Accessibility links

ჯერჯერობით ამერიკელებს უმრავლესობა მხარს უჭერს ერაყის წინააღმდეგ ომს


ელენე ლორთქიფანიძე ამერიკელთა უმრავლესობა ჯერჯერობით მხარს უჭერს ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომს ამერიკელების უმრავლესობა ჯერჯერობით მხარს უჭერს ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომს.

გამოკითხვების თანახმად, მათი 60-70 პროცენტი თანახმაა ძალის გამოყენებაზე ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად. თუმცა, გასულ კვირაში ლიბერალურად განწყობილ სან-ფრანცისკოში გაიმართა მცირემასშტაბიანი დემონსტრაციები კონგრესის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც პრეზიდენტ ბუშს ომის დასაწყებად მწვანე შუქი მისცა.

როგორც ამერიკელები ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება. და პასუხი შეკითხვაზე უჭერთ თუ არა მხარს ერაყის წინააღმდეგ ომს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ისმება ეს შეკითხვა.

როგორ პოზიციას დაიკავებთ, თუ საჭირო შეიქნა დიდი რაოდენობით სახმელეთო ჯარების გაგზავნა ერაყში? რას იტყვით, თუ დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხვი ასობით და ათასობით იქნება? დაუჭერთ თუ არა მხარს ომს, თუ მასში თქვენი შვილი მიიღებს მონაწილეობას?

ამ შეკითხვების შემდეგ ომის მომხრეთა რიცხვი 30 პროცენტამდე მცირდება. ფაქტობრივად, თითქმის ყველა გამოკითხვაში უმრავლესობა უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერას.

ბუშის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოიყენებს თუ არა ძალას სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. მაგრამ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა უკვე დაიწყეს კამპანია ნებისმიერი ომის შესაჩერებლად.

გასულ კვირაში 8 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა სან-ფრანცისკოში გამართულ დემონსტრაციაში. პროტესტები უნივერიტეტებშიც გაიმართა, უმთავრესად კალიფორნიასა და ბოსტონის მიდამოებში.

ორგანიზაცია “გლობალ ექსჩეინჯ”, ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფი, რომელსაც სან-ფრანცისკოში აქვს შტაბ-ბინა, ცდილობს ერაყის ომის წინააღმდეგ ამერიკასა და მსოფლიოში საპროტესტო აქციების ორგანიზებას. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ჯეისონ მარკის თქმით, 24 ოქტომბერს აქციები გაიმართება ნიუ იორკში, გაეროს შენობასთან, ხოლო 26 ოქტომბერს – ვაშინგტონში.

მარკის აზრით, ამერიკელების 50 პროცენტი არ დაუჭერს მხარს ომს, ვინაიდან ეს ომი, ფაქტობრივად, ამერიკის უსაფრთხოებას დაემუქრება.
[მარკის ხმა] “ვფიქრობ, რომ 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოში პოლიტიკოსების წინაშე, განსაკუთრებით, როცა ეს საგაერო პოლიტიკას ეხება, შემდეგი საკითხი დგას: გააძლიერებს ეს პოლიტიკა შეერთებული შტატების უსაფრთხოებას თუ პირიქით, შეასუსტებს მას? და თუ ეს არაფრით განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას, ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო არ არის. ეს ომი კი აშკარად არ განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას. მოხდება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია, ანტიამერიკული გრძნობები გაღვივდება და, საბოლო ჯამში, უსაფრთხოებას ძირი გამოეთხრება”.

მარკის პროგნოზით, ომის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებში ნიუ იორკსა და ვაშინგტონში ათეულათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

შეერთებული შტატების ისტორია მოწმობს, რომ ამერიკელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ან, სულ ცოტა, ტოლერანტულად ეკიდება ომს, სანამ ის წარმატებით მიმდინარეობს.

1861-65 წლის სამოქალაქო ომში, ჩრდილოელების უმრავლესობა არ უჭერდა მხარს ომს მონათმფლობელური სამხრეთის წინააღმდეგ, ვიდრე არ დაინახა ჩრდილოეთის არმიის წარმატება.

ვიეტნამის ომის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა დაიწყო 1960-იანი წლების მიწურულს და 70-იანი წლების დამდეგს, როცა ათობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი შინ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.

1991 წლის სპარსეთის ყურის ომის წინააღმდეგ პროტესტები თითქმის არავის გამოუთქვამს, ვინაიდან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამერიკა ომს უმნიშვნელო დანაკარგით მოიგებდა.

მსგავსი სიტუაცია გამეორდა ავღანეთის ომში. გამარჯვება იყო სწრაფი, დანაკარგი – მცირე.

მაგრამ თუ ერაყის სამხედრო ოპერაციებში წარმატების მიუხედავად, ამერიკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები გაგრძელდა, ომის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სწრაფად მოიკრებს ძალას. ამას წინათ ჯგუფმა, რომელიც თავს “გონიერი პრიორიტეტების მომხრე ბიზნესის ლიდერებს” უწოდებს, გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსში” ერთი განცხადება მოათავსა. მასში ნათქვამია, რომ ერაყზე თავდასხმა ხელს აძლევს ბინ ლადენს, ვინაიდან ეს მუსლიმანებს შორის კიდევ უფრო გააღვივებს ამერიკისადმი სიძულვილს. მოცემულია სურათი ბინ ლადენისა, რომელიც ამბობს: “გთხოვთ, გამახარეთ და თავს დაესხით ერაყსო”.
XS
SM
MD
LG