნეაპოლურ ვარიანტზე საუბარი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გამართულ სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე სერიოზულად ალაპარაკდნენ დიდი დავალიანების მქონე ქვეყნების ბანკროტად გამოცხადებისა და მათთვის ვალების ჩამოწერის შესახებ.

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ყოველწლიურად ატარებენ გამოკვლევებს, რის საფუძველზეც ქვეყნებს მთლიან შიდა პროდუქტში საგარეო ვალდებულებების მიხედვით განალაგებენ. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს არც ისე უიმედოდ აქვს საქმე, თუმცა ჩვენთვის ვალის ის მოცულობაც საკმაოდ პრობლემატურია, რაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წლებში გვაქვს დაგროვილი.

ამჟამად საქართველოს საგარეო ვალდებულებები მილიარდ 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 2001 წელს მაშინდელ ფინანსთა მინისტრს დიდ წარმატებად ჩაეთვალა”პარიზის კლუბის” ფარგლებში რის ვაივაგლახით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების არცთუ პასიური პოზიციის წყალობით მიღწეული შეთანხმება ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხში პოზიტიური შედეგის მიღწევა რუსეთთან კომპრომისზე წასვლითა და ე.წ. ”ნულოვან ვარიანტზე” დათანხმების შედეგად მოხერხდა. ვალები მაშინ გადაგვივადეს ფორმულით 2+1. ორწლიანი შეღავათიანი პერიოდი, მართლაც, სერიოზული შვება იყო, თუმცა 2003 წელს, როცა საქართველოს კრედიტთა დიდი ნაწილის ძირითადი თანხების გადახდის დრო დაუდგება, ბიუჯეტს ამ ვალების მომსახურების საშუალება ნამდვილად არ ექნება.

ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალების დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტო ძირითადი ვალების მოცულობა, რომლის გადახდაც საქართველოს 2003 წელს მოუწევს, 140 მილიონამდე აშშ დოლარია. წელს კი საგარეო ვალების მომსახურებისათვის 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დაახლოებით 170 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ სიტუაციაში ”ნეაპოლური ვარიანტი”, ანუ ვალების ჩამოწერა, ერთი შეხედვით, ოპტიმალური გამოსავალი უნდა იყოს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია თავად კრედიტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიცია. ფინანსთა მინისტრის საუბარი ჯერ მხოლოდ სურვილის დონეზეა და გაურკვეველია, დათანხმდებიან თუ არა ამაზე ”პარიზის კლუბში”. ამასთან, ვალების ჩამოწერის საფასური ქვეყნის დეფოლტი, ანუ ბანკროტად, გადახდისუუნაროდ გამოცხადებაა, ეს კი ისედაც იმიჯშერყეული სახელმწიფოსათვის არცთუ საუკეთესო გამოსავალია. ვალების ჩამოწერა ბიუჯეტის მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ბანკროტ ქვეყანასთან ძნელად თუ ვინმე დაიჭერს საქმეს და ისედაც მცირე ინვესტიციებიც სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ამ სიტუაციაში, თუ ”ნეაპოლური ვარიანტის” რეალურობა გამოიკვეთება, ხელისუფლებას სერიოზული აწონ-დაწონა მოუხდება საკითხისა, მიიღოს ეს წინადადება თუ არა.
XS
SM
MD
LG