Accessibility links

logo-print

ინდონეზიელი ექსტრემისტები კუნძულ ბალიზე ტერაქტის მოწყობაში ვაშინგტონს ადანაშაულებენ


ანდრო ეული, პრაღა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გასულ შაბათს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელმაც 190-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია

ინდონეზიაში მოქმედ ისლამისტთა ექსტრემისტულ დაჯგუფებებსა და ”ალ ყაიდის” ტერორისტულ ქსელს შორის არსებული კავშირებისკენ. თუმცა, ინდონეზიელებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება ვერსია იმის თაობაზე, რომ ბალიზე მომხდარ ტერაქტში შეერთებული შტატების ხელი ურევია.

ვიდრე ეს ტერორისტული აქტი მოხდებოდა, ოფიციალურ ჯაკარტას არ სურდა იმის აღიარება, რომ ინდონეზიაში მოქმედ ისლამისტ ექსტრემისტებსა და ”ალ ყაიდას” შორის კავშირის გამორიცხვა არ შეიძლება. ხოლო მას შემდეგ, რაც კუნძულ ბალიზე საზარელი ტრაგედია მოხდა, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა მათორი აბდულ ჯალილმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ნამდვილად მოქმედებენ ”ალ ყაიდის” უჯრედები.

მაგრამ სხვა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ინდონეზიის პარლამენტის თავმჯდომარემ ემინ რაისმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰამზა ჰაზმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია 12 ოქტომბერს მომხდარ ტერაქტში ”ალ ყაიდის”, ან ინდონეზიაში არსებული რომელიმე რადიკალური დაჯგუფების დადანაშაულება.

ჰამზა ჰაზი აცხადებს, რომ ხსენებული ტერაქტის მოწყობაში, მისი აზრით, უცხო ქვეყნები მონაწილეობდნენ. ხოლო ჰაზის მოადგილეებმა საჯაროდ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებათა აგენტებს არა მარტო უნარი, არამედ საბაბიც ჰქონდათ ამგვარი თავდასხმის მოწყობისა.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში, საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ჯაკარტის განყოფილების დირექტორმა სიდნი ჯონსმა ასეთი კომენტარი გაუკეთა რიგი ინდონეზიელების რეაქციას ბალიზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით: ”იმ ვერსიის თანახმად, რომელიც ინდონეზიაში ფართოდ არის გავრცელებული, კუნძულ ბალიზე აფეთქება შეერთებულმა შტატებმა მოაწყო, რათა იმ ქვეყნების სიმპათია მოიპოვოს, რომლებიც ანტიტერორისტულ ომს გაემიჯნენ და არ ამართლებენ ერაყზე ვაშინგტონის მოსალოდნელ თავდასხმას”.

სიდნი ჯონსის თქმით, მათ შორის, ვინც ბალიზე მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრებს, ისლამისტთა რადიკალური დაჯგუფებების გარდა, მემარჯვენე-ცენტრისტული მუსულმანური პარტიების წარმომადგენლებიც არიან. ვარაუდს გასულ შაბათს მომხდარ აფეთქებებში ვაშინგტონის შესაძლო მონაწილეობაზე ინდონეზიის წამყვანი გაზეთები გამოთქვამენ, ხოლო ტელევიზიასა და რადიოში ამ საკითხზე ”მრგვალი მაგიდები” იმართება.

ამასობაში, ინდონეზიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პარასკევს, ქვეყნის პრეზიდენტი მეგავატი სუკარნოპუტრი ხელს მოაწერს ბრძანებულებას, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საგანგებო ზომების მიღებას ითვალისწინებს. ეს კი სწორედ ის გახლავთ, რასაც პრეზიდენტისგან კარგა ხანია ითხოვს შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG