Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშისა და არიელ შარონის შეხვედრა ვაშინგტონში


ანდრო ეული, პრაღა ათი წლის წინათ, როცა შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილმა მრავალეროვანმა კოალიციამ უკან დაახევინა მეზობელ ქუვეითში შეჭრილ ერაყის ჯარს,

ბაღდადმა ”სკადის” ტიპის 39 რაკეტა ესროლა ისრაელის დასახლებულ პუნქტებს. ანტიერაყული კოალიციის შენარჩუნების მიზნით ისრაელმა მაშინ უპასუხოდ დატოვა ეს აგრესია. დღეს შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს, მასზე თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო დარტყმა მიაყენოს ერაყს. სწორედ ეს საკითხი იყო ყურადღების ცენტრში ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის შეხვედრაზე თეთრ სახლში.

მრავალი მიმომხილველის აზრით, 1991 წელს ისრაელს საპასუხო დარტყმა რომ მიეყენებინა ერაყისთვის, ამას, შესაძლოა, სავალალო შედეგები, და უწინარესად ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მოჰყოლოდა ახლო აღმოსავლეთში, რადგან ისრაელს მთელი არაბული სამყარო დაუპირისპირდებოდა.

დღეს, როცა პრეზიდენტი ბუში ერაყის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე ფიქრობს, უნებლიეთ იბადება შეკითხვა: რას მოიმოქმედებს არიელ შარონი, თუ ახალი ომის დაწყებით განრისხებული ერაყი კვლავ დაუშენს რაკეტებს ისრაელს?

განსხვავებით აწ განსვენებული იცხაკ რაბინისაგან, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო სპარსეთის ყურის ომის დროს, არიელ შარონი აცხადებს, რომ საკადრის პასუხს გასცემს ერაყის მხრიდან ნებისმიერ აგრესიას.

ოთხშაბათს, როცა თეთრ სახლში ჯორჯ ბუშისა და არიელ შარონის მოლაპარაკება გაიმართა, მიმომხილველები მოელოდნენ, რომ ბუში ისრაელის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებდა, თავი შეიკავოს საჯარო განცხადებებისაგან ერაყისათვის სამაგიეროს გადახდის შესახებ. მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა ბევრისათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”თუ ერაყი, ისრაელზე განახორციელებს ხვალ თავდასხმას, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი პასუხს გასცემს ამას. მისი სურვილია, თავი დაიცვას. ვიმედოვნებთ, რომ ერაყი მშვიდობიანად განიარაღდება.”

ჯორჯ ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, და რომ მოუთმენლად ელის, როგორც დამთავრდება ერაყის საკითხის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოში. ვაშინგტონს სურს, რომ უშიშროების საბჭომ მიიღოს ახალი, უფრო მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ერაყს დაავალდებულებს, განუხრელად შეასრულოს გაეროს მიერ ადრე მიღებული ყველა რეზოლუცია, თუ არა და მის წინააღმდეგ სამხედრო ძალა იქნება გამოყენებული.

ოთხშაბათს დილით, როცა ხელი მოაწერა ბაღდადის წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენების თაობაზე კონგრესში მიღებულ რეზოლუციას, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ ერაყს მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღის სრული ლიკვიდაციით შეუძლია მოსალოდნელი ომის თავიდან აცილება. ”ვიმედოვნებ, რომ ეს სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე მოხდებაო” – დასძინა ბუშმა.

ამასობაში, თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა მოუწოდა ისრაელს, ნაწილობრივ მაინც გააუქმოს პალესტინელთა დასახლებულ პუნქტებში დაწესებული კომენდანტის საათი და მოხსნას მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის ბლოკადა. ვაშინგტონი შიშობს, რომ პალესტინელთა მიმართ ისრაელის აგრესიულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება არაბულ სამყაროში და შეერთებულ შტატებს გაუძნელდება ანტიერაყული კოალიციის შექმნა.

კლოვის მაქსუდმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში არაბული ლიგის წარმომადგენელი იყო შეერთებულ შტატებში, ხოლო ამჟამად ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორია, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაბულ სამყაროში ვაშინგტონის მხარდაჭერა თითქმის სრულიად გამორიცხულია, რაც უწინარესად იმით არის გამოწვეული, რომ შეერთებული შტატები ისრაელს უჭერს მხარს, ხოლო ეს უკანასკნელი პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG