Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოშოპინგი საქართველოში ჯერ კიდევ პოპულარულია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში ერთ დროს ინდივიდუალური მეწარმეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე, ავტოშოპინგი, ამ ბოლო ხანებში თავის მომხიბვლელობას კარგავს.

ევროპიდან ნახმარი ავტომანქანების იმპორტმა შედარებით იკლო, რასაც პირველ რიგში ეკონომიკური მიზეზები აქვს.

ის პერიოდი, როდესაც უცხოური წარმოების ავტომობილები საქართველოში დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს ქართული ავტობაზარი გაჯერებულია ევროპიდან იმპორტირებული ავტომობილებით.
ავტოშოპინგი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული იყო 5-6 წლის წინ, როდესაც ინდივიდუალურ მეწარმეებს ნახმარი ავტომობილების შესაძენად ევროპისაკენ გზა გაეხსნათ. იმ პერიოდისათვის ამონაგები თანხა თითოეულ იმპორტირებულ მანქანაზე საკმაოდ სოლიდური იყო. შემდეგ საწვავის გაძვირებამ, განბაჟების წესების გამკაცრებამ, მოსახლეობის გადახდისუუნარობამ და ბაზრის გაჯერებამ ეს ტენდენცია საგრძნობლად შეაფერხა.

თბილისში ამჟამად სხვადასხვა ავტოგიგანტების წარმომადგენლობები არსებობს, სადაც მომხმარებელს ნებისმიერი მარკის ახალ ავტომობილს სთავაზობენ, მაგრამ ამგვარი სერვისი მხოლოდ ერთეული შეძლებული მყიდველისთვისაა ხელმისაწვდომი, დანარჩენი მოსახლეობა, ძირითადად, ნახმარი ევროპული და აღმოსავლეთ აზიური ავტომობილებით გადის ფონს.
შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეები, ძირითადად, ნახმარი ავტომობილების იმპორტს ეწევიან. ბოლო დროს შეცვლილი კონიუნქტურისა და სირთულეების მიუხედავად, ავტოტურები ჯერ კიდევ საკმაო შემოსავლის მომტანია და ამ საქმით ასეულობით ქართველია დაკავებული.

ავტოტურები, ძირითადად, გერმანიასა და ჰოლანდიაში ეწყობა. გერმანიის მანქანათმშენებლობის გიგანტებმა, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წყალობით, მოძველებული ავტომობილების უტილიზაციის პრობლემა წარმატებით გადაწყვიტეს. მოგეხსენებათ, ავტომობილების უტილიზება საკმაოდ ძვირი და, ამასთან, ეკოლოგიურად არცთუ სუფთა ”სიამოვნებაა”. შესაბამისად, გერმანელებისათვის გაცილებით მომგებიანია მოძველებული ავტომობილი, რომლის უტილიზაციისათვის აქეთ უნდა გადაეხადა ფული, გაყიდოს.

საქართველოში იმპორტირებული მანქანები, ძირითადად, 7-დან 10-წლამდე სიძველისაა. ამგვარი ავტომობილების ფასი, მარკის, მდგომარეობის, ძრავის მოცულობის მიხედვით, 1500-დან 4000 ევრომდე მერყეობს.

ავტოშოპინგის ”ვეტერანების” თქმით, 5-6 წლის წინ ამგვარი ერთი ავტომობილი 500-დან 1000 აშშ დოლარამდე მოგებას ტოვებდა. დღეს მოგება გაცილებით მცირეა, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც ღირს ამ ბიზნესით დაკავება.

თავად ავტოტურების ღირებულება დამოკიდებულია მარშრუტზე, სერვისსა და ავტოტრეიდერების გამოცდილებაზე. მას, ვისაც ერთი ავტომობილი ჩამოჰყავს და პირველ ნაბიჯებს დგამს ამ ბიზნესში, ავტოტური გერმანიაში, ერთი მიმართულებით, შეიძლება 500 აშშ დოლარი დაუჯდეს. უკანა გზის ღირებულებაც დაახლოებით ამდენი დაჯდება. თუ ამას დაუმატებთ განბაჟებას, რომელიც ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება და დაახლოებით 500-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს, გამოვა, რომ ავტოშოპინგი დამწყებ ბიზნესმენს 1000-1500 აშშ დოლარი დაუჯდება.

არიან გამოცდილი ტრეიდერებიც, რომლებიც მრავალი წელია ამ ბიზნესში არიან და გერმანიისა და ჰოლანდიის ავტობაზარი კარგად აქვთ შესწავლილი.
მათთვის ავტოტური გაცილებით იაფი, ხოლო მოგება შედარებით მეტია.

ქართულ ბაზარზე ფასები ავტომობილის წლოვანების, მარკის, ძრავის მოცულობისა და საწვავის ხარჯის მიხედვით განისაზღვრება. დიდი მოთხოვნაა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე.

ქართველი ავტოტრეიდერები მანქანებს ხშირად გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ესენის ბაზრობაზე იძენდნენ, მაგრამ წელს, ევროპული წყალდიდობების შემდგომ, ჩრდილოეთ გერმანულ მანქანებს მაინცდამაინც არ სწყალობენ. ავტობაზრის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამ ბიზნესში საიმპორტო ტარიფების ცვლილებამდე და მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებამდე ავტოშოპინგს, შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, ჯერ კიდევ აქვს პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG