Accessibility links

logo-print

ნატოს ევროპული ძალების მთავარსარდლის იმპროვიზირებული ვიზიტი საქართველოში


ხუთშაბათ დილით ბაქოდან მოულოდნელად ჩამოფრენილ ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალების მთავარსარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯოზეფ რალსტონს,

სულ რაღაც სამი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ კრწანისის 11 სექტემბრის სახელობის პოლიგონზე "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მიმდინარე სწავლებაც მოენახულებინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესაც შეხვედროდა პირისპირ და არც ჟურნალისტები გაეწბილებინა. ასე რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ნატოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლის ჩამოსვლა დღის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა.

როგორც სამი თვის წინ, ნატოსა და აშშ ევროპული ძალების მთავარსარდლის სამსაათიანი ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოში "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა წარმოადგენდა. ღირს გავიხსენოთ, რომ მრავალგანზომილებიანი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ამერიკის მთავრობამ 64 მილიონი დოლარის ფარგლებში დააფინანსა, 1500 საქართველოს სამხედრო მოსამსახურის ეტაპობრივ გაწვრთნასა და შეიარაღებას ითვალისწინებს. ამჟამად კრწანისის 11 სექტემბრის ტერაქტის სახელობის სამხედრო პოლიგონზე დასასრულს უახლოვდება პირველი, 500 კაციანი, საბრძოლო ქვედანაყოფის მომზადება, რის შემდეგაც - სავარაუდოდ, იანვრიდან - ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მომდევნო ქვედანაყოფის გაწვრთნას შეუდგებიან. გენერალი რალსტონი უშუალოდ გაეცნო წვრთნის მიმდინარეობას და, როგორც წინა ვიზიტის დროს, ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონით ამჯერადაც კმაყოფილი დარჩა.

[გენერალ ჯოზეფ რალსტონის ხმა] "მე ძალზე მოხარული ვარ მიღწეული პროგრესით. ამერიკელი ინსტრუქტორები აღფრთოვანებით მესაუბრებოდნენ ქართველი სამხედროების კვალიფიკაციასა და მონდომებაზე, რომელსაც ისინი წვრთნის პროცესში ამჟღავნებენ. მე ამაში თავადაც დავრწმუნდი, როცა ქართველი სამხედროების საცეცხლე მომზადებას დავესწარი. ეს, მართლაც, შთამბეჭდავი იყო."


გარდა ამისა, გენერალმა რალსტონმა არ გამორიცხა სხვა ქვეყნების მონაწილეობა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში და მისასალმებელი უწოდა თურქეთის მხარის მზადყოფნას შექმნას ანალოგიური პროგრამა ცალკეული ქართული ქვედანაყოფის მოსამზადებლად.

ნატოს ევროპული ძალების მთავარსარდალს კომპლიმენტები არც "პარტნიორობის პროგრამებში" საქართველოს მონაწილეობის შეფასებისას დაუშურებია. მეტიც, ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, გენერალმა რალსტონმა საქართველოს კარგი მომავალი უწინასწარმეტყველა. ბუნებრივია, გენერალ რალსტონს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა იგულისხმა ამაში.

მაგარამ თუ საგნებს თავის სახელს დავარქმევთ, მაშინ "კარგი მომავალი" ნატოს ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს შემთხვევაშიც, უნდა ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად გახდომას. ნატოს ნოემბრის სამიტზე ნათელ მომავალში რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა შეაბაიჯებს. მაგრამ საქართველო არ იქნება მათ შორის - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, როცა საქმე ნატოს კარზე დაკაკუნებაზე მიდგებოდა ხოლმე, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ხელი უკანკალებდა. და იგი, როგორც ჩანს, ამ კომპლექსისგან ბოლომდე ჯერაც არ განთავისუფლებულა.
XS
SM
MD
LG